ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საგაზაფხულო შეხვედრებს იწყებს, თუმცა – ვირტუალურად. შეხვედრებზე გადაწყვეტილების მიმღები პირები პანდემიით  გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, მოსალოდნელია 2021 და 2022 წლების ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზების გამოქვეყნებაც. აღსანიშნავია, რომ ფონდის მმართველმა დირექტორმა  კრისტალინა გეორგიევამ უკვე განაცხადა, რომ იანვრის პროგნოზთან შედარებით, განახლებული პროგნოზი გაუმჯობესებული იქნება.

IMF-ის განახლებული პროგნოზის გამოქვეყნების პარალელურად, ოთხშაბათს ასევე დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები აპირებენ შეკრებას, რა დროსაც ისინი სავალო პროგრამებზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკი ბოლო შეხვედრის დეტალებს გაასაჯაროებს და მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის მხრიდანაც ელოდებიან მარტის შეხვედრის შედეგების გამოცხადებას, რაც ინვესტორებისთვის ინფლაციის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი IMF-ის პანელზეც გამოვა სიტყვით. პარალელურად, აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი გლობალურ საკითხებზე ჩიკაგოს საბჭოს მიერ ორგანიზებულ ვებინარს დაესწრება და  გლობალური ეკონომიკის აღდგენის შესახებ ისაუბრებს.

მიმდინარე კვირას, ასევე აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, გერმანიასა და საფრანგეთში ექსპორტ-იმპორტისა და  სავაჭრო ბალანსის მონაცემებს გამოაქვეყნებენ. მთლიანად ევროკავშირში უმუშევრობის დონის თებერვლის მონაცემები გახდება ცნობილი. შვეიცარიაში კი უმუშევრობის დონის უკვე მარტის მონაცემები გამოქვეყნდება.  ამასთან, რუსეთში ცენტრალური ბანკის უცხოურ ვალუტაში რეზერვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. საინტერესო იქნება ასევე იტალიაში რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებლებიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *