თითქმის თვეზე მეტია, რაც მსოფლიომ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ახალი ინსტრუმენტი – ვაქცინა მოიპოვა და ბევრმა ქვეყანამ მოსახლეობის აცრა აქტიურად დაიწყო. საქართველოც ემზადება ვაქცინაციისთვის და საზოგადოებაშიც ბევრი კითხვა დაგროვდა: რომელი ვაქცინა შემოვა და როდის? სანდოა თუ არა ვაქცინა? პირველად ვის აცრიან? სად უნდა ავიცრათ და ა.შ. არ მაქვს პრეტენზია, რომ ამ მოკლე მიმოხილვით ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემ, თუმცა შევეცდები, ძირეულ საკითხებს შევეხო, თუ ეს მკითხველს დააინტერესებს:
რისთვის გვჭირდება ვაქცინა?
ამ კითხვას პასუხი მსოფლიომ დიდი ხანია, გასცა. ვაქცინა ინფექციური დაავადების თავიდან აცილების ერთ- ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია და ამის შესახებ პირველად ჯერ კიდევ 1796 წელს დაიწერა. მას შემდეგ ბევრი ვაქცინა შეიქმნა და ბევრი ბავშვი თუ მოზრდილი აიცრა. სწორედ ვაქცინის დახმარებით 1980 წელს მსოფლიო განთავისუფლდა ისეთი დაავადებისგან, როგორიც “ყვავილი” იყო, რომელიც მე-14 საუკუნიდან მოყოლებული დაავადებულთა 40%-ს კლავდა, ხოლო გადარჩენილებს ასახიჩრებდა.
ვაქცინამ მილიონობით ადამიანი დაიცვა ავადობისა თუ სიკვდილისგან და მილიარდობით დოლარი დაუზოგა ქვეყნებს და მსოფლიოს, თუმცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით სოციალური მედიის დახმარებით, არის მცდელობა, რომ „ანტივაქსერულმა მოძრაობამ” ვაქცინების მნიშვნელობა დააკნინოს. ეს მოძრაობა ზოგჯერ ისეთი მტკიცებულებებით საზრდოობს, როგორიცაა ყოფილი ბრიტანელი ექიმის, ენდრიუ უეიკფილდის ნაშრომები. უეიკფილდს ექიმის კვალიფიკაცია ჩამოერთვა არაკეთილსინდისიერი სამეცნიერო მოღვაწეობის გამო მას მერე, რაც მან აუტიზმსა და ვაქცინაციის კავშირზე მცდარი სამეცნიერო ნაშრომის მომზადებაში გასამრჯელოდ 400,000 გირვანქა სტერლინგზე მეტი მიიღო.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ანტივაქსერული მოძრაობების წახალისებაში გამოიკვეთა რიგი სახელმწიფოების თუ კომპანიების პროპაგანდის კვალიც, რაც სახიფათოა. თუმცა ამ საკითხებზე აქ აღარ შევჩერდები. უბრალოდ ვიტყვი, რომ არსებობს ათასობით სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეყრდნობა ასეულობით მილიონი ადამიანის იმუნიზაციაზე დაკვირვებას ათეულობით წლის განმავლობაში, რითაც ვაქცინების სარგებელია დასაბუთებული. ამიტომ მკითხველი ფრთხილად უნდა იყოს, დეზინფორმაციას არ აჰყვეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა COVID-19-ის წინააღმდეგ ჯერჯერობით ვაქცინა ყველაზე საიმედო იარაღია (სახლში გამოკეტვისა და საზოგადოებისგან სრული თვითიზოლაციის მერე). სწორედ აცრები დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მოვეფეროთ შვილებს, შვილიშვილებს და ხელი ჩამოვართვათ მეგობრებსა და ახლობლებს, დავიბრუნოთ ჩვეული სოციალური თუ პროფესიული ცხოვრება და გავხსნათ- -აღვადგინოთ ეკონომიკა. ყოველივე ამას, სულ მცირე, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა სჭირდება.
რომელი ვაქცინა შემოვა?
დღევანდელი მოცემულობით, მოსახლეობაში გამოყენებისთვის მსოფლიოში უკვე 10 ვაქცინაა ნებადართული. მაგრამ თუ ნებას მომცემთ, აქ ამ ვაქცინებს ორ დიდ ჯგუფად დავყოფდი.
პირველ ჯგუფს განეკუთვნება ვაქცინები, რომლებმაც კლინიკური გამოცდა 30 – 55,000 და მეტ ადა მიანზე უკვე გაიარა. კლინიკური კვლევის პროტოკოლი და ყველა დეტალი საერთაშორისო სისტემაში დარეგისტრირდა და საჯარო სივრცეში გამოქვეყნდა (თქვენც შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში). კვლევის შედეგად მოპოვებული ყველა მონაცემი გადაეცა შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს და არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ რამდენიმეში. ეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერების სხვადასხვა და მწარმოებლისგან დამოუკიდებელმა ჯგუფმა განიხილა და ექსპერტულ- მეცნიერული დასკვნა მოამზადა. ამ ადამიანებმა ჩაიხედეს კვლევის ყველა დეტალში, მონაცემთა ბაზებში, კომპანიის მიერ მომზადებული სამეცნიერო ანალიზის მეთოდოლოგიურ და ფაქტობრივ სისწორეში, გადაამოწმეს ყველაფერი და ამის მერე შეაფასეს კონკრეტული ვაქცინის უსაფრთხოება, საიმედოობა, ეფექტიანობა და ასევე შესაძლო რისკები (აცრის შედეგად განვითარებული თანამდევი მოვლენები). ყოველივე ამის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ვაქცინის სიკეთე მნიშვნელოვნად აღემატება დოკუმენტაციაში აღწერილ რისკებს და ამიტომ ამ ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცეს იმ პირობით, რომ კვლავაც უნდა გაგრძელდეს ვაქცინებზე დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება. ქვეყნები და მათი მარეგულირებელი ორგანოები, სადაც ამგვარი განხილვები ჩატარდა და ვაქცინებს გამოყენების ნებართვა მიენიჭა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციით „სანდო მარეგულირებლებს” მიეკუთვნებიან, ანუ გამჭვირვალობის სტანდარტი დაცულია და ექსპერტულ- მეცნიერული შეფასების უნარი და გამოცდილება მაღალია. 2021 წლის 17 იანვრის მონაცემებით, სანდო მარეგულირებლების მიერ ნებადართული ვაქცინა სულ სამია – პფაიზერ/ ბიონტეკის, მოდერნასი და ასტრა- ზენეკა/ ოქსფორდის. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს სია მომავალ თვეებში მნიშვნელოვნად გაფართოვდება.
მეორე ჯგუფში (2021 წლის 17 იანვრის მდგომარეობით) შედის ყველა ის ვაქცინა, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით სრულად არ არის გასაჯაროებული და გამოყენების ნებართვა გაცემულია ისეთი ქვეყნების მიერ, რომლებიც ჯანმოს „სანდო მარეგულირებლების” სიაში არ შედიან. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მომავალ თვეებში ეს ვაქცინები „სანდო მარეგულირებლის” ნებართვას ვერ მოიპოვებენ. ამიტომ ამ ვაქცინების დასახელებისაგან თავს შევიკავებ და ყველანი ერთად დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. აქვე ვიტყვი, რომ ვაქცინების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველკვირეულად მატულობს და ამიტომ მოთმინებაა საჭირო, სანამ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ.
გამომდინარე ზემოთქმულიდან და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობიდან, დღეს საქართველოს მხოლოდ სამ ვაქცინაზე შეუძლია არჩევანის შეჩერება. თუმცა ხვალ, როცა „სანდო მარეგულირებლების” მიერ ნებადართული ვაქცინების სია გაიზრდება, სიტუაცია შეიცვლება და არჩევანი გაფართოვდება.
დაბოლოს, ქვეყანაში მოქმედ იმუნიზაციის სისტემას ზემოხსენებული სამი ვაქცინიდან ნებისმიერის გამოყენება შეუძლია. თუმცა პფაიზერ/ბიონტეკის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ამ ვაქცინის შემოტანა სასურველია მხოლოდ საწყის ეტაპზე და მხოლოდ შეზღუდული დოზებით (სავარაუდოდ, 100-დან 200,000-მდე) რის შემდეგაც სასურველია აქცენტი იმ ვაქცინაზე (ვაქცინებზე) გაკეთდეს, რომლებიც შედარებით დიდხანს ინახება და 2-80C ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს. დღეის მდგომარეობით ასეთია ასტრა- ზენეკა/ოქსფორდის ვაქცინა. ხვალ მსგავსი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინების არჩევანი უფრო დიდი იქნება.
როდის შემოვა ვაქცინა?
სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემ, უნდა გვესმოდეს, რომ COVID-19-ის პანდემიამდე მთელი მსოფლიო წელიწადში სეზონური გრიპის ვაქცინის დაახლოებით 6.4 მილიარდ დოზას აწარმოებდა. COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, რადგან აცრას ორი დოზა სჭირდება, ეს საჭიროება მინიმუმ გაორმაგდა, რისთვისაც მსოფლიო საწარმოო საშუალებები საკმარისი არ აღმოჩნდა. ანუ არასაკმარისია მინის ბოთლები, საცობები და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ თავად ვაქცინების მწარმოებელ ქარხნებზე.
ამას ისიც ემატება, რომ 2020 წლის ივლის-დეკემბერში დაიწყო „ვაქცინებზე „მსოფლიო ომი”. მდიდარმა სახელმწიფოებმა (რადგან არ იცოდნენ, პირველად ვის ექნებოდა ნებადართული ვაქცინა) სხვადასხვა მწარმოებელთან შეკვეთები გააფორმეს და გარანტირებული დოზების ფულიც წინასწარ გადაიხადეს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზოგ ქვეყანას 3-6-ჯერ იმაზე მეტი შეკვეთა აქვს გაფორმებული, ვიდრე მის მოსახლეობას სჭირდება.
ისეთი ქვეყნებისთვის კი როგორიც საქართველოა, შეიქმნა COVAX-ის ფონდი, რომელიც ორიენტირებულია ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ვაქცინების თანაბარ განაწილებაზე. ამ უკანასკნელს დღესდღეობით 2.97 მილიარდ დოზაზე აქვს შეკვეთა გაფორმებული და საქართველოც პირველ მომარაგებას ალბათ აქედან ელის, თუმცა ვიცი, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებსა და პარტნიორ ქვეყნებთან, რომელთაც შესაძლოა, „ჭარბი“ ვაქცინა აღმოაჩნდეთ. თუმცა „მსოფლიო ომის” პირობებში არ ვიცი, ჩვენი მცირე ზომის ქვეყანას რა დოზით დაუთმობენ ყურადღებას მწარმოებლები, თუ ისრაელივით ერთ დოზაში სამჯერ უფრო ძვირს არ გადავიხდით ვიდრე აშშ, და თან თუ ჩვენი ხელისუფალი 10-15-ჯერ არ დაურეკავს კომპანიის ხელმძღვანელს, როგორც ეს ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და კარს მომდგარი არჩევნებისთვის. მოკლედ ვთქვი, რაც ვიცი და ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. თუმცა მაქვს იმედი, რომ პირველი კვარტალის ბოლომდე რაღაც მოხერხდება ან ჩვენი მეცადინეობით, ან ჩვენგან დამოუკიდებლად, ან ორივე ერთად.
პირველად ვის აცრიან?
ამ კითხვას ბევრმა ქვეყანამ პასუხი გასცა და საქართველომაც მათ რიგში. უპირველესად ავცრით სამედიცინო პერსონალს, რათა ავად თუ გავხდებით (არა მარტო COVID-19-ით), ვინმემ მოგვხედოს, მერე დავიცავთ ხანდაზმულებს 65+, სადაც სიკვდილიანობა მაღალია ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც. ამის შემდეგ ფრონტის წინა ხაზის მებრძოლებს – აფთიაქების წინა ხაზის პერსონალს, პოლიციელებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პერსონალს, და ა.შ. შემდეგ ქრონიკული დაავადების მქონე კონტინგენტს და 55+ ასაკის დარჩენილ ადამიანებს და სულ ბოლოს ყველა იმას, ვინც ადრე ჩამოთვლილ ჯგუფებს არ მიეკუთვნება. ვფიქრობ, ლოდინი, თუ როდის მოგვიწევს რიგი, ძნელი იქნება, მით უმეტეს ჩვენი ხასიათის ადამიანებისთვის. ამიტომ აუცილებელი იქნება ამ მოლოდინების სწორი მართვა მთავრობის, მედიისა და საზოგადოების ერთობლივი მეცადინეობით. დაბოლოს დავძენ, რომ ქვეყნების უმრავლესობას მსგავსად აქვს დალაგებული პრიორიტეტული ჯგუფები და მიხარია, რომ საქართველოც ასე ფიქრობს.
სად უნდა ავიცრა?
ეს კითხვა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩვენი ქვეყნის იმუნიზაციის სისტემა წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ აცრას ატარებს და ძირითად ნაწილს – ბავშვებში. 2021 წელს კი, გარდა ბავშვებისა, უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60%, რათა მეტ- ნაკლებად ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ეს დაახლოებით 3.4 მილიონი აცრის ჩატარებას ნიშნავს, ანუ არსებული სიმძლავრეების, სულ მცირე, გაოთხმაგებას. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას უდგას წინ და სამედიცინო დაწესებულებების მაქსიმალური მობილიზაციით ცდილობს მის გადაჭრას. მაგრამ ესეც რომ არ ყოფნის, დიდ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებს აწყობენ, სადაც დღეში რამდენიმე ათასი ადამიანის აცრაა შესაძლებელი რიგების (როგორც საავტომობილო, ასევე ქვეითთა) ადეკვატური მართვით და პროცესის მშვიდი ორგანიზებით – ისე, რომ ვაქცინაციის დროს ინფექციის გავრცელებას არ შეეწყოს ხელი.
ვფიქრობ, საქართველო ამ გამოცდილებას გაიზიარებს, მაქსიმალურად მოახდენს სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციას და ალბათ დიდ ქალაქებში (უფრო გვიანდელ ეტაპზე, როცა მოწოდებული ვაქცინის დოზების რაოდენობა გაიზრდება) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებსაც მოაწყობს. ამ მიზნებისთვის ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცდილება გამოგვადგება. ისრაელმა აცრები 29 დეკემბერს დაიწყო და 17 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 23.65%-ს პირველი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კი აცრები 14 დეკემბერს დაიწყო და 17 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 15.65% გაუკეთეს პირველი დოზა.
COVID-19-ის ვაქცინაციაში ორივე ქვეყანა მსოფლიო ლიდერია, პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ და თან მოსახლეობით საქართველოზე თითქმის 3-ჯერ დიდები არიან. ამგვარ პროგრესს ალბათ სჭირდება (ა) პოლიტიკური ხელმძღვანელობის უდიდესი აქტიურობა მოსახლეობაში ნდობის ასამაღლებლად და საორგანიზაციო საკითხების დასალაგებლად; (ბ) კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და მართული ჯანდაცვის სისტემა და ვაქცინაციის პროცესი; (გ) ეფექტიანი კოორდინაცია და აღსრულება ადგილებზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა აცნობიერებს გამოწვევის სიმძაფრეს, ეფექტიანად ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ადგილზე ჯანდაცვის, სხვა სამსახურებისა და იმუნიზაციაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს და მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან.
დაველოდოთ და ვნახოთ, რა გამოვა, რადგან სწორედ ამ არხებიდან უნდა შევიტყოთ, რომელი დაწესებულება არის იმუნიზაციაში ჩართული; როდის უნდა მივიდეთ და სად; რას უნდა ველოდოთ დაწესებულებაში მისვლისას; როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ, რომ რიგში მთელი დღე არ ვიდგეთ და ა.შ… იმედს გამოვთქვამ, ვებსაიტებით, სოციალური მედიით, ცხელი ხაზებით, მობილური აპლიკაციებითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეს შესაძლებელი იქნება და ისეთივე ეფექტიანობით, როგორც 2 მილიონი ამომრჩეველი მივიყვანეთ ოქტომბერში საარჩევნო ყუთებთან, როცა ამის პოლიტიკური ნება და სურვილი იყო ცენტრშიც და ადგილებზეც.
ალბათ ჯობს, რომ აქ გავჩერდე, დაველოდო გამოხმაურებას და თუ დამატებითი კითხვები გაჩნდა, შემდეგ ბლოგში ვუპასუხო.