ეკოლოგიური პრობლემებისადმი ფორმალური მიდგომა

ეკოლოგიური პრობლემებისადმი ფორმალური მიდგომა

ჩვენი საავტორო სვეტის თითოეულ სტატიას, ერთი მხრივ, ვუთმობთ იმ თემებს, რომლებიც საჭიროებენ გადაჭრას სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მეორე მხრივ კი მკითხველს ამ საკითხების გადაჭრის გზებისა და საჭირო გადაწყვეტილებების ჩვენეულ ხედვას ვთავაზობთ. თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდა საქმის ერთი მხარეა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკურ განვითარებას თან მოსდევს საწარმოო და სამომხმარებლო – ორგანული, არაორგანული, ქიმიური და მრავალი სხვა სახის – ნარჩენების ზრდა. როდესაც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შესაძლო თანამდევი ნეგატიური გავლენა, რაც სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება მოახდინოს საქართველოს ეკოლოგიურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.

ნებისმიერი ქვეყანა ფასეულია იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის მოსახლეობა უფრთხილდება გარემოს და თავის ბუნებრივ რესურსებს. თუ არ ხდება გარემოს მოვლა და დაცვა, მაშინ ამ ქვეყნის ფასეულობა მკვეთრად მცირდება, რადგან ასეთი ქვეყანა, პირველ ყოვლისა, სიცოცხლისთვის და შემდეგ ეკონომიკური აქტივობისათვის უვარგისია.

თუ საქართველოს უახლეს ისტორიას გადავხედავთ, არა მარტო ახლა, არამედ საბჭოთა დროსაც ინდუსტრიული წარმოება არ იყო განვითარებული, გარდა რამდენიმე სამრეწველო ქარხნისა, ესენია: რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, აზოტის ქარხანა, კაუჩუკის ქარხანა, ასევე ქუთაისის ავტოქარხანა და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცხადია, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ამ ქარხნებმაც თითქმის სრულად შეწყვიტეს ფუნქციონირება. გარემოზე ზემოქმედების კუთხით ამ ქარხნების უმრავლესობას არ ჰქონდა დიდი საწარმოო ნარჩენი და, შესაბამისად, ნაკლები იყო გარემოზე ზემოქმედება, რადგან ამ ქარხნების უმრავლესობაში საწარმოო პროცესების უდიდესი ნაწილი დამზადებული შემოსული ნაწილების აწყობაში მდგომარეობდა. ამ თვალსაზრისით ქვეყანას საწარმოო ნარჩენების დიდი რაოდენობა არ ჰქონდა. თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ამიტომ ქვეყანაში არ იყო განვითარებული ინდუსტრიები და, შესაბამისად, დასაქმების დიდი ბაზა.

ეკონომიკური განვითარება და ეკოლოგია:

დადებითი ფაქტორია ისიც, რომ დღეს საქართველოში არა გვაქვს ბევრი ინდუსტრიული საწარმო და ნულიდან ვქმნით მათ. ახალი საწარმოები უნდა დაიგეგმოს და შეიქმნას ეკოლოგიური ფაქტორებისა და სტანდარტების დაცვით. ეკოლოგიური საკითხები იმთავითვე – წარმოების შექმნისთანავე – უნდა გადაწყდეს.

როდესაც საუბარია ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სტანდარტების დაწესებაზე, ხშირად ისმის არგუმენტი, რომ ასეთი სტანდარტებისა და მოთხოვნების შემოღება შეამცირებს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და შედეგად შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ არგუმენტის მიხედვით გარემოს დაბინძურება ეკონომიკურად მიზანშეწონილი, ე.ი. მოგებიანია. ეს მიდგომა პოპულარულია არა მარტო განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც.

ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანი პროდუქტებისა და სერვისების წარმოება- მიწოდება არ უნდა ხდებოდეს გარემოს დაბინძურების ხარჯზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს წარმატებული გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება გარემოზე მინიმალური ნეგატიური ზემოქმედებით. ბევრ ქვეყანაში ეს მიზანი ძირითადად მიღწეულ იქნა გარემოზე ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად ინვესტიციების მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვით. სწორედ ეს ფინანსური სტიმულები ინვესტორებისათვის აბათილებს გარემოზე ზემოქმედების რეგულაციებით გამოწვეულ ფასების ზრდას.

ფინანსური სტიმულების შემუშავება და დანერგვა, ერთი მხრივ, შესაძლებელია სახელმწიფო დონეზე, მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების კომპანიებისათვის და ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით. მსგავსი საგადასახადო შეღავათები ხელს შეუწყობს ნარჩენების გადამმუშავებელ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვას. მეორე მხრივ, ასევე აუცილებელია იმ რესურსების გამოყენება, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის სახით გამოყოფენ როგორც სახელმწიფო პროექტებისათვის, ასევე კერძო კომპანიებისათვის.

ამდენად, არგუმენტი იმისა, რომ ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა პროდუქციისა და მომსახურების თვითღირებულებას გაზრდის და, შესაბამისად, არაკონკურენტუნარიანს გახდის – მოკლებულია საშუალო და გრძელვადიან საფუძველს. საქართველოში დღეს, საბედნიეროდ, გვაქვს წარმოებები, თუმცა ძალიან მცირე ოდენობით, რომლებიც იცავენ გარემოზე ზემოქმედების უმაღლეს სტანდარტებს და ამასთანავე ახერხებენ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებასა და მიწოდებას როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისათვის.

ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების საკითხს მეორე უმნიშვნელოვანესი მხარე აქვს. როდესაც ვამბობთ, რომ გარემოზე არზრუნვა ეკონომიკურად მოგებიანია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარემოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში.

ეს პრობლემა საქართველოში მართლაც ძალიან მძიმედ დგას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის დონით 100,000 მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ჩრდილოეთი კორეა უსწრებს. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ანალოგიურ კვლევებში საქართველო ყოველთვის პირველ ხუთეულში შედის.

შესაბამისად, ხსენებული ეკონომიკური არგუმენტის – „თუ გარემოს დავიცავთ, მაშინ კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით“ – რეალური შინაარსი არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობასა და მათ სიცოცხლეს გარკვეული მონეტარული ფასი ედება – კონკურენტუნარიანები ვიქნებით, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სიცოცხლის ფასად. ვინ რა მონეტარულ ღირებულებას დაადებს სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ანუ ვინ როგორ იზრუნებს გარემოზე – ამას დღეს ყველა თავისებურად წყვეტს და თავისებურად გამოხატავს ფულად ერთეულში.

სატრანსპორტო გამონაბოლქვის გარდა, მრავალი მაგალითი შეიძლება დავასახელოთ იმისა, თუ როგორ მოხდა ეკოლოგიური საკითხების უგულებელყოფა ახლად შექმნილ წარმოებებში: ცემენტის ქარხნები, თევზის გადამმუშავებელი საწარმოები, ფეროშენადნობთა ქარხანა, შინაური ცხოველებისა და ფრინველების სასაკლაოები და ა.შ.

საქართველოში სუფთა და სასიცოცხლოდ შესაძლებელი გარემოს მოთხოვნის უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცხოვრება. ხოლო სუფთა გარემოზე ზრუნვა და მისი შენარჩუნება უნდა იყოს ვალდებულება ყველასათვის, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ეკონომიკური აქტივობა და გარემოზე ზემოქმედებით ეკონომიკური სარგებლის მიღება. ჩვენთან დღეს ეს უფლება- ვალდებულებები აღრეულია.

აუცილებელია გონივრული და გააზრებული საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, მასზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და, მეორე მხრივ, წაახალისებს შესაბამის ინვესტიციებსა და ეკონომიკურ აქტივობებს. თუ არ იქნება საკანონმდებლო ბაზა, არც ერთი ინვესტორი თავისი ინიციატივით ეკოლოგიური საშიშროების რისკებს არ გაითვალისწინებს. ეკოლოგიური სტანდარტები და შესაბამისი საბაჟო რეგულაციები უნდა გავრცელდეს იმპორტირებულ პროდუქტებზეც, ისე როგორც ეს ხდება ევროგაერთიანების ქვეყნებში საქონლის ექსპორტის დროს.

მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო რეგულაციები შემუშავდეს და დაინერგოს არა ხისტად და ფორმალურად, არამედ თანამიმდევრულად და შედეგზე ორიენტაციით. გვახსოვს ჩვენი გამოცდილება ევრორეგულაციების შესაბამისად პოლიეთილენის შესაფუთი მასალების სტანდარტების დაწესებისას: რეგულაცია შემუშავდა, დაინერგა ხისტად, კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მზად, რომ გადაწყობილიყო და დაეკმაყოფილებინა ახალი მოთხოვნები; შედეგად მივიღეთ ფორმალური რეგულაცია პრაქტიკული ეკოლოგიური შედეგის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი და დასტური იმისა, რომ პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული რეგულაციების შემუშავება და თანამიმდევრული დანერგვა უმნიშვნელოვანესია.

ნარჩენები:

დაბინძურებული ჰაერის პარალელურად ნარჩენების მართვა ყველაზე პრობლემატური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ადამიანის ფუნქციონირებისას წარმოქმნილი მზარდი ნარჩენების გადამუშავება საქართველოში ძალიან არაეფექტიანად არის ორგანიზებული. არა გვაქვს ნარჩენების სორტირებისა და ნაგავსაყრელებზე მათი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამომხმარებლო თუ საწარმოო ნარჩენი არ ნიშნავს იმას, რომ ის უფასოა. მისი გადამუშავება ორგანიზებასა და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ნებისმიერ დიდ თუ პატარა ქალაქში ნარჩენების მართვა კარგ შემთხვევაში შემოიფარგლება მათი შეგროვებითა და ქალაქგარეთ მათი ტრანსპორტირებით. უმეტეს შემთხვევაში ნარჩენები კონცენტრირებულია ღია ცის ქვეშ და ქარის დროს ეს ნარჩენები დიდ მანძილზე მიმოიფანტება დაბებსა და ზეგანებზე. მეორე მხრივ ჩვენთან მიიჩნევა, რომ თუ ნარჩენი მიწაში დაიმარხა – პრობლემა მოგვარდა. ის, რომ ნარჩენი მიწაში დავმარხეთ და მის არსებობას ყნოსვით ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. პირიქით, ნარჩენების დამარხვით იწყება ყველაზე სავალალო ეკოლოგიური პრობლემა.

ნარჩენის დამარხვით ზიანდება და იწამლება ნიადაგი და, რაც ყველაზე მთავარია, ბინძურდება ჩვენი ერთ- ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე – მიწისქვეშა წყლები. არა მარტო მიწისქვეშა წყლები, არამედ მიწისზედა წყლებიც – მდინარეები და ტბებიც – სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან, რადგან მათთან განუკითხავად მიერთებულია საკანალიზაციო და საწარმოო გამდინარე ნარჩენების მილები. შედეგად იწამლება როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა წყლები – ჩვენი საუკეთესო აქტივი და სიმდიდრე.

ის, რომ ეკონომიკურად არა ვართ განვითარებული, ეკოლოგიური თვალსაზრისით სასიხარულოა. ჩვენ გაგვიმართლა. ეკოლოგიური საკითხებისადმი არსებული მიდგომით ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარებული იყოს, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა და მისი მომავალი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდა. ამ თვალსაზრისით უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. თუ ეკონომიკურად განვვითარდებით, მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

ნარჩენების მართვა არ უნდა იყოს სახელმწიფო კომპანიების ფუნქცია და არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. საჭიროა კონცეფცია და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ნარჩენების მართვის კომერციალიზაციისათვის. აქაც, როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, ახლის გამოგონება არ გვჭირდება, რადგან არსებობს ხანგრძლივი წარმატებული გამოცდილების მქონე უამრავი ქვეყანა, სადაც ნარჩენების მართვა ხდება კერძო ბიზნესის მიერ ეფექტიანობისა და ეკოლოგიური მაღალი სტანდარტის პირობებში. ჩვენს ერთ- ერთ წინა სტატიაში განვიხილეთ ნარჩენების მართვის განკერძოებისა და კომერციალიზაციის კონკრეტული მექანიზმები, რომელთა დანერგვა დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ძირითადი პრობლემა ანალოგიურია ჩვენს ენერგოსისტემაში არსებული პრობლემისა. რადგან ელექტროენერგიაზე ფასი სახელმწიფო რეგულატორის მიერ ხელოვნურად დაბალ დონეზეა დარეგულირებული, მასზე მოთხოვნაც ჭარბია – იაფი პროდუქტი/ მომსახურება მომხმარებლის მიერ მოიხმარება არაეფექტიანად, რადგან მისი ხარჯი დაბალია. ამავე დროს, დაბალი ტარიფის გამო ელექტროენერგიის გამომუშავებასა და გადაცემაში არ ხდება ინვესტიციების მოზიდვა, რაც მზარდი მოთხოვნის პირობებში არსებული სიმძლავრეების/ აქტივების დაჩქარებულ ცვეთას იწვევს, ხოლო მეორე მხრივ არ ხდება ამ სიმძლავრეების განახლება, რაც კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს.

ანალოგიურად, როდესაც მოხდება ნარჩენების მართვის კომერციალიზაცია და ნარჩენების შეგროვებას, სორტირებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას შესაბამისი საბაზრო ფასი დაედება, მაშინ კერძო თუ საწარმოო მომხმარებელი ვიდრე კონკრეტულ პროდუქტს მოიხმარს, დაფიქრდება, გააანალიზებს და გაითვალისწინებს ამ ნარჩენის მომსახურების ფასს და, შესაბამისად, მეტი სიფრთხილით მოეკიდება კონკრეტული პროდუქტების მოხმარებულ ოდენობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობა დაიწყებს ნარჩენების დახარისხებას მათი სახეების მიხედვით, ანუ სორტირებას. უფრო რეალისტური იქნება, თუ ნარჩენის სორტირება და შემდეგ გადამუშავება მოხდება ნარჩენების გადამმუშავებელ საწარმოებში. ეს ნიშნავს, რომ ნარჩენის სორტირების ხარჯებს გაიღებს გადამმუშავებელი საწარმო და შესაბამისი საფასური ასახული იქნება ნარჩენების მომსახურების ფასში; ცხადია, ეს ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სორტირებული ნარჩენის ფასი.

ტყე და ეკოსისტემა:

ბოლო ოცი წლის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად ხდება ტყის კონცეფციისა და რეფორმების დოკუმენტების შექმნა. თუ გადავხედავთ მოწვეული ექსპერტების მიერ ამ დოკუმენტებით შემოთავაზებულ რეკომენდაციებსა და სატყეო პოლიტიკის მოდელებს – ისინი წლიდან წლამდე ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან. მიუხედავად ყოველწლიური განხილვებისა და დოკუმენტურად გაწერილი რეფორმებისა, სატყეო პოლიტიკა არა გვაქვს და ტყის მართვის, მომსახურებისა და ადმინისტრირების კუთხით ვართ იქ, სადაც ვიყავით ოცი წლის წინ.

აუცილებელია, არსებობდეს ტყის ადმინისტრირების, მომსახურებისა და მართვის კონცეფცია. საკანონმდებლო დონეზე საჭიროა ტყის პოლიტიკის შემუშავება და კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულებისათვის შესაბამისი ფუნქციების დანერგვა. ტყის კონცეფცია და პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების წახალისებას, სამონადირეო მეურნეობების განვითარებას, რეგიონალური განვითარებისათვის ტყეების ფუნქციის გაზრდას, სატყეო ტურიზმის განვითარებას, სოფლებში ტყის რესურსის ენერგიის წყაროდ გამოყენების შემცირებას, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე სატყეო მეურნეობებიდან შემოსავლების გაზრდასა და რეგიონალურ განვითარებას, სატყეო წყალშემკრებების მართვას, კატასტროფებისა და ხანძრების რისკების შემცირებას, ტყის მერქნული და არამერქნული რესურსის ეფექტიან მართვასა და ტყის ბიომასის გამოყენებას.

ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ ტყეები სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს. გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ტყეები სახელმწიფოს ეკუთვნის, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეები განიცდიან დეგრადირებას, არ ხდება მათი გამოხშირვა და განახლება, რაც საბოლოო ჯამში ტყის მასების განადგურებით მთავრდება. მიდგომა, რომ ტყეები უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს, საბჭოთა გადმონაშთია.

მას შემდეგ, რაც შემუშავდება ეფექტიანი და გრძელვადიანი სატყეო კონცეფცია, უნდა მოხდეს ტყეების კომერციალიზაცია – განკერძოება. ტყის განკერძოების შემთხვევაში ინვესტორის მთავარი ვალდებულება უნდა იყოს ტყის განახლება, განვითარება და შენარჩუნება. ტყის განკერძოების შემთხვევაში პოტენციური ინვესტორისა და მფლობელის შერჩევა უნდა მოხდეს არა მარტო სატენდერო ფასის მიხედვით, არამედ პოტენციური ინვესტორის გამოცდილების, რეპუტაციისა და ფინანსური შესაძლებლობების გაანალიზების შედეგად. პოტენციურმა ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს ტყის განახლებისა და მისი შენარჩუნების რეალური გეგმები და მყარი გარანტიები. უნდა აღინიშნოს, რომ ტყის განკერძოება არ ნიშნავს იმას, რომ იქ შესვლას მფლობელის გარდა ვერავინ შეძლებს. ტყე შეიძლება იყოს კერძო, თუმცა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. არ უნდა დავუშვათ ის შეცდომა, რომელიც მოხდა ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად გაურკვეველი და ხშირ შემთხვევაში საეჭვო რეპუტაციისა და შესაძლებლობების „ინვესტორებთან“ მემორანდუმების გაფორმების დროს. ტყის მფლობელის შერჩევა უნდა მოხდეს მაღალი სტანდარტების მიხედვით, ნათლად გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებებითა და ამ ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მონიტორინგის სისტემით.

ტყე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივია. მას, პირველ ყოვლისა, დაცვა- შენარჩუნება და შემდეგ სწორი პოლიტიკისა და განკერძოების გზით განახლება და განვითარება სჭირდება.

დაბოლოს, ვფიქრობთ, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა საქართველოს განვითარებისათვის ყველაზე კრიტიკული ამოცანაა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა, მიუხედავად ამ საკითხის პრიორიტეტულობისა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გარემოს დაბინძურების ხარჯზე დაუშვებლად მიგვაჩნია. ამავე დროს ბევრი ქვეყნის გამოცდილებით დასტურდება, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა სუფთა ეკოლოგიურ გარემოს არ გამორიცხავს. საჭიროა თანამიმდევრული მიდგომა და არსებული გამოცდილებების გამოყენება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ცხოვრებისათვის ჯანმრთელი და სასიამოვნო ეკოლოგიური გარემოს შექმნა ისევ და ისევ ჩვენთვის და არა კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.