გასულ კვირას კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის დაფიქსირებამ მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირებულ შტამ „ომიკრონზე“ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, ცალკეული ქვეყნები უკვე შეზღუდვებს აწესებენ. მათ შორის საქართველოც, კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 აფრიკული ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდა. მათ 14-დღიანი იზოლაციის ვალდებულება ექნებათ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ქვეყნებმაც.
არავინ იცის, როგორ განვითარდება ამ მხრივ მოვლენები მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნისგან მორიგი რეგულაციებიც ვიხილოთ. შექმნილი ვითარება კი, ბუნებრივია, ბირჟებზეც აისახება.
„ბირჟები პანდემიის დასასრულის მოახლოებას ზეიმობდნენ, თუმცა ის ჯერ არ დასრულებულა. ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება, მათ შორის მონეტარული პოლიტიკა, ბიზნესგადაწყვეტილებები, მშპ-ის ზრდის პროგნოზები, ჰორეკა სექტორის და სხვების გადაწყვეტილებები შეჩერებულია“, – განაცხადა ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანია Cumberland Advisors-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, დევიდ კოტოკმა.
„ომიკრონის“ გამოჩენამ ნავთობის ფასებიც შეამცირა. კლებამ ერთ დღეში, გასულ პარასკევს, 10 დოლარი შეადგინა. ერთი დღის განმავლობაში მსგავსი კლება 2020 წლის აპრილის შემდეგ არ ყოფილა. ფასების მკვეთრი შემცირება სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ გაჩენილმა მოლოდინებმა გამოიწვია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირას, OPEC+ შეხვედრას გამართავს.
რაც შეეხება სხვა მოსალოდნელ ეკონომიკურ მოვლენებს, მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი სენატის საბანკო-საფინანსო კომიტეტის წინაშე წარდგება და პანდემიის პერიოდის ეკონომიკური სტიმულირების გეგმის შესახებ კითხვებს უპასუხებს.
გარდა ამისა, 29 ნოემბრის კვირას, ევროზონა ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ცნობისთვის, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 13-წლიანი რეკორდი მოხსნა და 4.1% შეადგინა. როგორც მოსალოდნელია, ეს ნიშნული მომავალ წელსაც შენარჩუნდება, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს (2%) მნიშვნელოვნად აღემატება.
გაზრდილი ინფლაციიდან გამომდინარე, ევროპის ცენტრალურ ბანკს შეიძლება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწიოს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას, კერძოდ, 1 დეკემბერს ქვეყანაში ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები – მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო დარბაზები / სპაცენტრები და ფიტნესდარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.
გარდა ამისა, საქსტატი გამოაქვეყნებს 2021 წლის ოქტომბრის ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარ შეფასებას, ასევე მშპ-ს დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით. 1 დეკემბერს გამოქვეყნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები (2021/2022 სასწავლო წელი), ასევე, სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მაჩვენებლები (2021/2022 სასწავლო წელი), კვირის ბოლოს კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2021 წლის ნოემბერი), საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2021 წლის III კვარტალი) და ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის სექტემბერი).