Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის, განსაკუთრებით კი მედიცინის დარგისთვის სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. მათ შორის გამოქვეყნდა არაერთი კვლევა, რომლებიც ამა თუ იმ დაავადების მკურნალობისთვის დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. მაგალითად, მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ცდებისას ინსულინის ახალი აბი 1-ლი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენეს. ამას გარდა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჰალუცინოგენური ნივთიერება ფსილოციბინი ტვინში მეტაბოტროპული რეცეპტორების, mGluR2-ის დონეს აღადგენს და ამ გზით ალკოჰოლზე დამოკიდებულებში რეციდივის რისკს ამცირებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ სიახლეებს შორის გამოსარჩევია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ ასტეროიდთან შესაჯახებლად DART-ის სახელწოდებით ცნობილი ხომალდის გაშვება. მისიის მიზანი ობიექტისთვის ორბიტისა და, შესაბამისად, გადაადგილების ტრაექტორიის შეცვლაა. ასევე აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, 100,000,000 °C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო და საკუთარი რეკორდი 10 წამით გააუმჯობესა. მოცემულ ბლოგში გასულ კვირას მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგითხრობთ.

ინსულინის ახალი აბი მეცნიერებმა თაგვებში 1-ლი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე იელის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს აბი, რომელიც მათ თაგვებზე ჩატარებული ცდებისას მღრღნელებში 1-ლი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენეს. სპეციალისტების განცხადებით, აბმა ექვსჯერ უფრო სწრაფად იმოქმედა, ვიდრე ინიექციამ. კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

თაგვებზე ჩატარებული ცდებისას ორალური გზით მისაღებმა პრეპარატმა მღრღნელებში არა მხოლოდ ინსულინის დონე დაარეგულირა, არამედ მეტაბოლური ფუნქციებიც აღადგინა და დაავადების თანამდევი ანთებითი პროცესებიც შეაჩერა.

Engin Ozber/iStock

ცნობისთვის, 1-ლი ტიპის დიაბეტი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა პანკრეასის ინსულინის წარმომშობ უჯრედებს ანადგურებს. ეს სისხლში შაქრის დაგროვებასა და მისი დონის მომატებას იწვევს. სამწუხაროდ, ამ დაავადებისგან მთლიანად განსაკურნებელი წამალი ამ დროისთვის არ არსებობს. მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა, ინსულინის ყოველდღიურ ინიექციასთან ერთად, მხოლოდ დაბალი ნახშირწყალბადებისა და ასევე დაბალი შაქრის შემცველი საკვების მიღება და დიეტის დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისეთ მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომა არა აქვთ, როგორიც, მაგალითად, ინსულინის ტუმბოა, პოლიპეპტიდური ჰორმონის ორგანიზმში შეყვანა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველდღიურად, ინიექციის გზით უწევთ.

ახალი მედიკამენტი, რომელიც იელის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და იმუნოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, ტარეკ ფაჰმიმ შექმნა, დიაბეტის მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ორ ძირითად უპირატესობას გვთავაზობს. პირველ რიგში, ის ორალური გზით მიიღება და პაციენტს მკურნალობის თანამიმდევრულობის დაცვა უადვილდება. მეორე უპირატესობა კი ის არის, რომ პრეპარატი ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს წარმართავს. ის სისხლში გლუკოზის მყისიერად გაკონტროლების საშუალებას იძლევა, ასევე პანკრეასის ფუნქციასა და ნორმალურ იმუნიტეტს აღადგენს.

ცნობისთვის, პრეპარატი ურსოდეოქსიქოლის მჟავასგან შედგება, რომელიც სხეულში ბუნებრივად წარმოიქმნება. მკვლევრებმა მისი პოლიმერიზაცია მოახდინეს. ეს პანკრეასის რეცეპტორებთან უკეთესად დაკავშირებას უზრუნველყოფს, მეტაბოლურ აქტივობას აძლიერებს და ამცირებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც ბეტა-უჯრედებს ანადგურებენ.

უნდა ითქვას, რომ სპეციალისტებმა დამაიმედებელი შედეგები არა მხოლოდ თაგვებზე, არამედ ღორებზე ჩატარებული ცდების დროსაც მიიღეს. ამჟამად მეცნიერების მიზანი იმის დადგენაა, შესაძლებელია თუ არა მკურნალობის აღნიშნული მეთოდის ადამიანების შემთხვევაში წარმატებით გამოყენება.

NASA-მ ასტეროიდთან შესაჯახებლად კოსმოსში ხომალდი გაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მისია DART-ის ფარგლებში დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდთან შესაჯახებლად ხომალდი გაუშვა. მიზანი ობიექტისთვის მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლაა. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში NASA ამ მეთოდს ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურად საშიში ასტეროიდებისგან მომავალი საფრთხის თავიდან ასარიდებლად და დედამიწის გადასარჩენად გამოიყენებს.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ DART-ის სახელწოდებით ცნობილი ხომალდი კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდენბერგის ბაზიდან 23 ნოემბერს, თბილისის დროით 10:20 საათზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9-ით გაუშვა. მას ასტეროიდთან შეჯახებამდე მილიონობით კილომეტრის გავლა მოუწევს. გაშვებიდან დაახლოებით ცხრა წუთის შემდეგ რაკეტის პირველი საფეხური დედამიწაზე დაბრუნდა და წყნარ ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა. აღსანიშნავია, რომ ეს 95-ე შემთხვევაა, რაც SpaceX-ის აპარატის მრავალჯერადი გამოყენების საფეხურმა მანევრი წარმატებით შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, DART-ი ასტრონომების მიერ 2003 წელს აღმოჩენილ, 160 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდ დიმორფოსს 6კმ/წმ სიჩქარით შეეჯახება. გეგმის მიხედვით, ეს 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდება. დიმორფოსი თავისზე ბევრად დიდი, 780 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდის, დიდიმოსის გარშემო მოძრაობს, მისთვის ერთი წრის დასარტყმელად კი მას რამდენიმე წუთი სჭირდება. ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტესტირება წარუმატებლად ჩაივლის, ამ ეტაპზე აღნიშნული ობიექტები დედამიწას საფრთხეს ვერ შეუქმნიან. მსგავსი განცხადება აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმაც გააკეთეს.

DART-ი აშშ-ის მერილენდის შტატში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიაში (APL) შეიქმნა. კოსმოსურ ხომალდს დამოუკიდებლად ნავიგაცია შეუძლია. აღსანიშნავია, რომ იტალიის კოსმოსური სააგენტოს მიერ დამზადებული აპარატი LICIACube-ი მისი ასტეროიდთან შეჯახების ამსახველ ფოტოებს გადაიღებს. ამ მოვლენიდან ოთხი წლის შემდეგ კი ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) პროექტ „ჰერას“ ფარგლებში ორივე ასტეროიდს გამოიკვლევს. განსაკუთრებული ყურადღება DART-ის შეჯახების შედეგად დიმორფოსზე დატოვებულ კრატერზე გამახვილდება.

შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც ორგანიზმს ოპიოიდებით ზედოზირებისგან იცავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ორგანიზმში ოპიოიდის ჭარბი დოზის აღმოჩენა და მისი განეიტრალება შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Scientific Reports-ში მკვლევართა მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

ახალი მოწყობილობა ინსულინის აპარატს მოგვაგონებს, რომელიც მუცელთან არის დაკავშირებული. სისტემა გრძნობს, როდის წყვეტს ადამიანი სუნთქვასა და მოძრაობას, რის შემდეგაც ორგანიზმში ანტიდოტ ნალოქსონს უშვებს.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში ოპიოიდების ეპიდემია კიდევ უფრო გაუარესდა. ის კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. ჩვენ შევქმენით ალგორითმები მარტივად სატარებელი მოწყობილობისთვის, რომელიც გრძნობს, როდის წყვეტს სუნთქვას მისი მომხმარებელი და ორგანიზმში ნალოქსონს ავტომატურად უშვებს. ამ გამოგონებას აქვს პოტენციალი, ოპიოიდებით ზედოზირებისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა შეამციროს. ვიმედოვნებთ, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე“, – აცხადებენ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.

საპილოტე მოწყობილობა აქსელერომეტრის წყვილისგან შედგება, რომელიც სუნთქვის სიხშირეს ზომავს. ის ასევე პროცესორით არის აღჭურვილი, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, როდის წყვეტს ადამიანი სუნთქვასთან დაკავშირებულ მოძრაობას. ცნობისთვის, მოწყობილობა აშშ-ის სპეციალურმა მარეგულირებელმა ორგანომ უკვე დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ სისტემა სუნთქვის სიხშირისა და მოძრაობის შესახებ ინფორმაციას Bluetooth-ის დახმარებით სმარტფონებსაც უზიარებს.

მეცნიერებმა მოწყობილობა კლინიკური ტესტირებისას მოხალისეებზე გამოცადეს. მათ შორის ერთი კვლევა კანადის ქალაქ ვანკუვერში მდებარე აცრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში ჩატარდა, მეორე კი – საავადმყოფოში. პირველ ტესტირებაში მონაწილეობას 25 მოხალისე იღებდა. როგორც ცნობილია, მოწყობილობამ ოპიოიდების მოხმარების შემდეგ სუნთქვაზე დაკვირვება ყველა ცდისპირის შემთხვევაში წარმატებით შეძლო.

მეორე კვლევაში მონაწილეობას 20 ადამიანი იღებდა. აღსანიშნავია, რომ ცდისპირებმა ოპიოიდების გადაჭარბებული დოზის მოხმარებისას გამოვლენილი სიმპტომების იმიტაცია გააკეთეს და 15 წამის განმავლობაში სუნთქვა შეიკავეს. როდესაც მოწყობილობამ აღმოაჩინა, რომ სხეულმა მოძრაობა შეწყვიტა, სისტემამ კვლევაში მონაწილეთა ორგანიზმში ნალოქსონის დოზა შეიყვანა.

ტესტირების შემდეგ ცდისპირებს სისხლის ანალიზი გაუკეთეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოწყობილობას ანტიდოტის მიწოდება სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის წარმატებით შეუძლია. ეს სპეციალისტებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ მათ მოწყობილობას ოპიოიდების გადაჭარბებული დოზის განეიტრალების პოტენციალი აქვს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, საჭიროა დამატებითი კვლევები და ტესტირებები, რომლებიც არახელსაყრელ გარემოში მოწყობილობის ეფექტიანობას დაადასტურებენ. მათივე თქმით, სასურველია სისტემა იმ ადამიანებზეც გამოიცადოს, რომლებიც ოპიოიდებს არასამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ.

სამხრეთკორეულმა „ხელოვნურმა მზემ“ ახალი რეკორდი დაამყარა

სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 100,000,000 °C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო. შედეგად, სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში შექმნილმა რეაქტორმა საკუთარი რეკორდი 10 წამით გააუმჯობესა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში ისეთივე რეაქცია მიმდინარეობს, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებისთვის. მეცნიერები აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის ძლიერ მაგნიტებს იყენებენ, რათა მილიონობით გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ცხელი პლაზმის გაკონტროლება და სტაბილიზაცია იყოს შესაძლებელი. ამით ისინი ატომებს ერთმანეთთან შეჯახების საშუალებას აძლევენ, რაც უფრო ძლიერ ბირთვს აყალიბებს. თეორიულად, ამ გზით იმ რაოდენობის მდგრადი ენერგია უნდა გამოიყოს, რომელიც კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს კი, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილების შერბილებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ცნობისთვის, KSTAR-ის მშენებლობა სამხრეთ კორეაში 2007 წელს დასრულდა. ამის შემდეგ მოწყობილობა დაიხვეწა და თანდათან შედეგების გაუმჯობესება შეძლო. შეგახსენებთ, რომ სამხრეთკორეულმა „ხელოვნურმა მზემ“ გასული წლის დეკემბერში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან პლაზმა 100,000,000 °C-ზე 20 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, KSTAR-მა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება რეაქტორში გათბობის სისტემისა და მაგნიტური ველის მდგომარეობის ოპტიმიზაციის წყალობით შეძლო. სპეციალისტების მიზანი რეკორდის რამდენჯერმე გაუმჯობესება და საბოლოოდ პლაზმის 300 წამის განმავლობაში შენარჩუნებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მათ რეაქტორის განახლება და გაუმჯობესება მოუწევთ, რათა მასიური ტემპერატურის გაკონტროლება უფრო ხანგრძლივად შეძლონ.

კვლევა: ფსილოციბინი ალკოჰოლზე დამოკიდებულებში რეციდივის რისკს ამცირებს

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მდებარე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრალურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგად ფსილოციბინის აქამდე უცნობი პოტენციალი აღმოაჩინეს, რაც ტვინში მოლეკულური პროცესების აღდგენასა და ამ გზით ალკოჰოლზე დამოკიდებულებში რეციდივის რისკის შემცირებაში გამოიხატება. ამის შესახებ ისინი დეტალურად გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ალკოჰოლზე დამოკიდებულება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. მაგალითისთვის, ის მხოლოდ გერმანიაში 5 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. დაავადებას უმეტეს შემთხვევაში მძიმე შედეგები მოჰყვება, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ დაახლოებით 22 წლით მცირდება.

მეცნიერებმა ალკოჰოლზე დამოკიდებულთა ტვინში მიმდინარე პროცესები გამოიკვლიეს. მათ აქცენტი მეტაბოტროპულ რეცეპტორზე, mGluR2-ზე გაამახვილეს. ეს უკანასკნელი ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სპეციალისტებმა კვლევისას mGluR2-ის ფუნქციის დაქვეითებასა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. მკვლევრები მიხვდნენ, რომ ამ რეცეპტორების კვლავ გააქტიურება ალკოჰოლისადმი ლტოლვას შეამცირებდა.

ფსილოციბინის მსგავსი ჰალუცინოგენური ნივთიერებები ტვინში 5-HT2AR-ის სახელწოდებით ცნობილ რეცეპტორებზე ზემოქმედებს, რომლებიც mGluR2-თან ერთად ფუნქციურ კომპლექსს ქმნიან. კვლევის შედეგად მეცნიერებმა იმის დადგენა შეძლეს, რომ აღნიშნულ ნივთიერებას ტვინში მეტაბოტროპული რეცეპტორების დონის აღდგენა შეუძლია. ეს კი, თავის მხრივ, ალკოჰოლზე დამოკიდებულებში რეციდივის რისკის შემცირებას უზრუნველყოფს.

ევროკავშირმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაუშვა

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატი, რომელიც ევროპულმა მედიკამენტების სააგენტომ (EMA) აღნიშნული ასაკის მოზარდებისთვის დაამტკიცა.

2 ათასზე მეტ ბავშვზე ჩატარებული კვლევის შემდეგ EMA-ის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა სიმპტომური COVID-19-ის პრევენციის კუთხით 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. როგორც სააგენტო იუწყება, პრეპარატით აცრას ცდისპირებში მხოლოდ მსუბუქი თანამდევი მოვლენები მოჰყვა, მათ შორის ინიექციის ადგილის, თავისა და კუნთების ტკივილი. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის ორი დოზის სამკვირიანი ინტერვალით გაკეთების რეკომენდაცია გასცა.

ევროკავშირში შემავალი ზოგი ქვეყანა EMA-სგან ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებისთვის ნებართვას არ დაელოდა და პრეპარატი დამოუკიდებლად დაამტკიცა. მათ შორის არის ავსტრია, რომელმაც დედაქალაქ ვენაში 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრა უკვე დაიწყო. ცნობისთვის, ევროკავშირი მოზარდების ვაქცინაციისთვის Pfizer/BioNTech-ის მედიკამენტს 20 დეკემბრიდან მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპა ამჟამად კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კონტინენტზე მდებარე სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ, თუ ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომები სასწრაფოდ არ გატარდება, გაზაფხულზე COVID-19-ით დაავადების შემთხვევები იქ 2 მილიონს გადააჭარბებს.

კვლევა: ყავის სმამ შესაძლოა, ალცჰაიმერით დაავადების რისკი შეამციროს

ავსტრალიის ქალაქ პერთში მდებარე ედიტ კოუანის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყავის ხშირად სმამ შესაძლოა, ალცჰაიმერით დაავადების რისკი შეამციროს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Frontiers of Aging Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტები დაახლოებით ათწლიანი კვლევის ფარგლებში 200-ზე მეტ ავსტრალიელს დააკვირდნენ. ცდისპირებს, რომლებიც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ყავას ხშირად სვამდნენ, მეხსიერების დაქვეითება არ აღენიშნათ. ამას გარდა, დადგინდა, რომ ისინი ალცჰაიმერით დაავადების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მეცნიერების თქმით, ყავის ხშირი სმა დადებითად აისახა კვლევაში მონაწილეთა შემეცნებით ფუნქციაზე. განსაკუთრებული შედეგი ამან დაგეგმვის, თვითკონტროლისა და ყურადღების გამახვილების კუთხით გამოიღო. ამას გარდა, დიდი რაოდენობით ყავის მიღება დაკავშირებული იყო ტვინში ამილოიდური ცილის დაგროვების შენელებასთან, რაც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია.

Frontiers of Aging Neuroscience-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოსაზრების დასადასტურებლად უფრო მასშტაბური და საფუძვლიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო, მიღებული შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. სპეციალისტების თქმით, ყავის სმა შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შესაფერხებელი უმარტივესი გზა აღმოჩნდეს.

მკვლევართა გამოთვლებით, დღეში ორი 240-გრამიანი ფინჯანი ყავის მირთმევა დაახლოებით 18 თვეში ალცჰაიმერის განვითარების რისკს 8%-ით შეამცირებს. ამას გარდა, აღნიშნული პერიოდის შემდეგ შესაძლოა, ტვინში ამილოიდური ცილის დაგროვების მაჩვენებელმა 5%-ით იკლოს.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმის დადგენა, ყავის შემადგენელი რომელი კომპონენტი ახდენს ტვინზე დადებით გავლენას. მათი ვარაუდით, ეს კოფეინია, თუმცა კვლევის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით არ გამორიცხავენ, რომ ალცჰაიმერით დაავადების პრევენციაში განმსაზღვრელი როლი მხოლოდ მას არ ეკისროს.