Meta, Microsoft-ი და კიდევ ასობით კომპანია Twitter-ის ახალი სახელის (X) სავაჭრო ნიშანს ფლობს

Meta, Microsoft-ი და კიდევ ასობით კომპანია Twitter-ის ახალი სახელის (X) სავაჭრო ნიშანს ფლობს

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიერ Twitter-ის რებრენდინგის გადაწყვეტილებას და ახალი სავაჭრო ნიშნის, X-ის წარდგენას შესაძლოა სამართლებრივი პრობლემები მოჰყვეს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იმავე სიმბოლოზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებას Meta, Microsoft-ი და კიდევ ასობით კომპანია ფლობს.

შესაბამისად, Twitter-სა და X Corp-ს მომავალში ბრენდის სავაჭრო ნიშნის დასაცავად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს. ამერიკულ მედიასააგენტო Reuters-ისათვის მიცემულ ინტერვიუში სავაჭრო ნიშნების სამართალში სპეციალიზებული იურისტი ჯოშ გერბენი ვარაუდობს, რომ Twitter-ს აღნიშნული მიზეზით აუცილებლად უჩივლებენ. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის დაახლოებით 900-მდე აქტიური ამერიკული სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია არსებობს, სადაც სიმბოლო X ფიგურირებს.

ცნობისთვის, სავაჭრო ნიშნის ფლობა კომპანიებსა და ბრენდებს სახელებზე, სლოგანებსა თუ ლოგოებზე ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. შესაბამისად, კომპანიები ამ საფუძვლით ექსკლუზიურობის დარღვევაზე ხშირად აპელირებენ. წარმატების შემთხვევაში კი სანქციები ფულადი ჯარიმებიდან გამოყენების აკრძალვამდე ზომებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი რისკის წინაშე გასულ წელს Facebook-იც იდგა, როდესაც სახელი Meta-დ გადაიკეთა. სავაჭრო ნიშნის შესახებ Metacapital-ისა და MetaX-ის მიერ შეტანილი საჩივარი Facebook-ის წინააღმდეგ დღემდე აქტიურია.