ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის გიგანტები 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემების გამოქვეყნებას დაიწყებენ. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ფინანსური მაჩვენებლები გასულ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება.  მომავალ კვირაში, კერძოდ, ოთხშაბათს მოსალოდნელია ისეთი საბანკო გიგანტების მაჩვენებლების გასაჯაროება, როგორიცაა JPMorgan Chase-ი, Goldman Sachs-ი, Wells Fargo. მათ ხუთშაბათს მოჰყვება Bank of America-ს, Citigroup-ის, Blackrock-ის მიერ პირველი კვარტალის შემოსავლების გამოქვეყნება, ხოლო პარასკევს Morgan Stanley-ის მონაცემების გასაჯაროებას უნდა ველოდოთ.

გარდა ზემოთ ნახსენები ფინანსური კომპანიებისა, მიმდინარე კვირას ასევე პირველი კვარტალის შედეგებს გამოაქვეყნებენ UnitedHealth-ი, Delta Air Lines-ი, PepsiCo და Rite Aid-ი.

ანალიტიკოსების მოლოდინია, რომ 2021 წლის პირველი კვარტალის შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ითაა გაზრდილი. უფრო მეტიც, მათი მოლოდინია, რომ 2021 წლის პირველი სამი თვის მონაცემები 2018 წლის მესამე კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი იქნება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ამერიკაში გამოაქვეყნებენ სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებელს (CPI), რაც ინფლაციასთან დაკავშირებით ტენდენციებს ნათელს გახდის.მოსალოდნელია, რომ გასული თვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.5%-ით იქნება გაზრდილი,  ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით. თუ ეს დადასტურდა, მაშინ გამოდის, რომ აშშ-ში რვა თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა.

ამას გარდა, აშშ-ში გასაჯაროვდება მარტის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელიც. პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული მონაცემი თებერვლის 3%-იანი კლების შემდეგ 5.5%-ით იქნება გაზრდილი.

აშშ-ის გარდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლები გახდება ცნობილი ჩინეთშიც. მაგალითად, აზიის გიგანტი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, 2021 წლის პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს. როგორც მოსალოდნელია, ზრდა წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8% იქნება.

გარდა მშპ-ის მაჩვენებლისა, ჩინეთი გამოაქვეყნებს მარტის სავაჭრო ბალანსის მონაცემებს, ასევე რიტეილ-გაყიდვების, უმუშევრობის დონისა და ინდუსტრიული წარმოების შესახებ განახლებულ მაჩვენებლებს.

რაც შეეხება ევროპას, ბრიტანეთში უმუშევრობის დონის და რიტეილ-გაყიდვების განახლებული მონაცემი გასაჯაროვდება, ევროპის ცენტრალური ბანკი კი აპრილში საპროცენტო განაკვეთების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. რუსეთში მარტის რიტეილ-გაყიდვები და უმუშევრობის დონე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს, 13 აპრილს მოსალოდნელია 2021 წლის მარტის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებისა და 2019 წლის დაზუსტებული კაპიტალის ანგარიშის გამოქვეყნება მიმდინარე ფასებში. 15 აპრილს კი ცნობილი გახდება 2021 წლის მარტის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი.