EBRD-მა საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

EBRD-მა საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2022-2027 წლებისთვის საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. EBRD-ის სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტზე დაყრდნობით შემუშავდა.

EBRD-ი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ მდგრადობა და პროდუქტიულობა კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მათ შორის – დიგიტალიზაციაში ინვესტირებით. ბანკი ასევე განაგრძობს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაღრმავების მიზნით, რაც კომპანიებს დაფინანსების უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს.

ახალი სტრატეგიის თანახმად, EBRD-ის მიზანი, განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ფინანსურ და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება EBRD-ის მთავარი აქცენტია.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კი საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერაა. EBRD-ი კვლავ დაეხმარება საქართველოს მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის დაჩქარებაში სათბური ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის მიზნით. EBRD-ის მწვანე ეკონომიკის ტრანზიციის მიდგომასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბანკი ხელს შეუწყობს განახლებად ენერგიაში ინვესტიციების პოლიტიკასთან ჩართულობას და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის – ენერგიისა და რესურსების ეფექტიანობის გაზრდას, და გააგრძელებს მწვანე ქალაქების ჩარჩოს განვითარებას.

საქართველომ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების წინსვლისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად. EBRD-ის ახალი სტრატეგია Covid-19-ის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. EBRD-ი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია, რომელმაც ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ჯამში 269 პროექტში 4,53 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. EBRD-ის ინვესტიციებიდან 78% კერძო სექტორშია წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *