ეკონომიკის თამაშის წესების შესწავლის შედეგად, დედამიწაზე თანაცხოვრება უფრო ღირებული ხდება - ანი გვარამაძე, ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული

ეკონომიკის თამაშის წესების შესწავლის შედეგად, დედამიწაზე თანაცხოვრება უფრო ღირებული ხდება - ანი გვარამაძე, ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, GELi-ს გუნდის მიერ საქართველოში ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 10 ფინალისტიდან კი 5 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა შეირჩა.

გამარჯვებულებს შორისაა ანი გვარამაძე, კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. ანი დიდი ხანია, რაც ეკონომიკის საკითხებით არის დაინტერესებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში, რომელიც ახალგაზრდებს შორის ფინანსური და ეკონომიკური განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“ეკონომიკა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის თამაშის წესების შესწავლის შედეგად, ცხოვრება უფრო პროდუქტიული და ღირებული ხდება“, – ასე იწყება საუბარი ანი გვარამაძესთან, რომელიც ოლიმპიადაში მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

ამბობს, რომ ეკონომიკის შესწავლა არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადო კეთილდღეობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების ხელშეწყობა უკეთესი და უფრო ნათელი მომავლის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური ცნობიერების დონის ამაღლება წარმოადგენს, დღეს, განსაკუთრებით საქართველოში, ამ კუთხით განათლების დონე დაბალია. შესაბამისი განათლების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები კი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ანი.

ამიტომ ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა და რაც მთავარია, ინტერესი, რაც შეიძლება მეტად გაითავისონ ეკონომიკური პრინციპები. თეორიის გაცნობასთან ერთად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

„ბევრს ჰგონია, რომ ეკონომიკა მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისთვის არის გამოსადეგი, თუმცა რეალურად, ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე, ყველას სჭირდება ეკონომიკური აზროვნების გამოყენება. ვატყობ, რომ ახლა ბევრად უფრო რაციონალურად ვიღებ გადაწყვეტილებებს და მხედველობაში ვიღებ მრავალ ფაქტორს, რომლებიც აქამდე ყურადღების მიღმა მრჩებოდა“, – აღნიშნავს ანი.

ის ოლიმპიადისთვის „საღი აზრის ეკონომიკის“ დახმარებით ემზადებოდა, ესწრებოდა ორგანიზატორების მიერ გამართულ სესიებს, სადაც იღებდა პასუხებს ყველა მისთვის საინტერესო კითხვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ანისთვის ეკონომიკის საკითხები ოლიმპიადაში მონაწილეობამდეც კარგად იყო ცნობილი, რადგან მეათე კლასიდან ყოველკვირა უტარდებოდა ამ მიმართულებით გაკვეთილები.

„ყოველთვის ვცდილობ, გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა და ჩავერთო სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში. მოტივაციას კი გამოწვევებთან დაპირისპირება და მათთან გამკლავების შედეგად მიღებული გამოცდილება მაძლევს. ძალიან მომწონს ოლიმპიადები და კონკურსები, ასევე პროექტები, რომლებიც კოლაბორაციასა და გუნდურ მუშაობას მოითხოვს და მაძლევს შესაძლებლობას, გამოვავლინო ლიდერული უნარ-ჩვევები. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა ეკონომიკის ოლიმპიადა იყო. მისი მრავალფეროვანი ეტაპები მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდა. იქნებოდა ეს ტესტირება, არგუმენტირებული მსჯელობა, თუ ინტერვიუ, ყოველთვის იყო საკუთარი უნარების სხვადასხვა ფორმით გამომჟღავნების შესაძლებლობა“, – გვიყვება ანი.

ამბობს, რომ სწავლის პროცესში უპირატესობას ისეთ მეთოდებს ანიჭებს, რომლებიც ეხმარება, საკითხს სხვადასხვა რაკურსით მიუდგეს და მაქსიმალურად გაათავისუფლოს საკუთარი გონება შეზღუდვებისა და ჩარჩოებისგან.

კონცენტრაციის მოსაკრებად და განტვირთვისთვის კი საუკეთესო საშუალებად ფორტეპიანოზე დაკვრასა და ხატვას მიიჩნევს, თუმცა, ყველაზე მეტად მოდერნისტული ლიტერატურისა და პოეზიის კითხვა ანიჭებს სიამოვნებას.

თანატოლებს კი ურჩევს, მიიღონ მრავალმხრივი განათლება, მიღებული ცოდნა მხოლოდ თეორიულ სამყაროში არ დატოვონ და აუცილებლად ეცადონ მის რეალობაში გადმოტანას ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების პროცესში კი კერძო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ფიქრობს, რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ სხვადასხვა, საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა (EO) არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკური განათლებისა და ფინანსური წიგნიერების დონის გაუმჯობესებას. ის ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ 2016 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში დაარსდა, 2017 წლიდან კი საერთაშორისო პროექტი გახდა. INEV უკვე ატარებს ოლიმპიადებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელი. ეს მონაცემები კი მუდმივად იზრდება.

საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ ტარდება, რომელსაც საქართველოს ბანკის გენერალური მხარდაჭერით და Economic Fundamental Initiative-თან (EFI) და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს. S