Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას ქართულ და გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში საინტერესო ამბები მოხდა: Meta-მ საუთარი სოციალური პლატფორმა, Horizon Worlds-ი გახსნა, რითაც ჩვენ ყველა  მეტავერსს კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა, WhatsApp-მა ამერიკაში კრიპტოგადახდების ტესტირება დაიწყო, ხოლო საქართველოს ბანკმა და Galt & Taggart-მა უნიკალური პლატფორმა გაუშვეს, რომლითაც ქართველ მომხმარებლებს ამერიკის საფონდო ბირჟებზე განთავსებული კომპანიების აქციებით ვაჭრობის შესაძლებლობა მისცეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Meta-მ ვირტუალური რეალობის სოციალური პლატფორმა, Horizon Worlds-ი გახსნა

უკვე მივეჩვიეთ, რომ კვირა არ გავა, Meta-მ გარკვეული ტექნოლოგიური სიახლით რომ არ გაგვანებივროს – ცხადია,  გამონაკლისი არც გასული კვირა აღმოჩნდა. ხუთშაბათს Meta-მ საკუთარი მეტავერსის სოციალური პლატფორმის, Horizon Worlds-ის კარი გახსნა: ამიერიდან  ამერიკასა და კანადაში მცხოვრებ სრულწლოვან ადამიანებს Oculus Quest-ზე ხელმისაწვდომი აპლიკაციით სარგებლობა მოსაწვევის გარეშე შეუძლიათ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Horizon Worlds-ი მარკ ცუკერბერგის ხედვის პირველი და, დღევანდელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა: ეს პლატფორმა ვრცელ სამყაროს გვთავაზობს, რომელიც საკულტო ვიდეოთამაშის, Roblox-ისა და ფილმ Ready Player One-ის ვირტუალური სამყაროს ერთგვარ ნაერთს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, აპლიკაციის შიგნით ერთ ვირტუალურ სამყაროში ოცამდე ადამიანს შეუძლია შეკრება – თითოეულ მათგანს Facebook-ის ანგარიში უნდა ჰქონდეს.

Horizon Worlds-ის ბეტა-ვერსია, Meta-მ (იმ დროს კი Facebook-მა) ჯერ კიდევ 2019 წელს წარმოადგინა, თუმცა მაშინ აპლიკაციას განსხვავებული კონცეფცია ჰქონდა – ის Minecraft-ის მსგავსი თამაში უფრო იყო, ვიდრე სოციალური პლატფორმა. დროთა განმავლობაში, ათასობით ბეტა-ტესტერის ძალისხმევით, Horizon Worlds-ი ვირტუალური სოციალიზაციის მთავარ ადგილად იქცა, სადაც ადამიანები სტენდ-აპ-კონცერტებს მართავენ, ფილმებს უყურებენ ან მედიტირებენ.

მომხმარებლის ურთიერთობა Horizon Worlds-თან საერთო შეკრების სივრცეში, პლაზაზე იწყება, საიდანაც ადამიანებს სხვების მიერ შექმნილ სამყაროებში შესვლა ან სხვადასხვა თამაშში გადასვლა შეუძლიათ – აქ ყველაფერია, რისი წარმოდგენაც კი ადამიანს შეუძლია. აი, თუ, მაგალითად, კრეატორების ლაუნჯში გადახვალთ, სხვადასხვა ციფრული ნივთის შექმნას შეძლებთ, მათ შორის მშვილდ-ისრისა და ქაღალდის თვითმფრინავის და თუ გადაწყვეტთ, რომ კონკურსში მონაწილეობა გსურთ, შეიძლება ნადღი ფულიც მოიგოთ Meta-ს მიერ კრეატორებისთვის გამოყოფილი $10-მილიონიანი ბიუჯეტიდან.

Horizon Worlds-ის მთავარი განმასხვავებელი თვისება გახლავთ ის, რომ მომხმარებლები კრეატორებიც არიან და მარტივი ნივთების გარდა, მთელი სამყაროების შექმნაც შეუძლიათ. ამისთვის ისინი მარტივ კოდებს წერენ, რომელთაც პლატფორმაზე კოდის ბლოკებს უწოდებენ. ამგვარი ბლოკების დახმარებით, სხვადასხვა ობიექტისთვის მოქმედების წესების მისადაგება არის შესაძლებელი: აი, მაგალითად, ჩახმახს თუ გამოჰკრავთ, იარაღი გაისვრის ან ბურთს თუ ისვრით, ზედაპირი მას აისხლეტს. მთელი ეს პროცესი ძალიან ჰგავს Photoshop-ში სხვადასხვა ფენის დადებას, რაც, კიდევ ერთხელ, მთელი ამ პროცესის სიმარტივეს უსვამს ხაზს. „ობიექტებისთვის ხასიათის მიწერა – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, რომლითაც ძალიან ვამაყობთ“, – აღნიშნავს Horizon-ის ვიცე-პრეზიდენტი, ვივეკ შარმა.

ფოტო: Horizon Worlds via The Verge

ამ ბლოკებს ჯერჯერობით Meta-ს თანამშრომლები აწარმოებენ, მას მერე, რაც ბეტა-ტესტერებისგან მოთხოვნას მიიღებენ, თუმცა სამომავლოდ კოდებისა და ობიექტების ღია ბიბლიოთეკის შექმნა იგეგმება, რაც მთელ ამ პროცესს დეცენტრალიზებულად აქცევს. მეტიც, ციფრული ნივთებისა და მათი თვისებების შექმნა მომავალში, ვირტუალური რეალობის გარდა, კომპიუტერის ეკრანიდანაც იქნება შესაძლებელი.

თავისთავად ცხადია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – აქედან მეტავერსი სულ უფრო და უფრო განვითარდება და ერთ დღეს მილიონობით ადამიანისთვის შემოსავლის წყაროდაც იქცევა. ამ ეტაპზე, ეს ასე არ არის და ადამიანებს, კრეატორები იქნებიან ისინი თუ მოთამეშეები, ფულის გამომუშავების საშუალება არა აქვთ, რის გამოც ჯერჯერობით მთავარი აქცენტი სამყაროების შექმნის იდეაზე კეთდება – სწორად ასე სურთ Meta-ს ხელმძღვანელებს პირველი მომხმარებლების მოზიდვა.

Intel-ის თვითმართვადი ტექნოლოგიის კომპანია Mobileye-ი IPO-სთვის ემზადება

Intel-ის მფლობელობაში არსებული კომპანია Mobileye-ი, რომელიც უმეტესწილად თვითმართვადი მანქანების ჭკვიან ტექნოლოგიას ავითარებს, მალე საჯარო კომპანიად გადაიქცევა. Intel-ში ვარაუდობენ, რომ ამ გზით, კომპანიის აქციონერები მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებენ – აღსანიშნავია, რომ კომპანიის წილების საჯარო განთავსების მიუხედავად, საკონტროლო პაკეტის მფლობელი მაინც Intel-ი იქნება. ცნობისთვის, Mobileye-ი ისრაელური კომპანიაა, რომელიც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2017 წელს, $15.3 მილიარდად შეიძინა.

ფოტო: Intel

Intel-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Mobileye-ი საკმაოდ წარმატებული კომპანიაა: Intel-ის მესვეურები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40%-ით მეტი იქნება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ Mobileye-მ საკუთარი მეასე მილიონი  სისტემა გაყიდა. Intel-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, პეტ გელსინგერის თქმით, აქციათა საჯარო განთავსება კარგ საშუალებას იძლევა Mobilete-ის გამოცდილებისა და ინოვაციის გასაზრდელად და ინვესტორებისთვის დამატებითი სარგებლის მოსატანად“.

როგორც უკვე მოგახსენეთ, Mobileye-ი თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე ისრაელური კომპანიაა, რომელიც იერუსალიმში 1999 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად Mobileye-ის სისტემას Tesla-ც იყენებდა, თუმცა კომპანიებმა თანამშრომლობა მას მერე შეწყვიტეს, რაც ერთ-ერთი ავარია Tesla-მ ისრაელური კომპანიის ტექნოლოგიის გაუმართაობას დააბრალა – მათი თქმით, ტექნოლოგიამ ვერ გაარჩია პერპენდიკულარულად მოძრავი ტრაილერი და მის უკან არსებული ცა.

თუმცა Mobileye-ის ტექნოლოგია თვითმართვად ავტომობილებში ამ დაპირისპირების მიუხედავად, მაინც გამოიყენება: EyeQ4 ჩიპის პოვნა შეიძლება Nio ES6-სა და ES8-ში, Nissan-ის ProPilot 2.0-ში, Ford Mustang Mach-E-სა და F-150-ში.

Samsung-მა მზარდი ეკრანის მქონე ჭკვიანი საათის დიზაინი დააპატენტა

მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს კარგად თუ დავაკვირდებით, ერთ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ: ისინი უამრავ, მათ ხელთ არსებულ თითქმის ყველა პროექტს აპატენტებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში დღის შუქს მათგან მხოლოდ რამდენიმე ხედავს ხოლმე.

ინტერნეტში ბოლო დროს გასაჯაროებულ საპატენტო განაცხადებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო Samsung-ის მზარდი ეკრანის მქონე ჭკვიანი საათის საპატენტო განაცხადია, რომელიც გამოცემა LetsGoDigital-მა მოიპოვა.

ფოტო: Samsung via LetsGoDigital

როგორც გავრცელებულ დოკუმენტში ჩანს, Samsung-ი Galaxy Watch-ზე მუშაობს, რომლის გვირგვინის დატრიალებით, საათის ეკრანის ზომის 40%-ით გაზრდა არის შესაძლებელი. საწყის მდგომარეობაში საათს ჩვეულებრივი მრგვალი ციფერბლატი აქვს, მაგრამ ეკრანის გაზრდის შემდეგ ის ოვალურ ფორმას იძენს.

საინტერესოა, რომ ეკრანის ამგვარი გზით, მოთხოვნისთანავე გადიდებას ორი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს: 1) სივრცის მაქსიმალური უტილიზაცია, ანუ ლიმიტირებულ ადგილას რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის ჩატევის შესაძლებლობა და 2) ვიდეოების ყურების შესაძლებლობა, რაზეც ერთ-ერთ თანდართულ სურათზე გამოსახული სუპერგმირი თორი მიუთითებს.

ისე კი, ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებს თუ არა Samsung-ი ამგვარი დიზაინის მქონე ჭკვიან საათს – შეიძლება, ეს სულაც შუალედური პროექტი იყოს. დრო გვიჩვენებს, გამოჩნდება თუ არა ბაზარზე ეს პროდუქტი, თუმცა ერთი რამ ნათელია: ტექნოლოგიური კომპანიები ჭკვიან საათებს ცალკე მოწყობილობად აღიქვამენ და მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში ეს კიდევ უფრო აისახება პროდუქტების დიზაინსა და ფუნქციონალზე.

Sony-მ ვიდეოთამაშების დეველოპერი კომპანია Valkyrie Entertainment-ი შეიძინა

Sony-მ ამერიკული ვიდეოთამაშების დეველოპერული კომპანია Valkyrie Entertainment-ი შეიძინა, რომელსაც, სხვადასხვა დროს, ისეთი თამაშების განვითარებაში აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი, როგორიცაა God of War-ი, Halo Infinite-ი და Valorant-ი. ცნობისთვის, კომპანია 2002 წელს, სიეტლში დაარსდა.

კომპანიებს შორის დადებული გარიგების შესახებ ინფორმაცია PlayStation Studios-ის ხელმძღვანელმა, ჰერმან ჰულსტმა გაავრცელა: „Valkyrie-ის მრავალმხრივ შესაძლებლობებს PlayStation Studios-ის ყველა გუნდი სიხარულით შეხვდება და ერთად საოცარი სათამაშო გამოცდილებების შექმნას განვაგრძნობთ“.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Sony-მ 17 დეველოპერული კომპანია შეიძინა, მათ შორის Housemarque-ი, Nixxes Software-ი, Firesprite-ი და Bluepoint Games-ი. ცნობისთვის, ეს შედარებით ახალი ტრენდია, რადგან 2010-დან 2020 წლამდე Sony-მ სულ ორი დეველოპერული კომპანია შეიძინა, Sucker Punch Productions-ი და Insomniac Games-ი. იაპონური გიგანტის გააქტიურება, ნაწილობრივ, მისი კონკურენტის, Microsoft-ის მიერ ZeniMax Media-ს შეძენით აიხსნება – ამ გარიგებაში 2020 წელს ამერიკულმა კომპანიამ $7.5 მილიარდი გადაიხადა.

WhatsApp-ი ამერიკაში კრიპტოგადახდების ფუნქციონალს ტესტავს

მას მერე, რაც ექვსი კვირის წინ, Meta-მ საკუთარი კრიპტოსაფულის, Novi-ს საპილოტე პროგრამა გაუშვა, კრიპტოგადახდების ფუნქციონალი WhatsApp-შიც გამოჩნდა, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისიც, ლიმიტირებული აუდიტორიისთვის. ამ დროისთვის WhatsApp-ში ამერიკულ დოლარზე მიბმული სტაბილური კრიპტოვალუტის, Pax Dollars-ის (USDP) გადარიცხვაა შესაძლებელი.

როგორც Novi-ს ვებგვერდიდან ირკვევა, კრიპტოვალუტის გადარიცხვა ისეთივე მარტივია, როგორც ფაილისა თუ სურათის – ამისთვის Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონზე – ქაღალდების სამაგრის ნიშანს უნდა დააჭიროთ, ხოლო iOS-ზე – პლუსის ნიშანს და მენიუში გადახდები აირჩიოთ. Novi-ს განცხადებით, კრიპტოვალუტების გადარიცხვის დროს მომხმარებლებს არანაირი საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ და თან, არც შემზღუდავი ლიმიტი ექნებათ. სხვა ყველაფერთან ერთად, გადარიცხვები მყისიერად სრულდება.

აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა Meta (ადრე კი, Facebook-ი) კრიპტოსამყაროში შეღწევას ცდილობს – შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს პროცესი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, როცა Facebook-მა რამდენიმე სტაბილური აქტივისაგან შემდგარ კალათაზე მიბმული ახალი კრიპტოვალუტის, Libra-ს შექმნა დააანონსა და ამისთვის ასოციაციაც კი ჩამოაყალიბა და სფეროს ათობით ექსპერტი მოიწვია. იმ დროს ეს კრიპტოვალუტა Facebook-ის კრიპტოსაფულის, Calibra-ს ნაწილი უნდა გამხდარიყო, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობის საშუალებას მისცემდა.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები Facebook-ის სცენარის საწინააღმდეგოდ წარიმართა, რაშიც მთავარი დამნაშავე, თუკი კონტექსტი ამ სიტყვის გამოყენების საშუალებას მოგვცემს, Facebook-ის წარმოუდგენელი მასშტაბებია, რომლებმაც ნეგატიური გამოხმაურება არა  მხოლოდ  მომხმარებლებში, არამედ კანონმდებლებშიც გამოიწვია. უკანასკნელებს კი, განსაკუთრებით ამერიკაში, როგორც იცით, Facebook-ი, ახლა კი, Meta, გულზე დიდად არ ეხატებათ.

მას მერე, Libra-მ სახელი იცვალა და Diem-ად გადაკეთდა, ხოლო Libra Associationი რომელსაც წამყვანი ექსპერტები გამოეთიშნენ, Diem Association-ად გადაკეთდა. Calibra კი, როგორც უკვე მიხვდით, Novi-დ ჩამოყალიბდა და Diem-ის ნაცვლად, Pax Dollars-ის მიღება დაიწყო, რომელიც განსხვავებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოებული კრიპტოვალუტაა. ინტერესთა სფეროები შეარბილა თავად Meta-მაც: ამ პროექტისთვის ისინი კრიპტობირჟა Coinbase-თან თანამშრომლობენ.

ისე კი, უკვე დიდი ხანია, რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში WhatsApp-ი ჩვეულებრივი ვალუტების გადარიცხვისთვის გამოიყენება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დროთა განმავლობაში, მარეგულირებლებისაგან შესაბამისი ნებართვების მიღების პარალელურად, WhatsApp-ის ეს ფუნქციონალი მოქმედების არეალს კიდევ უფრო გააფართოებს.

საქართველოს ბანკმა და Galt&Taggart-მა ახალი საინვესტიციო პლატფორმა გაუშვეს

გასულ კვირას საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა საინტერესო და, შეიძლება ითქვას, უნიკალური სიახლე წარმოადგინეს: ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლები საკუთარი მობილბანკიდან ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობას შეძლებენ. მოქმედების სქემა ასეთია: თუ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, შედით აპლიკაციაში, გადადით პროდუქტებში, გახსენით ანგარიში და ივაჭრეთ აქციებით!

სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით ინერგება. DriveWealth-ი ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც  მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და მომხმარებლებს ინვესტირების მარტივ პლატფორმას სთავაზობს. კომპანიის მომხმარებლებს შორის ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Revolut-ი, Hatch-ი, MoneyLion-ი და Sharesies-ი.

ახალ საინვესტიციო პლატფორმაში უკეთ გასარკვევად, Galt & Taggart-ის მმართველ დირექტორს, ოთარ შარიქაძეს ვესაუბრე და უპრიანი იქნება, ეს საუბარი უცვლელად შემოგთავაზოთ.

ოთარ, რას გულისხმობს BOG-ისა და Galt&Taggart-ის ახალი საინვესტიციო პლატფორმა და რით არის ის უნიკალური?

საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელია აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ინვესტირება, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ მობილბანკიდან. მომხმარებლებს წვდომა აქვთ ყველაზე ლიკვიდურ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ივაჭრონ ისეთი კომპანიების აქციებით, როგორიცაა Apple-ი, Amazon-ი, Microsoft-ი, Tesla, Google-ი და სხვა.

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი, ე.წ. „fractional“, ინვესტირება და, შესაბამისად, არ არსებობს ინვესტიციის მოცულობის მინიმალური შეზღუდვა და ინვესტირების დაწყება ერთი დოლარითაც კი შესაძლებელია. მომავალში შეთავაზებული საინვესტიციო პრიდუქტების ასორტიმენტის გაზდას ვფიქრობთ.

რატომ დანერგეთ ეს სერვისი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ქართული ბაზრისთვის?

განვითარებულ ქვეყნებში, საფონდო ბირჟებში ინვესტირება – დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა. ყოველდღიურად, მსოფლიო მასშტაბით, საფონდო ბირჟებზე მილიონობით ადამიანი ვაჭრობს – საცალო ინვესტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა 2020 წლის შემდეგ.

ამ დრომდე ქართველ მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე შეღავათიანად ვაჭრობა არ შეეძლო – მეტიც, ფულის დაზოგვის ყველაზე გავრცელებული ფორმა მისი დეპოზიტებზე შენახვა და უძრავ ქონებაში ინვესტირება გახლდათ. ახლა კი, პირველად, როგორც საქართველოში, ასევე მთელ რეგიონში, საქართველოს ბანკი საკუთარ მომხმარებლებს ინვესტირების მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *