CrossCreators - რეალურისა და ვირტუალურის მიჯნაზე | ინტერვიუ ანი მანჯავიძესთან

CrossCreators - რეალურისა და ვირტუალურის მიჯნაზე | ინტერვიუ ანი მანჯავიძესთან

წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების გადამკიდე, რეალურსა და ვირტუალურს შორის ზღვრის დადგენა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. კომპანიები ხვდებიან, რომ მომავალში ორგანზომილებიანი ინტერნეტი სამგანზომილებიან ვირტუალურ სამყაროდ გადაიქცევა, რომელშიც ადამიანი – პროტაგონისტი იქნება. ვირტუალური რეალობა, გაფართოებული რეალობა და შერეული რეალობა ის ფრაზებია, რომლებსაც სულ მალე ყოველდღიურად გამოვიყენებთ, როგორც ეს ინტერნეტის შემთხვევაში მოხდა.

საბედნიეროდ, ტექნოლოგიური განვითარების ამ ტრენდს საქართველოში არ ჩამორჩნენ – მეტიც, ჩვენი სტარტაპ-კომუნა ამ მიმართულებას წარმატებით ავითარებს. CrossCreators-ი ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელიც გაფართოებული, სხვაგვარად კი აუგმენტური რეალობის პროდუქტებისა და სერვისების სავაჭრო სივრცეს, ე.წ. „მარკეტფლეისს“ ქმნის, რომლითაც ქართველ და უცხოელ კრეატორებსა და დამკვეთებს ერთმანეთს დააკავშირებს. ამ იდეისთვის, ცოტა ხნის წინ, CrossCreators-მა GITA-ს 100-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტი მიიღო.

CrossCreators-ის სამომავლო გეგმებზე, მათ მიდგომასა და ბიზნესმოდელზე, კომპანიის შიდა კულტურასა და, ზოგადად, გაფართოებული რეალობის ქართულ ბაზარზე, CrossCreators-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ანი მანჯავიძეს ვესაუბრეთ.

ანი, მოდი, ყველაზე რთული შეკითხვით დავიწყოთ. რა არის CrossCreators-ი?                            

CrossCreators-ი აუგმენტური რეალობის სავაჭრო სივრცე, ე.წ. “მარკეტფლეისია”, რომლის დახმარებით, ბრენდებს მათ სურვილებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების მიღება ორი სხვადასხვა გზით შეუძლიათ: კონკრეტული კრეატორის დაქირავებით ან კონკურსის გამოცხადებით. კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, ბრენდი საერთაშორისო კრეატორებისგან სხვადასხვა კონცეპტუალურ იდეასა და კონკრეტულ ფინანსურ პირობებს იღებს, რაც სასურველი პარტნიორის არჩევის პროცესს  საგრძნობლად ამარტივებს.

ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და პროფილის შექმნა. საწყის ეტაპზე ბრენდს პირადი ასისტენტის დახმარების გამოყენებაც შეუძლია, რომელიც ამ პროცესის გავლაში დაეხმარება ან პლატფორმაზე დაკვეთას მის ნაცვლად განათავსებს.

CrossCreators-ის პლატფორმაზე შემოთავაზებული აუგმენტური რეალობის პროექტები რამდენიმე მიმართულებით იყოფა – აუგმენტური რეალობის ეფექტებს სოციალური ქსელებისათვის, ვებგვერდებისა და აპლიკაციებისთვის ვქმნით. სოციალური ქსელების შემთხვევაში, საუბარია ეფექტებსა და ფილტრებზე, ვებგვერდების შემთხვევაში კი – სხვადასხვა თამაშსა თუ სხვა ინტერაქციულ ჩაშენებაზე.

აუგმენტური რეალობის პოტენციალისა და მისი გამოყენებით მონიჭებული სარგებლის უკეთ აღსაქმელად, მარკეტერებისთვის ელექტრონული წიგნი შევქმენით, რომელშიც დეტალურად აღვწერთ ამ ტექნოლოგიის არა მხოლოდ დადებით მხარეებს, არამედ მისი გამოყენების მექანიზმებიც.

მოგვიყევით CrossCreators-ის ისტორიის შესახებ: როდის და რა ვითარებაში გაგიჩნდათ გაფართოებულ რეალობაზე მუშაობის სურვილი და რა პროცესი გამოიარეთ დაარსებიდან – დღემდე?

ორი წლის წინ, როცა ერთ კომპანიაში CMO-დ ვმუშაობდი, მარკეტინგული კამპანიისთვის აუგმენტური რეალობის  კონტენტის გამოყენება დამჭირდა, მაგრამ, საფუძვლიანი ძიების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ამგვარი გამოცდილების მქონე ექსპერტი ვერ ვნახე. უცხოურ ბაზრებს მივაშურე, მაგრამ იქაც თავი უამრავმა პრობლემამ იჩინა – მიუხედავად იმისა, რომ ათიდან რვა კომპანიას აუგმენტური რეალობის კონტენტის გამოყენება სურს, მათ მისი წარმოების რესურსი არა აქვთ. ჩნდება სანდოობის პრობლემაც, რომლის გამო  ბევრი პროექტი შუა გზაზე წყდება.

ისე კი, ზოგადად, ამ სფეროს ექსპერტის მოძიება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია. არსებობს სპეციალიზებული სააგენტოები, მაგრამ მათ მიერ მოთხოვნილი საფასური მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის – ძალიან მაღალია. გარდა ამისა, პრობლემები შემსრულებლის მხარესაც ჩნდება. ამ ერთობლიობამ გადამაწყვეტინა, გამეკეთებინა პლატფორმა, რომლითაც ამ პრობლემებს მოვაგვარებდით  – საკუთარ შეკვეთებს, ბრენდები ჩვენთან ათჯერ უფრო სწრაფად, მარტივად და დაცულად იღებენ.

რა ღირებულებებზე დგას CrossCreators-ი, როგორია თქვენი შიდა კულტურა?

ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა – კლიენტებისა და თანამშრომლების წარმატება და კმაყოფილებაა, რაც, რეალურად, ერთმანეთსაა გადაჯაჭვული. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არცთუ ისე დიდი გუნდი ვართ, მთავარი ღირებულების – სწრაფი და ადამიანური მომსახურების შენარჩუნებას იდეალურად ვახერხებთ.

ა მდგომარეობაა გაფართოებული რეალობის კუთხით ქართულ ბაზარზე? მზად არიან თუ არა ქართული ბრენდები ამ სიახლისთვის? საინტერესოა, გყავთ თუ არა კონკურენტები?

საერთაშორისო ბაზარზეც კი აუგმენტური რეალობა შედარებით ახალი ხელსაწყოა, რომელსაც მარკეტინგისთვის აქტიურად იყენებენ. ამ მედიუმის ათვისებას საქართველოში ახლა იწყებენ, მაგრამ ეს ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, რომ ბაზარზე CrossCreators-ის გამოჩენით ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

ზოგადად, არაპირდაპირი კონკურენტები საერთაშორისო ბაზარზე გვყავს, მათ შორის ფრილანსერთა „მარკეტფლეისები“ და აუგმენტური რეალობის სააგენტოები. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფრილანსერები, როგორც წესი, მხოლოდ ამ მიმართულებაზე არ კონცენტრირდებიან, ამ სფეროს ექსპერტის მოძიება საგრძნობლად რთულდება. სააგენტოების მიერ მოწოდებული სერვისი კი დროში გაწელილია და თან, საკმაოდ ძვირად ღირებულიც.

რამდენადაც ცნობილია, თქვენი გუნდი უცხოურ კომპანიებსაც ემსახურება. ხომ ვერ მოგვიყვებით, რა კომპანიებთან გიმუშავიათ?

ჩვენს ტოპ-კლიენტებს, როგორც წესი, საერთაშორისო კრეატორები ემსახურებიან. ამ დრომდე გვიმუშავია Fanta-სთან, Joop-თან, RedBull-თან, McDonald’s-თან და Saudi Airline-თან.

რით გამოირჩევა CrossCreators-ი სხვა მსგავსი პლატფორმებისგან, რა არის თქვენი ნიში? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რატომ უნდა ითანამშრომლოს ბრენდმა ან კრეატორმა თქვენთან და არა სხვა კომპანიასთან?

ჩვენი პლატფორმის ავტომატიზაციის ფუნქციონალის გამოყენებით, ბრენდებს სასურველი კრეატორის პოვნა და მისგან კონტენტის მიღება უფრო სწრაფად, მარტივად, დაცულად და ხარისხიანად შეუძლიათ. რაც შეეხება ნიშს, ჩვენი მიზანია, რომ მომავალში ბრენდებმა და ცალკეულმა ადამიანებმა მზა შაბლონები, ე.წ. „თემფლეითები“ იყიდონ და, სურვილის შემთხვევაში, ისინი საკუთარ გემოვნებას მოარგონ. CrossCreators-ი აუგმენტური რეალობის ინდუსტრიის ერთგვარი დემოკრატიზატორია – ჩვენთან  აუგმენტური რეალობის კონტენტის მიღებას ნებისმიერი ბრენდი ათჯერ უფრო სწრაფად შეძლებს, ვიდრე სხვაგან.

რაც შეეხება კრეატორებს, მათ კლიენტების ბაზაზე წვდომას, დაცულობის შეგრძნებასა და პასიურ შემოსავალს ვთავაზობთ, რომელსაც საკუთარი „შოპის“ შექმნით მიიღებენ.

მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.  რა მოკლე- და გრძელვადიანი მიზნები გაქვთ? 

Crosscreators-ში მუდმივ ზრდაზე ვართ ორიენტირებულნი. ახალი ფუნქციონალის დამატების გარდა, მარკეტერებისა და კრეატორებისთვის აქტიური ღონისძიებების ჩატარებას ვფიქრობთ. გვინდა, რომ აუგმენტურ რეალობაში ქართველი დიზაინერები და დეველოპერებიც ჩავრთოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებას ხელი შევუწყოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე რაც შეიძლება მალე შევიდეთ, რისთვისაც, სულ მალე, საინვესტიციო რაუნდს გამოვაცხადებთ.

ცოტა ხნის წინ თქვენმა კომპანიამ GITA-ს ასიათასლარიანი გრანტი მოიპოვა. რას მოახმართ ამ თანხას?

მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი პლატფორმის დახვეწასა და განვითარებაზე: პირველ რიგში, დეველოპერების გუნდის გაზრდას ვაპირებთ, რათა საიტის ბეტავერსია , რაც შეიძლება მალე ალფაზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, თანადაფინანსების გრანტს მარკეტინგულ აქტივობებში გამოვიყენებთ, რათა ჩვენი სერვისი და შესაძლებლობები ლოკალურ ბაზარს უკეთ გავაცნოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *