საქსტატი: 2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე 19.5%-მდე გაიზარდა

საქსტატი: 2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე 19.5%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.5%-ით გაიზარდა და 19.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში – 21.9%, მეორე კვარტალში კი 22.1% იყო.

კერძოდ, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.9%-ით არის გაზრდილი და 21.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება სასოფლო დასახლებებს, იქ აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელს 13.7% იყო, წელს კი 17.2%-ია.

უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით კაცებში მნიშვნელოვნად მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი ქალებში 2.1%-ით, კაცებში კი 2.9%-ით არის გაზრდილი. ამის ნაცვლად, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. პირველ შემთხვევაში ის 42.4%-ს, მეორე შემთხვევაში კი 64.7%-ს შეადგენს. მაჩვენებელი 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში 2.2%-ით, კაცებში კი 2.8%-ით არის გაზრდილი. აქვე უნდა ითქვას, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების დასაქმების დონე – 1%-ით, მამრობითისა კი 0.4%-ით არის მომატებული.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი მოსახლეობის 52.8% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.5%-ით აჭარბებს. რაც შეეხება დასაქმების დონეს, ის 0.7%-ით არის გაზრდილი და 42.5%-ს უდრის. სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 2.2%-ით არის მომატებული ქალაქის ტიპის დასახლებებში, ხოლო სოფლებში – 2.8%-ით. დასაქმების დონეს პირველის შემთხვევაში – 0.8%-ით, მეორეს შემთხვევაში კი 0.7%-ით არის გაზრდილი.

გასულ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3%-ს შეადგენს, დანარჩენი 32.7% კი თვითდასაქმებულებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებლები, შესაბამისად 66.6%-სა და 33.4%-ს უდრიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *