ავეჯის მწარმოებელი კომპანია „დაჯე“ Shark Tank საქართველოს ერთ-ერთ გამარჯვებულია. მან ერთ-ერთი Shark-ის, პავლე მგელაძის დაინტერესება მოახერხა, რომელმაც 30,000 ლარის სანაცვლოდ 20%-იანი წილი შეიძინა და „დაჯეს“ გუნდთან ერთად დიდი გეგმებიც აქვს.
“ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ასაწყობ ავეჯს ვაწარმოებთ. იდეა მამაჩემს ეკუთვნის. პრინციპი, რომლითაც ავეჯი ეწყობა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოიგონა მამაჩემმა, ოჯახმა კი გადავწყვიტეთ მისი დიზაინი აღგვედგინა და გაგვეცოცხლებინა. მაშინ, 90-იანებში ქვეყანაში ისეთი არეულობა იყო, ავეჯისთვის არავის ეცალა, მეთოდიც დავიწყებას მიეცა. დაახლოებით 3-4 თვის წინ დავიწყეთ ბიზნესი და პირველივე დღიდან სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას. ვიყავით დანიასა და ესტონეთში სადაც მცირე გრანტიც მოვიპოვეთ. ცოტა მოგვიანებით მეგობრისგან გავიგეთ Shark Tank-ის შესახებ და მივხვდით, რომ ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა.“
როგორც დავით ბოჭორიშვილი გვიყვება, „დაჯეს“ პირველი ინსპირაცია ტაბურეტი იყო, დღეს კი უკვე 5-6 ნაირსახეობის პროდუქტს აწარმოებენ. მათი მთავარი მიზანი ასაწყობად მარტივი, ეკოლოგიურად სუფთა, დახვეწილი და ელეგანტური ავეჯის ბაზარზე დამკვიდრებაა, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებენ.
„უკვე გვაქვს მაგიდები, საბავშვო სკამები, ტაბურეტები და ასევე ვავითარებთ მწვანე ხაზს, რომელიც ურბანულ მებაღეობას და გამწვანებას გულისხმობს. ამჟამად კომპლექტში ყველაზე პოპულარული პროდუქტი ურბანული მებაღეობის ქოთანია, რომელიც სპეციალური ნიადაგის მიქსით და მცენარის თესლებით იყიდება. მომხმარებელს ამით საშუალება ეძლევა თბილისში აივანზე ან ინტერიერში ჰქონდეს პატარა ქოთანი, სადაც გაზრდის მწვანილს, პიტნას ან სხვადასხვა მცენარეს.“ – ამბობს დავითი.
ჯერჯერობით „დაჯეს“ პროდუქცია მხოლოდ ონლაინ სივრცეში იყიდება ადგილზე მიტანით, თუმცა უახლოეს მომავალში მისი შეტანა სხვადასხვა სავაჭრო მოლში იგეგმება.
„Shark Tank-ში მოსვლამდე ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდა და ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად. ცხადია ვუშვებდით შესაძლებლობას, რომ დაფინანსებას ვერ მოვიპოვებდით, თუმცა პირველ რიგში, მსურდა საკუთარი სათქმელი ბოლომდე მეთქვა. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული ავეჯის წარმოება და „დაჯე“ ბაზარზე ახალი სიტყვაა. ჩვენ კი ის ადამიანები ვართ, ვინც იდეას ძალიან კარგად განახორციელებდა. ვფიქრობ, შევძელით კიდეც მათი დარწმუნება. ჩვენი თავდაპირველი შეთავაზება 30,000 ლარი იყო 10%-იანი წილის სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში კი მოლაპარაკების შედეგად იდენტურ თანხად კომპანიის 20%-იანი წილი გავყიდეთ. თუმცა ძალიან დიდი როლი ითამაშა პარტნიორმა, პავლე მგელაძემ, რომელთან ერთადაც ვიბრძოლებთ ჩვენი ბიზნესის გასავითარებლად.“ – გვიყვება დავითი.
სამომავლოდ „დაჯეს“ პროდუქცია მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არ გაიყიდება და დიდი ალბათობით, პირველი საექსპორტო ბაზარი ესტონეთი იქნება, საიდანაც უკვე გაჩნდა ინტერესი და მოლაპარაკებებიც საწყის ეტაპზეა.
შესაძლოა ერთი შეხედვით ბაზარი პერსპექტიული არ ჩანდეს, თუმცა რიცხვები საპირისპიროს ამტკიცებს. Grand view research-ის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს ეკო-მეგობრული ავეჯის ბაზარი 35 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე გასვლასთან ერთად, „დაჯეს“ საცალო მაღაზიებში განთავსების გამოწვევაც ექნება დასაძლევი. კვლევის მიხედვით გაყიდვების 60-65% მაინც ფიზიკურ მაღაზიებზე მოდის, შესაბამისად ორივე მიმართულების ათვისება მათთვის მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, დავითი გვიყვება, რომ ეკო-მეგობრული ავეჯი ახალი სიტყვაა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად შეძლებს საკუთარი პოტენციალის ათვისებას.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.