დამოუკიდებლობის სამი ათწლეული და ინსტიტუციური განვითარება

დამოუკიდებლობის სამი ათწლეული და ინსტიტუციური განვითარება

„ინოვაცია, ეკონომიკის მასშტაბი, განათლება, კაპიტალის აკუმულირება და ა.შ.
არ არის ეკონომიკური ზრდის მიზეზი; თავად ესენია ზრდა“

დაგლას ნორტსი და რობერტ ტომასი

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნი­დან სამი ათწლეული გავიდა. სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი უნდა მივიჩნიოთ გეგმური ეკონომიკური სისტემიდან ბაზარზე ორიენტირებული ინსტიტუციური გარდაქმნის საწყისად. ისეთი ინსტიტუტების შექმნის, რაც კრიტიკულია ეკონომიკური განვითარებისა და ინდივიდების კეთილდღეობის მაქსიმიზაციისთვის. ინსტიტუტები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი ქმნის ადამიანებს შორის გაცვლის სტიმულებს, უზრუნველყოფს რა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურას, რაც ამცირებს განუსაზღვრელობას და წარმოადგენს მათ შორის ურთიერთქმედების სახელმძღვანელოს. სწორედ ასე ხსნიდა ინსტიტუტების მნიშვნელობას ნობელის პრემიის ლაურიატი ეკონომისტი დაგლას ნორტსი. ნორტსისეული განმარტებით, ინსტიტუტები – ესაა საზოგადოებაში თამაშის წესები, ადამიანის მიერ შექმნილი შეზღუდვები, რომლებიც ინდივიდებს შორის ურთიერთქმედების ფორმირებას ახდენს. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს შორის ურთიერთობას მეტად სტაბილურს ხდის, რაც ხელს უწყობს მათ შორის ეკონომიკურ გარიგებას და რესურსების მაქსიმალური სარგებლობით გამოყენებას. ამდენად, კარგი ინსტიტუტები ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის საწინდარია.

ახალი ინსტიტუციური ეკონომიკის მიმართულება ცდილობს ქვეყნებს შორის განვითარების დონე ინსტიტუტების ხარისხითა და მათი ცვლილებით ახსნას და ამას ჯერ კიდევ ინგლისის ადრეული ინდუსტრიალიზაციის პერიოდის შესწავლით იწყებს. მეტიც, ინსტიტუციური ეკონომისტები ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტურ ფაქტორად არა ადამიანური და ფიზიკური კაპიტალის აკუმულირებას, განათლებას, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, არამედ ინსტიტუციურ განვითარებას მიიჩნევენ. მათთვის ზრდა ინსტიტუციური განვითარების შედეგია.

ინსტიტუტები არის როგორც ფორმალური – კონსტიტუცია, კანონები, ხელშეკრულები და ა.შ. – ისე არაფორმალური (სოციალური ნორმები, ტრადიციები, ადათები და ა.შ. ინსტიტუტები საზოგადოებაში თამაშის წესებია, რომლებიც შეიძლება სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატეგორიებად დაიყოს. სწორედ ამ უკანასკნელს აკისრია განსაკუთრებული როლი დოვლათის შექმნასა და განაწილებაში.

ეკონომიკურ ინსტიტუტებში უპირველეს ყოვლისა სამართლის უზენაესობა – კარგად განსაზღვრული საკუთრების უფლება, მისი დაცვის სათანადო გარანტიები და ხელშეკრულების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები მოიაზრება. ცალკე აღებული ინსტიტუტები, მათი ეფექტიანი აღსრულების გარეშე, ვერ უზრუნველყოფს ისეთი გარემოს შექმნას, რაც ინვესტირებისა და გაცვლის სტიმულებს შექმნის. აქედან გამომდინარე, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სამართლიან, დამოუკიდებელ და ეფექტიან სასამართლოს, რომელიც საკუთრების დაცვისა და აღსრულების საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად, თუ კარგად განსაზღვრული, დაცული და აღსრულებადი კერძო საკუთრების უფლება არ იარსებებს, ადამიანებს არ ექნებათ ადამიანურ და ფიზიკურ კაპიტალში ინვესტირების სტიმული; ნაკლებად შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიური გაუმჯობესება და რესურსების მაქსიმალური გამოყენებით განაწილება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი და ბესტსელერის – „რატომ მარცხდებიან ერები: ძალაუფლების, კეთილდღეობისა და სიღარიბის წარმოშობა“ – ერთ-ერთი ავტორი დარონ აჯემოღლუ, საიმონ ჯონსონთან და ჯეიმს რობინსონთან თანაავტორობით დაწერილ 2004 წლის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ინსტიტუტები ენდოგენურია. ესე იგი, თავად იმ საზოგადოების კოლექტიური არჩევანია, რომლის წევრი ინდივიდების მოქმედებებს წარმართავს, აიოლებს და ზღუდავს. ასეთი ინსტიტუტები ფუნდამენტურ როლს თამაშობენ დოვლათის შექმნასა და შემდეგ მის განაწილებაში. მარტივად რომ ვთქვათ – ინსტიტუტები აწმყოში განსაზღვრავენ ხაჭაპურის ზომას, ხოლო მომავალში – თუ როგორ დაიჭრება და განაწილდება. ამდენად, აწმყოში ზომას და მომავალში მის განაწილებას ამ საზოგადოების ის წევრები განსაზღვრავენ, რომლებსაც სათანადო პოლიტიკური ძალაუფლება აქვთ.

სამართლის უზენაესობა 2020 წელს და მისი ცვლილება 1996-2000 წლებში

წყარო: მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების პროექტი, 1996-2020.

საქართველოში ფორმალური ეკონომიკური ინსტიტუტების შექმნის საწყისად უპრიანი იქნება, კონსტიტუციის მიღების პერიოდი, 1995 წელი ჩაითვალოს. თუმცა ტრანზიცია უფრო ადრე, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან დაიწყო. ინსტიტუციური გარდაქმნა მეტად არასახარბიელო გარემოში ხდებოდა. ნაცვლად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის საჭირო რეფორმებისა და შესაბამისი ინსტიტუტების შექმნისა, სამოქალაქო და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებული ომები დაიწყო. ასეთი გარემო კი საბაზრო ინსტიტუტების შექმნისათვის მკვეთრად უარყოფითი წინაპირობა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, არც ინსტიტუციური მეხსიერება არსებობდა, რათა საბაზრო ეკონომიკისთვის საჭირო ფორმალური ინსტიტუტების ჩამოყალიბების შემდეგ, მისი აღსრულება ეფექტიანი ყოფილიყო. დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში კერძო საკუთრებისა და მისდამი პატივისცემის მეხსიერება პრაქტიკულად არ არსებობდა, რადგან ქვეყანა კომუნისტურ წესწყობილებაში, კერძო საკუთრების ინსტიტუტის გარეშე, 70 წელი არსებობდა. ინსტიტუციური მეხსიერება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა საბაზრო სისტემაზე გადასვლისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით.

ერთია de jure მდგომარეობა – როგორია ფორმალური ინსტიტუტები და მეორეა მისი აღსრულებადობის საკითხი, რაც უფრო არაფორმალურ, საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებთანაა დაკავშირებული. ესა თუ ის ინსტიტუტები აღსრულებადი ვერ იქნება, თუკი ისინი საზოგადოებაში არსებულ ნორმებს სცდება. მაგალითად, ერთი ადამიანი მეორის მკვლელობისგან თავს მხოლოდ იმიტომ კი არ იკავებს, რომ ასეთი ქმედება ფორმალური კუთხით მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, არამედ ამ საზოგადოებაში ადამიანის მოკვლა მიუღებელია და მკვეთრად ეწინააღმდეგება საზოგადოების წევრი ინდივიდების რწმენას, ღირებულებებსა და ნორმებს. როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ისტორიის პროფესორმა ევნერ გრეიფმა აღნიშნა, რწმენა და ნორმები მოტივაციას აძლევენ ინდივიდებს – მიჰყვნენ წესებს. თავად წესები წარმართავს და კოორდინაციას უწევს ინდივიდების ქცევას. რაც შეეხება ორგანიზაციებს – მათი როლიც განსაკუთრებულია, როგორც ფორმალურის (პარლამენტი, სასამართლო და ა.შ.), ასევე არაფორმალურის (კომუნები, ბიზნესქსელები, ეკლესია და ა.შ.), რადგან ისინი ქმნიან ან გავლენას ახდნენ წესების შექმნაზე და უზრუნველყოფენ ამ წესების ცნობადობას.

სამართლის უზენაესობა, შერჩეული ქვეყნები, 1996-2020

შენიშვნა: მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების პროექტი, 1996-2020

მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ინსტიტუციური განვითარების ტემპით საქართველო ცალსახად გამორჩეულია, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ინსტიტუტების სასურველი ნიშნულებისთვის. ბალტიის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკური ინსტიტუტების ხარისხი 3-4-ჯერ ნაკლებია. მაგალითად, დანიელ კაუფმანისა და სხვების მიერ მომზადებული, ყველაზე ხშირად ციტირებული მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ესტონეთში სამართლის უზენაესობის დონე 4.8-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს. ლიეტუვისა და ლიტვის ნიშნულს კი საქართველო 3.5 და 3.3- ჯერ ჩამორჩება. ამდენად, საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური ინსტიტუტების განვითარების ტემპით კი ლიდერობს, მაგრამ ბალტიის ქვეყნებისგან დიდად დაშორებულია. ამიტომ, ეკონომიკური ინსტიტუტების განვითარების კუთხით, პოსტსაბჭოთა სივრციდან წარმატების მაგალითად მხოლოდ ბალტიისპირული გამოცდილება უნდა მივიჩნიოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებს, და განსაკუთრებით ესტონეთს, საბაზრო სისტემაზე გადასვლისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის არსებითად განსხვავებული საწყისი პირობები ჰქონდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გარემოება ინსტიტუციური გამოცდილება და მეხსიერებაა, რითაც ბალტიისპირეთის ქვეყნები უპირატესობას ფლობდნენ. თუ საქართველო XX საუკუნიდან მხოლოდ და მხოლოდ 3-წლიანი ინსტიტუციური გამოცდილების შემდეგ, 70 წელი კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იყო, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირში 51 წელი გაატარეს და გასაბჭოებამდე 22-წლიანი ინსტიტუციური გამოცდილება ჰქონდათ. შესაბამისად, დამოუკიდებლობის აღდგენის დროს საბაზრო და კერძო საკუთრების ინსტიტუტების შესახებ მეხსიერება, ჩვენთან განსხვავებით, არსებობდა. ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან ესტონეთმა მეტად რადიკალური რეფორმები გაატარა, რაც ფასების ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და მთელ რიგ საკითხებს გულისხმობდა. შედეგად, ადრეულ წლებში ესტონეთი და ბალტიისპირეთის დანარჩენი ქვეყნები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ტრანზიციის ტემპით მკვეთრად უსწრებდა. მაგალითად, 1994 წლის მდგომარეობით ესტონეთში პოლიტიკური უფლებების მდგომარეობა 2.3-ჯერ უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოში. ეკონომიკური თავისუფლების ნაწილში კი ესტონეთი 2.4-ჯერ უფრო წინ იყო.

ასეთი მდგომარეობა ამ ქვეყნისადმი უცხოური კაპიტალის დამოკიდებულებაშიც აისახა. ამ პერიოდში ესტონეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ეკონომიკის 0.73% იყო, ლატვიასა (0.20%) და ლიეტუვაში (0.14%) შედარებით ნაკლები, მაგრამ საქართველოში – არც არსებობდა. საბოლოოდ, საწყისი ინსტიტუციური გარემო ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახა. 1996 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული ეკონომიკის მოცულობა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით 3 675.3 საერთაშორისო დოლარი იყო, ესტონეთში 3.7-ჯერ უფრო მეტი – 13 591.4 დოლარი. 2020 წლის მდგომარეობით, ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული ეკონომიკა ესტონეთში 2.5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში.

მართალია, საქართველო ინსტიტუციური განვითარების ტემპით გამორჩეულია, მაგრამ ტრანზიციის წარმატებული გამოცდილების მქონე ბალტიისპირეთის ქვეყნების დონისგან საკმაოდ შორსაა. ბოლო წლების განვითარების დაბალი ტემპით სასურველ ნიშნულამდე მიღწევას შეიძლება კიდევ სამი ათწლეული დასჭირდეს. ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელია, დაცული იყოს კერძო საკუთრება და არსებობდეს ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები. ამაში კი უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულება იგულისხმება – დაწყებული პოლიციით, დამთავრებული სასამართლოთი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *