Minecraft-მა YouTube-ზე ტრილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა

Minecraft-მა YouTube-ზე ტრილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა

ზრდასრულები, მოზარდები და ბავშვები თანხმდებიან, რომ Minecraft-ი ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოთამაშია. მისი პეწი – სიმარტივეშია: პიქსელებიანი გრაფიკის მქონე თამაში, რომლის მთავარი ალღო, ელემენტების მოპოვება და მათგან სხვადასხვა ნივთის შექმნაა, ერთგვარ გლობალურ პლატფორმად იქცა, რომლის დახმარებით, ადამიანებმა საკუთარ თავში შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩინეს და კონტენტის შექმნით, საკმაო რაოდენობის ფულიც იშოვეს. სხვა რომ არაფერი, მეტავერსის იდეის განვითარებაში, Minecraft-ს ლომის წილი მიუძღვის.

ამჯერად, Minecraft-მა ერთ ნიშანსვეტს მიაღწია – თამაშის ვიდეოებს YouTube-ზე ტრილიონი ნახვა დაუგროვდა. ეს მიღწევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ Minecraft-ის დეველოპერთან, Mojang-თან ერთად, მას YouTube-ი და გეიმერების გლობალური კომუნა ზეიმობს. YouTube-ისთვის Minecraft-ი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქტივია – როგორც იდეურად, ასევე ფინანსურადაც.

YouTube-ისთვის Minecraft-ი კომპანიის ისტორიაში ყველაზე პოპულარული თამაშია. 2020 წელს მან 200 მილიარდი ნახვა მოაგროვა, რაც 100 მილიარდით უფრო მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი Roblox-ისა. YouTube-ის კულტურისა და ტრენდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ერნესტ პეტის აზრით, ამ თამაშის ამგვარ პოპულარობას მისი მარტივი და შემოქმედებითობაზე დაფუძნებული ბუნება და მოთამაშეების კომუნა განსაზღვრავს. YouTube-ზე Minecraft-ის კომუნა 35000-ზე მეტი კრეატორისგან შედგება, რომლებიც 150 ქვეყანას წარმოადგენენ.

„Minecraft-ში არიან ადამიანები, რომელთაგან ზოგი თავგადასავალს ეძებს, ზოგი სამყაროს ქმნის, ზოგიც მეგობრებთან ერთად თამაშობს და ყველა ეს ადამიანი – ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს Minecraft-ის მთავარი ამბის მთხრობელი, ლიდია უინტერსი, რომლის მთავარი საქმეს მოთამაშეებისთვის სამყაროების შექმნა და კურირება წარმოადგენს.

„YouTube-ზე Minecraft-ის ამგვარი პოპულარობის მიზეზი ის გახლავთ, რომ YouTube-ზე განთავსებული ვიდეოები ამბავს ჰყვებიან. შენ კი, Minecraft-ის თამაშისას, Minecraft-ში ნებისმიერი ამბის თხრობა შეგიძლია და ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ სახის კონტენტს ამდენი ადამიანი ქმნის“, – ამბობს ლიდია უინტერსი.

Minecraft-ი 2009 წელს შეიქმნა როგორც ღია სივრცეში ხელმისაწვდომი და უფასო ონლაინთამაში, რომელსაც მალევე ძალიან ბევრი მომხმარებელი გაუჩნდა. „ტრილიონი ნახვის ნიშანსვეტის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა იმ კრეატორების შემოქმედებითი მახვილგონივრულობის გარეშე, რომლებმაც წლების განმავლობაში Minecraft-ის შესახებ გადაღებულ ვიდეოებს პლატფორმაზე ტვირთავდნენ“, – ამბობს ერნესტ პეტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *