კორონავირუსმა მსოფლიო, ეკონომიკურ რომანტიზმში გადააგდო. აქვე მინდა ვთქვა ის, რასაც ბოლოში ამბობენ ხოლმე: გადაივლის.
ვირუსის დარტყმამ გლობალური ბაზრის უნიკალური შედეგებიც კი დააყენა ეჭვქვეშ. გულუბრყვილო ავტარქიულობის იდეები გაჩნდა თვით მსოფლიო ლიდერი ქვეყნების ხელმძღვანელების გამონათქვამებში. მეორე-მესამე ეშელონებიც არაფერს აკლებენ ეკონომიკურ თეორიებს ეგზოტიკური აზრებით გამდიდრებაში. ეკონომიკური თეორიების სიღრმეებში რომ არ შევიდეთ, მარტივი, თვალნათელი მაგალითებით მინდა ავხსნა საყოველთაო შიშის ფაქტორით გაჩენილი იდეების არასერიოზულობა.
− დასავლეთი ჩინეთს გაუბრაზდა და ბიზნესის უკან დაბრუნება გადაწყვიტა;
კი მაგრამ, ვინ გადაწყვიტა ეს? მთავრობებმა? როგორ დააძალებენ მთავრობები ამას თავისუფალ მეწარმეებს და როგორ აპირებენ ზარალის კომპენსირებას? სუბსიდირებით? სასაცილოა. ტიტანური მასშტაბებია. ამას ვერავინ შეძლებს.
− საოცრება მომხდარა, დასავლეთის ქვეყნები თურმე საკუთარ ქვეყნებში პირბადეებსაც კი არ კერავდნენ და მსოფლიო პირბადეების წარმოების 80 პროცენტი ჩინეთზე მოდის.
რატომ უნდა აწარმოონ, თუ იქ იაფად და ხარისხიანად აწარმოებენ და შენ დაზოგილი რესურსით სხვა რამის გაკეთება შეგიძლია ნაკლები დანახარჯებით?
− ამერიკაში მოხმარებული ანტიბიოტიკების უმეტესობა ჩინეთში არის დამზადებული. დროზე უნდა მივხედოთ საქმეს.
მერე ვინ გაძალებდა იქ წარმოებას ან რატომ არ მიეცი ფული ფარმაცევტულ კომპანიებს, ადგილზე დარჩენილიყვნენ და ჩინეთში არ გაქცეულიყვნენ, იქ იაფი მუშახელიაო. გააიაფე მერე ამერიკაში. არ გამოვა. ჯერ ერთი, არ აგირჩევენ, მეორეც, ეს შეუძლებელია. რას უნდა ველოდოთ?! ჩინეთში აიფონის ქარხნების დახურვას და ამერიკაში (იქნებ საქართველოში) გადმოტანას? იტალიური მოდის ინდუსტრიის უკან დაბრუნებას? ლუი ვიტონის ჩანთების საფრანგეთში შეკერვას თუ მეტალურგიული და ქიმიური გიგანტების (ე.წ. ჭუჭყიანი წარმოების) უკან შემობრუნებას? ამ უკანასკნელზე იტყვიან არაო, სჯობია სხვისი ბუნება გაანადგუროს, ვიდრე ჩვენიო. გასაგებია. აი, პირბადეების საქმე კი ადვილია, ატრიალე საკერავი მანქანა, ოღონდ ნედლეული ჩინური უნდა იყოს, ბევრად იაფია. პირბადეებს ხომ არ დაასუბსიდირებს ამერიკა, სირცხვილია, ბოლო-ბოლო, საქართველო ხომ არაა.
რადგან საქართველო ვახსენეთ, მოდი, ახლად გაჩენილი ქართული გულუბრყვილო ოპტიმიზმის მაგალითიც მოვიყვანოთ: პოსტკორონავირუსული პერიოდი, თუ ჭკუით მოვიქცევით, დიდ სიკეთეებს მოგვიტანსო. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც 40 წლის განმავლობაში შენდებოდა, რომ დაინგრევა, ანტიგლობალიზმი რომ იზეიმებს და “სამამულო ეკონომიკების“ აღორძინების ხანა დაგვიდგება, მზად უნდა დავხვდეთ, მისი ნამსხვრევები ზუსტად ჩვენ დაგვეცემა თავზეო, ანუ ჩვენი პირბადე და ჩვენი ჩაფხუტი გვჭირდება, რომ ამ ნამსხვრევებმა ტკივილი კი არა, სიხარული მოგვგვაროსო.
კარგი, კორონას საკადრისად გავეცით პასუხი, სამამულო მზადყოფნის რეჟიმზე გადავდივართ, მაგრამ ხვალ რომ გვალვა დაეცეს თავს კანადას, ამერიკას, რუსეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრალიას, უკრაინას – ხორბლის დიდ ექსპორტიორებს – რა ქნას მსოფლიომ? ყველას შეუძლია მარცვლეულის წარმოება, ოღონდ ძვირი უჯდება, მაგრამ რაღაცაზე (კარგზე) უნდა თქვას უარი (ვენახზე, მაგალითად) და ხორბალზე გადაერთოს. ესეც საკადრისი პასუხი გლობალისტებს. ისე, ამ კორონავირუსის დროს კომიკური აჟიოტაჟის მომსწრენიც გავხდით – სრულიად უმიზეზოდ შეიქმნა ცივილიზებულ ქვეყნებში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი. ვინაა დამნაშავე? ჩინეთი, რა თქმა უნდა, ამ საქონლის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში. მაგრამ არც სხვა ქვეყნები არიან ნაკლებად დამნაშავეები: გერმანია, იაპონია, პოლონეთი, იტალია – ასევე ყველაზე დიდი ექსპორტიორები ჩინეთთან ერთად. ლამის ნახევარ მსოფლიოს ამარაგებენ. ისწავლიან ჭკუას სხვები. ის რა ქვეყანაა, ვისაც საკუთარი ტუალეტის ქაღალდი ვერ უწარმოებია. კარგი, პირბადეში შეგეშალა – მეოთხედ საუკუნეში ერთხელ თუ შემოგიტევს პანდემია, მაგრამ ყოველდღიური მოხმარების საქონელზე მოთხოვნა როგორ ვერ უნდა გათვალო ამოდენა მთავრობამ? მარაგები მაინც შეგექმნა, ესეც ძვირად ღირებული სასუნთქი აპარატები ხომ არაა?
− სასუნთქი აპარატების მარაგები ვერ შექმნა საზიზღარმა კაპიტალიზმმაო.
კი მაგრამ, ხვალ რაღაც სხვა რამე რომ მოხდეს დედამიწაზე (ოზონის ხვრელი რომ გაფართოვდეს), სადაა რადიაციისაგან დამცავი სკაფანდრები? მერე რა, რომ მისი მარაგების შექმნა დღეს სხვა ბევრ სიკეთეს დაგვაკლებდა. თადარიგი ხომ დაჭერილი გვექნებოდა, თუნდაც ოზონის ხვრელის სახიფათოდ გადიდების ალბათობა უახლოეს ას წელიწადში მილიონთან ერთი იყოს? ისე, ასი წლის შემდეგ, იქნებ ის სკაფანდრი სულაც არ გახდეს საჭირო და შუბლში ჩამონტაჟებული მიკროჩიპები დაგვიცავენ რადიაციისაგან? ისევ ჩვენს ბედკრულ დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ – თავისუფალ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას ვერავინ შეცვლის.
ის, რაც სხვაგან იაფად იწარმოება, უნდა იყიდო და რაც შენ კარგად გამოგდის, უნდა გაყიდო, ადამ სმიტის მადლმან. ჩვენი მთავრობა იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს. ხელსაყრელი გარემოს შექმნით და ინვესტიციების მოზიდვით კი არა, მისი “მხარდაჭერით“. მთავრობის “დახმარებით” ვირუსიანობის პერიოდში (და მის შემდეგაც) იმპორტჩამნაცვლებელი ეკონომიკის “წახალისება“ უაზრობაა. თუ შაქრის ან ასანთის ქარხანა არ მუშაობდა მშვიდ დროს, რომელი ეკონომიკური კანონით უნდა ამუშავდეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კრიზისშია? მთავრობა წაეხმარება? იქნებ სხვა სფეროს ჯობია, რომ წაეხმაროს? არ ჯობია. უბრალოდ, რიტორიკული კითხვაა.
საქართველოს, როგორც ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას, სჭირდება ექსპორტზე ორიენტირებული, ვალუტის შემომტანი, კონკურენტუნარიანი წარმოება და არა ჩაკეტილი, მხოლოდ შიდა მომხმარებელზე გათვლილი, მთავრობის მიერ სასათბურე, შეღავათიან პირობებში გამოზრდილი ბიზნესი. თუ კონკურენტული იქნება და მთავრობის გარეშეც ჩაანაცვლებს იმპორტს, ამას რა სჯობია (როგორც კვერცხის წარმოებისას მოხდა, როცა, მაღალი საბაჟო ტარიფების პირობებშიც კი, ქვეყანაში რეალიზებული კვერცხის 80 პროცენტი თურქეთიდან იყო შემოტანილი, ახლა კი, ღია საზღვრის პირობებში ასი პროცენტით ქართულია). ეკონომიკური რევიზიონიზმი ჩნდება კრიზისების დროს.
ზემოთ მოყვანილი შეხედულებები ძალიან დააზარალებს იმ ქვეყნებს, ვინც მართლა დაიჯერებს მათ მართებულობას. თუმცა არც ამის მჯერა. ზემოთ ხომ ვთქვი, გადაივლის-მეთქი. კრიზისებმა ახალი ხედვებისა და ენერგიის მიცემაც იცის. თავისუფალი ბაზარი არა მხოლოდ მატერიალურ თუ არამატერიალურ საქონელს აწარმოებს, არამედ იდეებსაც. პრინციპში, იდეებიც საქონელია. კარჩაკეტილობის იდეები ჩაწოლილი საქონელია. არ გაიყიდება ოცდამეერთე საუკუნეში.