2025 წლიდან Jaguar Land Rover-ის ყველა მანქანას NVIDIA-ს დრაივ-კომპიუტერი ექნება

2025 წლიდან Jaguar Land Rover-ის ყველა მანქანას NVIDIA-ს დრაივ-კომპიუტერი ექნება

2025 წლიდან მსხვილი ავტოკონცერნის, Jaguar Land Rover-ის მფლობელობაში არსებული ყველა ბრენდის ავტომობილს Nvidia-ს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული დრაივ-კომპიუტერი, Drive Hyperion-ი ექნება, რომელიც მძღოლს ავტომობილის მართვისას დაეხმარება და, საჭიროების შემთხვევაში, მის ავტონომიურ მართვასაც გადაიბარებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Hyperion-ი Nvidia-ს Drive-პლატფორმის უკანასკნელი თაობის ვერსიაა, რომელზეც ავტომწარმოებელი სასურველი ფუნქციონალის დაშენებას შეძლებს. ამასთანავე, Jaguar Land Rover-ის მანქანები ჩიპზე არსებულ სისტემას, Orin-ს გამოიყენებენ, რომელიც შინაარსობრივად იგივეა, რაც Tesla-ს ავტონომიური მართვის ჩიპი ან Intel-ის Mobileye EyeQ, რომელსაც სხვადასხვა ჭკვიან მანქანაში იყენებენ. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპიუტერი ავტომობილის მძღოლს დაეხმარება როგორც პარკინგის, ასევე მართვის დროს.

„Orin-ი მანქანის ხელოვნური ინტელექტი, ანუ თავის ტვინია, ხოლო Drive Hyperion-ი მისი ცენტრალური ნერვული სისტემა“, – განაცხადა Nvidia-ს ავტოწარმოების ვიცე-პრეზიდენტმა, დენი შაპირომ.

აღსანიშნავია, რომ ამ დეტალების გარდა, The Verge-თან საუბრისას დენი შაპირომ იმ კონკრეტულ ფუნქციონალზეც ისაუბრა, რომელიც Nvidia-ს ტექნოლოგიის დამხარებით Jaguar Land Rover-ის მანქანებში გამოჩნდება: „უაღრესად ავტომატური, უმეტეს შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ ავტობანზე მოხვედრისას, მანქანა თავისით იმოძრავებს – ის უსაფრთხო დისტანციას შეინარჩუნებს და ზოლიდან თვითნებურად არ გამოვა, მაგრამ თუ ეს საჭირო იქნება, ის ზოლიდან ზოლში გადასვლასაც შეძლებს როგორც ავტომატურად, ასევე მძღოლის მოთხოვნისამებრ. სრულად ავტომატური რეჟიმი კი გულისხმობს იმას, რომ მანქანაში ჩასხდებით, ის კი ა-პუნქტიდან ბ-პუნქტამდე ისე მიგიყვანთ, რომ არც ერთ ღილაკზე თითის დაჭერა არ დაგჭირდებათ. თუმცა, ისევ და ისევ, ეს ფართო სპექტრის მხოლოდ ორი წერტილია“, – განაცხადა შაპირომ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Jaguar Land Rover-მა კიდევ ერთი ამბიციური გეგმა დაისახა: კომპანია აპირებს, რომ 2025 წლისთვის სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადავიდეს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ეს პროცესი არცთუ ისე კარგად მიდის, რადგან ერთადერთი ელექტრომანქანა, რომელიც JLR-მა გამოუშვა Jaguar I-Pace-ია, რომელსაც გზაზე მოძრაობა საკმაოდ უჭირს – ამასთანავე, ეს მოდელი კონტრაქტორი კომპანიის მიერ არის შექმნილი და არა უშუალოდ JLR-ის მიერ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *