ექვსი მიმოხილვა სამი წლის განმავლობაში

ექვსი მიმოხილვა სამი წლის განმავლობაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ტაო ჟანგი საქართველოში სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. ეს ასეთი მაღალი რანგის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ფონდმა საქართველოს $285 მილიონის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაუმტკიცა. ამ პროგრამის დამტკიცება მწვანე შუქია სხვა დონორებისთვისაც, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობენ. ეს თანხა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას უნდა მოხმარდეს. ტაო ჟანგმა ექსკლუზიურად მოიცალა FORBES BANKER-ისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს დაუმტკიცდა ახალი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. რა სტრუქტურული რეფორმებია საჭირო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე – როგორ აფასებს ამას სსფ?

პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო სსფ-ის წევრია 1992 წლიდან და ჩვენ ყოველთვის მჭიდრო დიალოგი გვქონდა ქვეყნის ხელისუფლებასთან. ჩვენი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ვალია, დავეხმაროთ ჩვენს წევრ  189 ქვეყანას, მათ შორის – საქართველოს. საქართველოში ჩვენი ძირითადი მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა  და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის  უზრუნველყოფა, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ყველაზე რეფორმირებული ეკონომიკაა, კვლავაც საჭიროა სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკის დივერსიფიცირებას მოახდენს. ეს აუცილებელია გარეშე კაპიტალზე მოთხოვნის შესამცირებლად, შოკების მიმართ მედეგობის გასაზრდელად და კერძო სექტორის ინვესტიციების ხელშესაწყობად. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა მართებულადაა ფოკუსირებული განათლების გაუმჯობესებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებაზე საქართველოს სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობის ამაღლებასა და  ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, რათა კერძო სექტორი ზრდის მამოძრავებელი ლოკომოტივი გახდეს.

როდესაც სსფ ქვეყნის მთავრობის რეფორმის გეგმების მხარდაჭერას აცხადებს, – რასაც წარმოადგენს კიდეც ეს ახალი პროგრამა საქართველოსთვის – აფასებს თუ არა იგი ამ რეფორმის შესაძლო შედეგებს?

ჩვენს ყველა წევრ ქვეყანაში ვატარებთ „მეოთხე მუხლის კონსულტაციებს“, სადაც ეკონომიკის ვითარებას სხვადასხვა კუთხით ვაანალიზებთ, კერძოდ, მონეტარული, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის კუთხით.  სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მსვლელობისას ჩვენ პერიოდულად ვაფასებთ პროგრამით გათვალისწინებული გეგმების რისკს ეგრეთ წოდებული მიმოხილვების ჩატარებით. საქართველოს ამჟამინდელი 3-წლიანი პროგრამის განმავლობაში ჩვენ ექვს მიმოხილვას ჩავატარებთ წელიწადში ორჯერ. ამ მიმოხილვების დროს სსფ-ის გუნდი შეაფასებს ვითარებას ეკონომიკაში, ასევე საფინანსო  სექტორში შეაფასებს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სიძლიერეს და დაასკვნის, პროგრამის მიზნების განხორცილების ტემპი შეესაბამება თუ არა დაგეგმილ გრაფიკს.

უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რა მიზნით თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მსგავს ქვეყნებთან?

ჩვენი მხარდაჭერა ქვეყანას სამი ფორმით მიეწოდება: პირველი გახლავთ ეკონომიკის ყოველწლიური ანალიზი,  ანუ ის, რასაც ფონდი „მეოთხე მუხლის კონსულტაციას“ უწოდებს. ეს არის სსფ-ის ყველა წევრი ქვეყნის ეკონომიკის წლიური შემოწმება. საქართველოში „მეოთხე მუხლის კონსულტაცია“ 2016 წლის ივლისში ჩატარდა. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ ტექნიკურ დახმარებას, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი პროფესიული შესაძლებლობების ზრდას და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. მაგალითად,  ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს მთავრობას  უკეთესი ბიუჯეტის შედგენაში,  გადასახადების აკრეფის სისტემის გაუმჯობესებაში, ეროვნულ ბანკს – მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებაში.  მესამე არის ფინანსური დახმარება. როგორც მოგეხსენებათ, სსფ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმის პროგრამას  285   მილიონი დოლარის ოდენობით. ამ პროგრამის მიზანია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ოფიციალური სავალუტო რეზერვების ზრდა, ფისკალური სანდოობის მატება და სტრუქტურული რეფორმების წახალისება, რაც შედეგად მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას მოიტანს.

დღევანდელი გადმოსახედიდან როგორია საქართველოს მდგომარეობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით?

როგორც იცით, რეგიონის ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს გამოწვეული იყო სასაქონლო ფასების კლებით და სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის ზრდის შენელებით. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის საქართველოშიც, 2016 წელს საშუალო მაჩვენებლები 8 პროცენტიდან (2000-ში) 2,4 პროცენტამდე დაეცა.

თუმცა საქართველოს ეკონომიკა სხვებთან შედარებით მდგრადი აღმოჩნდა და ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ზრდის ტემპმა 2,8 პროცენტს მიაღწია, რაც  საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ზრდის ტემპს აღემატებოდა (თურქეთისა და ჩინეთის გარდა).

სამომავლოდ, გაუმჯობესებული გლობალური გარემოს შედეგად  საქართველოს ეკონომიკაც გაიზრდება და 2017 წელს მისი მაჩვენებელი 3.5 პროცენტს, ხოლო 2018 წელს თითქმის 4 პროცენტს მიაღწევს. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის პროგნოზს მუდამ ახლავს რისკი, მათ შორის, პოლიტიკის მიმართულების ცვლილების რისკი, ანუ პროტექციონიზმისა და შიდა ბაზრის დაცვაზე მიმართული პოლიტიკის განხორციელების რისკი, ასევე გამკაცრებული  და მერყევი ფინანსური პირობების შექმნის რისკი.

რატომ ამახვილებს სსფ დიდ ყურადღებას ბიუჯეტის დეფიციტზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზეა საუბარი?

ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი მიზანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამისათვის მთავრობამ უნდა განსაზღვროს შემოსავლებისა და ხარჯების ის ღონისძიებები, რაც შეადგენს ეკონომიკური ზრდის მიზანთან შეთავსებულ ბიუჯეტს, და გრძელვადიან პერიოდში ფისკალურ მდგრადობას უზრუნველყოფს. 2016 წლის ბიუჯეტის დეფიციტი, გადასესხების ჩათვლით, მშპ-ის 4.1 პროცენტს შეადგენდა, რაც სსფ-ის შემოთავაზებულ 3 პროცენტს აღემატებოდა.  მეტი ხარჯი იქნა გაწეული ჯანდაცვის (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), თავდაცვის, ტურიზმის სფეროებში ადგილობრივი ბიუჯეტების მიერ და ბიუჯეტის გადასესხებით. სახელმწიფო რეფორმის პროგრამა, რომელსაც სსფ მხარს უჭერს, მიზნად ისახავს მიმდინარე ხარჯების შეზღუდვას, შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესებასა და პროდუქტიული საჯარო ინვესტიციებისთვის სახსრების მოძიებას. ასევე შესაძლებელს ხდის დაბალანსებულ მიდგომას ეფექტიანობასა და თანასწორობას შორის არჩევანის გაკეთებისას, რადგან აფართოებს სოციალურ ჩარჩოს და იცავს საზოგადოების მოწყვლად სეგმენტს ზრდის სიკეთის მათზე გადანაწილების გზით.

რომელს მიიჩნევთ პრიორიტეტულად და რატომ: კერძო-საჯარო პარტნიორობების მატებას თუ ბიუჯეტის ბალანსის შენარჩუნებას?

როგორც ფისკალური, ისე სტრუქტურული რეფორმების მთავარი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის  ზრდის პოტენციალის მატება მდგრადი და ყოვლისმომცველი ფორმით. ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს ფისკალური მიზნის გათვალისწინებით, მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს შორის სწორი ბალანსის დაცვით. პროდუქტიულ საჯარო ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის როგორც ადამიანური, ისე მატერიალური კაპიტალის ზრდის თვალსაზრისით, რაც შემდგომი ეკონომიკური ზრდის საფუძველი ხდება. ასეთი პროექტების დაფინანსება შეიძლება მართლაც განხორციელდეს საჯარო-კერძო პარტინიორობის გზით, რაც კერძო სექტორს დიდი საინვესტიციო პროექტების შესრულებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მაშინ როცა კერძო-საჯარო პარტნიორობების გზით პროექტების განხორციელებას  რამდენიმე უპირატესობა გააჩნია, მას ასევე თან ახლავს რისკები. ერთი მხრივ, საჯარო-კერძო პარტნიორობას შეუძლია  გაზარდოს საჯარო სექტორის შეზღუდული შესაძლებლობა, რათა ქვეყნის მზარდი ინფრასტრუქტურული მოთხოვნები დააკმაყოფილოს; ამავდროულად შემოიტანოს კერძო სექტორის ხელთ არსებული ტექნოლოგია და ინოვაცია უკეთესი საჯარო მომსახურების შესრულებისას, ოპერაციული ეფექტიანობის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, ყურადღება უნდა მიექცეს რისკების განაწილებას სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, რათა ასეთმა პარტნიორობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯვის აუცილებლობა არ გამოიწვიოს. 

როგორი უნდა იყოს მიდგომა ფინანსური ბაზრებისადმი განვითარებად ქვეყნებში: მეტი რეგულაცია თუ მეტი ლიბერალიზაცია?

ჩემი აზრით, შეუძლებელია ამ კითხვაზე ყველა განვითარებადი ბაზრისთვის  განზოგადებული, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.  ფინანსური სექტორის პოლიტიკა დამოკიდებულია ქვეყნის გარემოებებზე. მიზანი ყოველთვის უნდა იყოს ფინანსურ სისტემაში ზედმეტი რისკის დაგროვების თავიდან აცილება, რისთვისაც უნდა ხდებოდეს შესაბამისი რეგულირება და ზედამხედველობა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, ფინანსურ სისტემას შეეძლოს თავისი როლის შესრულება, რაც გულისხმობს თანხების მიმართვას დამგროვებლებიდან მსესხებლებზე/ინვესტირების განმახორციელებლებზე. დინამიკური ფინანსური სექტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ეკონომიკისთვის.

ძლიერი საბანკო სექტორი შესაძლებლობაა თუ რისკი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის?

საქართველოს საბანკო სექტორი ძლიერია და ეს საქართველოსთვის დიდი აქტივია. კარგად რეგულირებული, ზედამხედველობას დაქვემდებარებული კარგად მართული და კაპიტალით ადეკვატურად უზრუნველყოფილი საბანკო სისტემა ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტორების მოზიდვას. თუმცა ამავდროულად საჭიროა საფინანსო სექტორის გაფართოება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის წახალისება, ინსტიტუციური ინვესტორების: საპენსიო და ერთობლივი ფონდების წახალისება, სადაზღვევო ბაზრის ზრდა. ფინანსური ინსტიტუტების ზრდა, რაც ეფექტიანად გადაამისამართებს დანაზოგს ინვესტიციებზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ეკონომიკის 3.5% ზრდა საკმარისია?

საქართველოს მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს, რაც ქვეყნის ყველა მოსახლეს შეეხება და შეამცირებს უმუშევრობის დონეს, რომელიც 2016 წელს 11.8 პროცენტი იყო. ახლა, როდესაც გლობალური ეკონომიკის ზრდა განახლდა, საქართველოს ეკონომიკაც აჩქარდა და, წინასწარი მონაცემების მიხედვით, პირველი კვარტალის ზრდამ 5 პროცენტი შეადგინა. ეს მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი საშუალოვადიანი ზრდის მაღალი ტემპის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულება,  ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, შედეგად ეკონომიკის მეტად ზრდას მოიტანს. ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას  და ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც საბოლოოდ გაზრდის ეკონომიკური აქტივობის დონეს და შექმნის სამუშაო ადგილებს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *