ძველი ბრენდი - ახალი ამოცანები

ძველი ბრენდი - ახალი ამოცანები

უკვე თვეზე მეტია, “აწარმოე საქართველოში” ახალი ამოცანებით ფუნქციონირებს, რაც ძირითადად ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების ცალკე გამოყოფასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. ეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო პროგრამების წვლილის დადგენა მშპ-ში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მეწარმეების საგადასახადო ოპერაციებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია კომერციული საიდუმლოა. შესაბამისად, პროგრამების ეკონომიკური თუ ფისკალური ეფექტის დასანახად სახელმწიფო ამ ინდიკატორს ვერ იყენებს.

“მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” ბაზაზე, გაუქმებული “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსგან” შეძენილი ფუნქციებით ახალი სტრუქტურა ერთი თვეა, მუშაობს. სახელი ყველასთვის ნაცნობია, უკვე მესამე წელია, ლოზუნგივით ჟღერს და აქამდე მხოლოდ კონკრეტული პროექტის – – “აწარმოე საქართველოში” – დასათაურება იყო, თუმცა მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სააგენტოსა და მისი მთავარი პროექტის რებრენდინგის საჭიროება დაინახა. შესაბამისად, სამეწარმეო პოტენციალის ათვისებისა და ინვესტორების დაინტერესებისთვის სააგენტომ საკუთარ წიაღში სამ ბრენდს მოუძებნა ადგილი: “აწარმოე საქართველოში – ინვესტიცია”, “აწარმოე საქართველოში – ბიზნესი” და “აწარმოე საქართველოში – ექსპორტი”. კიდევ ერთი დეტალი – მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდა ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ფრონტ-ოფისის მეშვეობით მიღება.

“აწარმოე საქართველოში – ექსპორტი” ცდილობს, პასუხი გასცეს მეწარმეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას – კერძოდ, რა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის გასატანად? როგორც სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ განგვიმარტა, ამ მიზნის მიღწევას ახალი მიდგომები დასჭირდება, რომლებსაც სააგენტო უკვე გეგმავს.

პორტფოლიო-მენეჯერი – ასეთი სტატუსით დაახლოებით ერთ თვეში პროექტში “აწარმოე საქართველოში” ხუთი თანამშრომელი იმუშავებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, კადრები კონკურსის წესით შეირჩევა და ისინი დარგების მიხედვით კომპანიებს საექსპორტო ბაზარზე გასასვლელად მომზადებაში დაეხმარებიან. მხარდაჭერაში მოიაზრება ინფორმაციის მიწოდება, ყველა საჭირო სახელმწიფო სერვისთან წვდომა, კვლევების ჩატარება, შედეგების გათვალისწინებით საექსპორტო ბაზრების შესწავლა, პროდუქტებისა და სექტორების იდენტიფიცირება, სხვადასხვა ბაზარზე შეღწევადობის კრიტერიუმების მოძიება და ა.შ.

“ამ კრიტერიუმებს პორტფოლიო-მენეჯერები უკვე თავიანთ პორტფელში მყოფ მეწარმეებს მიაწვდიან”, – განმარტავს მარიანა მორგოშია.

იმისთვის, რომ პორტფოლიო-მენეჯერებმა მეწარმეების შესაძლებლობები დაადგინონ, მათ “ექსპორტის მზაობის ტესტს” ჩაუტარებენ, რომელიც სააგენტოს უკვე შემუშავებული აქვს.

მათ ეცოდინებათ, მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ”, – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი და აქვე აღნიშნავს, რომ რუკაზე მონიშნული აქვს ის ქვეყნები, სადაც მეწარმეების პროდუქტების ექსპორტზე გასატანად აქტიურად იმუშავებენ. ჩამონათვალში ევროკავშირისა და გალფის ქვეყნებთან ერთად, ჩინეთიცაა.

მართალია, გეოგრაფიული არეალი შერჩეულია, მაგრამ ისმის კითხვა, ყველაზე მეტად რომელ ქართულ პროდუქციას ან მომსახურებას აქვს საზღვრებს გარეთ გასვლის პოტენციალი? სააგენტოს ჩანაფიქრი ასეთია – იმ პროდუქტების გარდა, რომლებიც დღეს უკვე მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა, ახალი სექტორები კვლევებითა და დინამიკაზე დაკვირვებით გამოვლინდება. შერჩეული პროდუქციით, საგანგებო მისიით აღჭურვილი მენეჯერები პორტფელს შექმნიან და მეწარმეებს პროდუქციის პოპულარიზაციაში დაეხმარებიან.

პერსპექტიული კომპანიებისა და დარგების ჩამონათვალის შემუშავება კი უკვე მიმდინარეობს. როგორც მარიანა მორგოშია გვიხსნის, საექსპორტო კომპანიები ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგიდან არიან: ხილი, ბოსტნეული, წვენები, ხილფაფები უკვე აქტიურად გადის უცხოურ ბაზრებზე. ინტერესი არსებობს მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის მიმართაც. როგორც ჩანს, პოტენციალი იკვეთება ბიზნესპროცესების აუტსორსინგის კუთხითაც: სააგენტოს ხელმძღვანელს კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს – ირკვევა, რომ ერთ-ერთმა გერმანულმა კომპანიამ საქართველოში ასი ფინანსისტი დაასაქმა, რომლებიც გერმანულ ბანკებს ჩვენი ქვეყნიდან ემსახურებიან.

სამიზნე ბაზრებზე ქართული კომპანიების წარმოჩენას სააგენტო სავაჭრო მისიებსა და საერთაშორისო გამოფენებში სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებთან ერთად ცდილობს. უწყების ანგარიშზე 19 გამოფენა და 11 სავაჭრო მისიაა, რომელთაც წელს ჩინეთსა და გერმანიაში დაგეგმილი ღონისძიებებიც დაემატება. სააგენტო ბენეფიციარებს გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში მონაწილეობის ხარჯების 75-80%-ს უფინანსებს. იმისთვის, რომ ეროვნული წარმოება სათანადოდ წარდგეს უცხოური აუდიტორიის წინაშე, “აწარმოე საქართველოში” “კავკასიის უნივერსიტეტთან” ერთად ექსპორტის მენეჯერების გადამზადებაზეც ზრუნავს. სექტემბერში მორიგი სასწავლო კურსის ორგანიზება იგეგმება. საერთო ჯამში, 2017 წელს საექსპორტო მიმართულების მხარდასაჭერად უწყებას დაახლოებით ორი მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.

რაც შეეხება ექსპორტიორების ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებს, ამ კუთხით “აწარმოე საქართველოში”, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ექსპორტის საკრედიტო სააგენტოსთან ითანამშრომლებს. ექსპორტის საკრედიტო სააგენტო ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ იმუშავებს. ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მთავრობას უკვე მომზადებული აქვს. სამუშაო სქემა სამი მიმართულებით იმუშავებს: საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ექსპორტიორი კომპანიების ხელშეკრულებების დაზღვევა და ფაქტორინგული ოპერაციები. როგორც მარიანა მორგოშია განმარტავს, ამ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმატს აღნიშნული სააგენტოს ჩამოყალიბების შემდეგ გავიგებთ.

რებრენდირებული პროგრამის კიდევ ერთი სამიზნე ინვესტიციები იქნება. ინვესტიციების მოზიდვას “აწარმოე საქართველოში” გაუქმებული საინვესტიციო სააგენტოსგან შეძენილი თანამშრომლების დახმარებით შეეცდება. ამ განყოფილებას პოტენციური ინვესტორები ამ შემთხვევაშიც ევროკავშირისა და გალფის ქვეყნებიდან, ასევე ჩინეთიდან ეგულება. მათთან დაკავშირებას კი, საერთაშორისო გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში მონაწილეობის გარდა, სააგენტო კომერციული ატაშეების დახმარებით გეგმავს, რომლებიც სტრატეგიულ ქვეყნებში მიმდინარე წლის შემოდგომიდან განაწილდებიან. საწყის ეტაპზე აღნიშნული ინსტიტუტი ხუთი-ექვსი ატაშეს სახით იქნება წარმოდგენილი.

მარიანა მორგოშიას ინფორმაციით, კომერციულ ატაშეებს ექნებათ გეგმები, რომელთა მიხედვით, ყოველთვიურად მსხვილ ინვესტორებს შეხვდებიან და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას გააცნობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას. სააგენტო დაინტერესებულ ინვესტორებს დაუგეგმავს ვიზიტებს და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომპანიის რეგისტრაციასთან, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული დეტალები და სხვა.

“ანუ ყველაფერში ბოლომდე გავყვებით, სანამ აქ ინვესტიციას არ განახორციელებენ”, – ირწმუნება სააგენტოს დირექტორი, რომელიც თავის გუნდთან ერთად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კერძო სექტორის პრობლემები მოისმინოს და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან მიიტანოს.

“თუ წამოჭრილი პრობლემა საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას აჩვენებს, შესაძლოა მისი ინიცირებაც მოხდეს”, – აღნიშნავს მარიანა მორგოშია.

ჩვენი ქვეყნით ინვესტორების დაინტერესებას სააგენტო არამხოლოდ კომერციული ატაშეების დახმარებით აპირებს. განახლებული სტრუქტურა საინვესტიციო პაკეტების შემუშავებას გეგმავს.

უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ბიზნესპროცესების აუტსორსინგი, სპორტული და სამედიცინო ტურიზმი, ფარმაცევტული წარმოება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რაზეც სააგენტოს საინვესტიციო ჯგუფი იმუშავებს. “მაგალითად, ამერიკული კომპანია Base4, რომელმაც საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა, ქართველი არქიტექტორების დახმარებით შექმნის არქიტექტურულ/საინჟინრო პროექტებს ისეთი სასტუმროებისთვის, როგორიცაა: Hilton-ი, Hyatt-ი, Marrio-ი და ა.შ”, – გვიყვება მარიანა მორგოშია.

ამ გამოწვევებზე პასუხის გაცემას სააგენტო ხუთი-ექვსი კომერციული ატაშესა და თორმეტამდე თანამშრომლის დახმარებით შეეცდება, რომელთა შორის ყოფილი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს კადრებიც იქნებიან. მიმართულების – “აწარმოე საქართველოში – ინვესტიცია” ბიუჯეტი 2017 წლისთვის 1 მილიონ 750 ათასი ლარია.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებსაც ჩვენ აქამდე სწორედ ამ სახელით – “აწარმოე საქართველოში” – ვიცნობდით, ყველა ეს პროექტი უკვე ახალი ქვესათაურის ქვეშ მოიყრის თავს – “აწარმოე საქართველოში – ბიზნესი”.

როგორც სააგენტოს დირექტორმა გვითხრა, მეწარმეების ხელშეწყობის ყველა მოქმედი მექანიზმი შენარჩუნდება და გარკვეული სიახლეებიც იქნება, რაზეც მარიანა მორგოშია უკვე მუშაობს, თუმცა დეტალებს ჯერ არ ამხელს. მანამდე ხელმძღვანელისგან სააგენტოს პროექტების შედეგები ჩავიბარეთ.

ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის კომპონენტის – “უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში, სააგენტომ 200 კომპანიასთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც 8 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და გაცემულმა თანადაფინანსებამ 21 600 000 ლარი შეადგინა.

მიკრო– და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება 4,910 ბენეფიციარმა მიიღო, რაზეც 22.9 მილიონი ლარი დაიხარჯა და 5000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საერთო ჯამში გადამზადებული ბენეფიციარების რაოდენობა 8,880-ია. აღსანიშნავია, რომ ამ მიკრომეწარმეთაგან უწყებამ ასი ბენეფიციარი შეარჩია, რომელთაც სააგენტო პროდუქციის შეფუთვასა და მარკეტინგული კონცეფციის დახვეწაში დაეხმარა.

კინოინდუსტრიის მიმართულებით ხუთი პროექტი დაფინანსდა, ერთის კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ამ კომპონენტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 7.9 მილიონი ლარია, კვალიფიციური ხარჯი – 6.5 მილიონი, საიდანაც სააგენტო 20-25%-ის ოდენობის თანადაფინანსებას ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში სააგენტომ 670 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

რაც შეეხება პროექტების სიცოცხლისუნარიანობას, ამ ეტაპზე თითქმის 100%-იანი მაჩვენებელია, თუმცა, როგორც მარიანა მორგოშია აღნიშნავს, შეფასების დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან ამისთვის შესაბამისი პერიოდი უნდა გავიდეს. კიდევ უფრო რთულია სტატიაში ჩამოთვლილი სახელმწიფო პროგრამების წვლილის დადგენა მშპ-ში, რადგან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, მეწარმეების საგადასახადო ოპერაციებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია კომერციული საიდუმლოა. შესაბამისად, ამ ინდიკატორს პროგრამების ეკონომიკური თუ ფისკალური ეფექტის დასანახად სახელმწიფო ვერ იყენებს. თუმცა, თუ მრეწველობის დარგს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მრეწველობის დარგში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლები მზარდია: 2015 წელს წინა წელთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა, 2016 წელს კი – 1.7%-ით.

ზემოთ აღნიშნული შედეგებით, “აწარმოე საქართველოში” რებრენდინგს ერთ თვეში დაასრულებს. განახლებული სტრუქტურის სრული დატვირთვით ამუშავების პროცესში, პროგრამებს შორის მაკოორდინირებელი როლი სააგენტოს ფრონტ–ოფისს ექნება, რომელიც საკუთარი პროექტების გარდა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საპარტნიორო ფონდის, “სტარტაპ-საქართველოსა” და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს სერვისების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს მიაწვდის.