ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცენტრალური ბანკების შეხვედრებისა და განახლებული გადაწყვეტილებების გამოცხადების დრო დადგება.

აშშ-ში ბოლო 40 წლის მანძილზე ინფლაციამ ზრდის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე კვირას ფედერალური სარეზერვო სამსახური, სავარაუდოდ, ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად საჭირო ნაბიჯების შესახებ იმსჯელებს. სამშაბათსა და ოთხშაბათს უწყების ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი და მისი კოლეგები წლის ფინალურ შეხვედრებს გეგმავენ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ის მწარმოებელთა ფასის ინფლაციის მონაცემები გამოქვეყნდება, რომლებიც ამ კვირაში ქვეყნის ეკონომიკური კალენდრის მთავარი მაჩვენებელი იქნება. ამას გარდა, გამოქვეყნდება რიტეილ-გაყიდვების, ინდუსტრიული წარმოებისა და უმუშევრობის განაცხადების ახალი მონაცემები.

13 დეკემბრის კვირაში მონეტარული პოლიტიკის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებიც გახდება ცნობილი. კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის საფრთხეებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთების ზრდა თებერვლამდე განაგრძოს. პარალელურად, ომიკრონმა ევროზონის ეკონომიკის შესახებ პროგნოზები კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანი გახადა.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მონაცემებს იაპონიის ცენტრალური ბანკიც განაახლებს, რომელიც ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, პარასკევს, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მიმდინარე კვირას თურქეთის ცენტრალურ ბანკშიც შეიკრიბებიან და საზოგადოებას აცნობებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეამცირებენ თუ არა საპროცენტო განაკვეთებს, როგორც ამას პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ითხოვს. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას შვეიცარიის, რუსეთისა და უნგრეთის ცენტრალური ბანკებიც შეიკრიბებიან.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მოსალოდნელია სამხრეთ კორეისა და იაპონიის სავაჭრო ბალანსის და ნოემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების გამოქვეყნება, ასევე OPEC-ი ნავთობის ბაზარზე ყოველთვიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც, როგორც წესი, მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და მომავალი წლის პროგნოზებს მოიცავს.

საქართველოში კი მიმდინარე კვირას არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლის გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ. კერძოდ:

  • 13 დეკემბერი – საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები (2021 წლის ნოემბერი)
  • 14 დეკემბერი – ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2021 წლის III კვარტალი)
  • 15 დეკემბერი – საარსებო მინიმუმი (2021 წლის ნოემბერი)
  • 16 დეკემბერი – დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2021 წლის III კვარტალი)
  • 17 დეკემბერი – ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგები (2020 წელი) და სტატისტიკური პუბლიკაცია “ენერგეტიკული ბალანსი 2020” (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული და ბეჭდური ვერსია).