ინვესტორებს არამხოლოდ "საქართველოს ბანკის“, არამედ მთლიანად საქართველოს ნდობა აქვთ – გაჩეჩილაძე

ინვესტორებს არამხოლოდ "საქართველოს ბანკის“, არამედ მთლიანად საქართველოს ნდობა აქვთ – გაჩეჩილაძე

ინვესტორებს არამხოლოდ “საქართველოს ბანკის“, არამედ მთლიანად საქართველოს ნდობა აქვთ – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა. მისივე თქმით, ინვესტორები გაკვირვებულები იყვნენ მათი მზაობით შექმნილ ვითარებაში.

“ეს არის გამჭვირვალობა, მომზადება და მზაობა ასეთი შემთხვევებისთვის და ის რომ წინასწარ ამხელა რეზერვების გადადება მოხდა, ის რომ საოპერაციო კუთხით ჩვენ ამდენად ადრე მოვემზადეთ, ეს ძალიან დიდ სიმშვიდეს აძლევს ჩვენს ინვესტორებს, და ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა.

ამ ტიპის მხარდაჭერას ჩვენ ინვესტორებისგან ვგრძნობთ, არამარტო კარგ დროს, არამედ რთულ დროსაც და ნებისმიერ დროს კაპიტალი რომ დაგვჭირდეს, თუმცა, ამის შანსები ძალიან მცირეა, ამ კუთხითაც ეს კარგია, როდესაც ასეთი ტიპის მხარდაჭერა არსებობს, მაშინ როცა კერძო ბანკს გაუჭირდება ასეთი ტიპის მხარდაჭერა. საჯაროდ განთავსებულ ბანკებს ეს აქვთ“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

“საქართველოს ბანკის“ გენდირექტორი ამბობს, რომ მან აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან ორი თვის წინ დაიწყო, – “იმ პერიოდში მე ვმოგზაურობდი, ჩავედი ნიუ-იორკში, ლონდონში, ჩამოვუარე ინვესტორებს, ვუთხარით რომ რაღაცებს ველოდებით, ასე ვაკეთებთ და ასე შემდეგ… ინვესტორებთან შეხვედრის დროს კიდევ უფრო გამიმყარდა მოლოდინები, რომ სწრაფად უნდა მიგვეღო გადაწყვეტილებები და უკვე უნდა მოვმზადებულიყავით.

შემდეგი კონტაქტები იყო უკვე ვიდეო კონფერენციით, საკმაოდ სისტემური სახე აქვს ამას – ნახევარსაათიანი, ერთსაათიანი შეხვედრებია ჩალაგებული და სხვადასხვა საინვესტიციო ბანკი ამის ორგანიზებაში გვეხმარება. ზოგიერთ შეხვედრაზე ერთი ინვესტორი ზის და ზოგიერთზე რამდენიმე“.

გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათი ინვესტორების საკმაოდ დიდი გაკვირვება დადებითი კუთხით გამოიწვია იმ ფაქტმა, საოპერაციო კუთხით რამდენად ადრე მოემზადა ბანკი ამ ვითარებისთვის.

“მე მგონი შედეგი არის ის, რომ დღეს ჩვენი აქციები ჩვენ საბუღალტრო ღირებულებასთან ერთ აქციაზე, ვივაჭრებით 0.9 კოეფიციენტით, ანუ სადღაც 10%–იანი დისკონტი არის. მაშინ როცა ევროპული ბანკები, როგორც წესი არიან ამის მესამედი“, – დასძინა არჩილ გაჩეჩილაძემ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *