ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკაში ინვესტორების ყურადღება ინფლაციის მაჩვენებლისკენ იქნება მიმართული. ინფლაციის ზრდის პროგნოზები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში უკვე იწყებენ მსჯელობას,  თუ რამდენად მალე მოუწევს ფედერალურ სარეზერვო სამსახურს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

გარდა ამისა, ინვესტორები მიმდინარე კვირას ელოდებიან რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანიის პირველი კვარტალის მონაცემებს. როგორც მოსალოდნელია, იანვარ-მარტის შედეგებს  Disney-ი, Marriott-ი, Airbnb-ი და Tyson Foods-იც გამოაქვეყნებენ.

საინტერესოა ისიც, რომ ამერიკაში საწვავის მილსადენების ოპერატორი კომპანია Colonial Pipeline-ის ქსელმა მუშაობა სრულად შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მასზე რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა. აღნიშნული კომპანია ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთვის და ასევე რამდენიმე მსხვილი აეროპორტისთვის ენერგორესურსების მიწოდების მთავარი წყაროა. ქსელის მუშაობის ხანგრძლივად შეჩერება კი საწვავზე ფასის მატებას გამოიწვევს. შესაბამისად, მოსახლეობისა და კომპანიების ყურადღება აღნიშნული კომპანიის ოპერირების აღდგენისკენ იქნება მიმართული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელი გამოქვეყნდება. როგორც გასულ კვირას ინგლისის ბანკმა განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკა პრეპანდემიურ დონეს 2021 წლის ბოლო კვარტალში დაუბრუნდება, ვადა, ადრინდელ პროგნოზთან შედარებით, სამი თვით შემცირდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ამ დრომდე ელოდნენ. ასევე ბრიტანეთში მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება მარტის სავაჭრო ბალანსიც.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას სამ მნიშვნელოვან სტატისტიკას უნდა ველოდოთ, კერძოდ, 13 მაისს გამოქვეყნდება 2021 წლის აპრილის საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები, 14 მაისს კი 2021 წლის აპრილის თვის საარსებო მინიმუმი და 2021 წლის პირველი კვარტალის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *