Intrro-მ $2.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

Intrro-მ $2.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის ფინალისტმა, საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანია Intrro-მ, გერმანელი და ამერიკელი ინვესტორებისგან $2.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. ინვესტორთა შორის Signals Venture Capital-ი, DataFrame Ventures-ი და Tribe Capital-ი არიან. კომპანიის დამაარსებლის, ნასერ ოჯუდანის განცხადებით, მოზიდული ინვესტიცია პროდუქტის განვითარებას, მონაცემთა მეცნიერებისა და საინჟინრო დეპარტამენტების ზრდას მოხმარდება.

Intrro-ს კონკურენტული უპირატესობა მათი B2B ტექნოლოგიური პლატფორმაა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დამსაქმებლებსა და სამსახურის მაძიებლებს ერთმანეთთან რეფერალური სისტემით აკავშირებს: კონკრეტული ვაკანსიისათვის საუკეთესო კანდიდატის შესარჩევად, Intrro-ში კომპანიის სანაცნობო წრეს, ე.წ. „ნეტვორკს“ აანალიზებენ. კონკრეტული კომპანიის კოლექტიური რეფერალური ბაზის შედგენით, Intrro თანამშრომლების აყვანის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.

Intrro-ს დამაარსებლები, ნასე ოჯიდანი და ნილ ჯეი შაჰი სფეროს პროფესიონალები არიან, რომელთაც ადამიანური რესურსების მართვის ინდუსტრიაში არაერთი წელი გაუტარებიათ. ამგვარი კომპანიის შექმნისაკენ მათ სწორედ გამოცდილებამ უბიძგა: დაინახეს რა, თუ რამდენად არაეფექტურია ის მიდგომები, რომელთაც დამსაქმებლები იყენებენ, ბაზარს ამ პრობლემის ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზეს.

საქმე ისაა, რომ თანამშრომლების აყვანა რეფერალური გზით ისედაც ფართოდ არის გავრცელებული: დამსაქმებელთა 88% ამბობს, რომ კარგ კადრს რეკომენდაციების საფუძველზე არჩევს. Intrro-ს შიდა კვლევების მიხედვით, კანდიდატს, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევენ, სამსახურში აყვანის 7-ჯერ მეტი შანსი აქვს, ვიდრე დანარჩენებს. თან, როგორც წესი, ასეთი კანდიდატები უფრო ლოიალურები და ეფექტიანები არიან.

„ადამიანური რესურსების ბაზარი არასდროს ყოფილა ისეთ რთულ მდგომარეობაში, როგორც დღეს. თავისთავად ცხადია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიები რეკომენდატორებს მიმართავენ, მაგრამ რთულია, თანამშრომელი რეკრუტერად აქციო. Intrro-ს დახმარებით, ამ წინაღობის დაძლევა ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ხდება შესაძლებელი“, – აღნიშნავს კომპანიის დამაარსებელი, ნასერ ოჯიდანი.

Intrro საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნასერ ოჯიდანმა და ნილ ჯეი შაჰმა 2020 წელს დააარსეს. ერთი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი ოცჯერ გაიზარდა. დღეს Intrro ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Airwallex-ი, Riskidied-ი, Faire, Applyboard-ი და Typeform-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *