Novelty - სტენფორდში შექმნილი ქართული სოციალური ქსელი | ინტერვიუ ნიკა ქორელთან

Novelty - სტენფორდში შექმნილი ქართული სოციალური ქსელი | ინტერვიუ ნიკა ქორელთან

გასულმა წელიწადმა დაგვანახა, რომ ადამიანური კავშირები ის რესურსია, რომელსაც განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ. ქართველმა ახალგაზრდებმა, ძმებმა, გიორგი და ნიკა ქორელებმა ეს იდეა იმდენად შეისისხლხორცეს, რომ სტენფორდის უნივერსიტეტში, მის გარშემო სრულად დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, Novelty შექმნეს.

სოციალური ქსელის შესაქმნელად, ძმებმა ქორელებმა საუკეთესო ადგილი შეარჩიეს, სწორ დროს დაელოდნენ და ზუსტი აუდიტორია განსაზღვრეს. ღონისძიებების ორგანიზებისთვის შექმნილი სოციალური ქსელი Novelty, რომელსაც უკვე რამდენიმე ათასი მომხმარებელი ჰყავს, თავდაპირველად ერთი წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე გაეშვა, სპეციალურად Gen-Z-ი თაობის წარმომადგენლებისთვის.

სრულად დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის რაობაზე, კომპანიის მიზანსა და ხედვაზე, ამერიკულ გამოცდილებაზე, Gen-Z-ის წამომადგენლებთან ურთიერთობაზე, კრიპტოვალუტასა და მეტავერსზე Novelty-ის ტექნოლოგიურ ხელმძღვანელს, ნიკა ქორელს ვესაუბრეთ.

ფოტო: Novelty

ნიკა, მოდი, მთავარი შეკითხვით დავიწყოთ – რა არის Novelty?

Novelty – სოციალური პლატფორმაა, რომლითაც ღონისძიებების ორგანიზატორებს საკუთარი კომუნების შიგნით ურთიერთობების დამყარებაში ვეხმარებით. ჩვენი მობილური აპლიკაცია სხვა სოციალური ქსელებისგან იმით განხვავდება, რომ მოტივაციის ასამაღლებლად, ღონისძიებების ორგანიზატორებს ერთგვარ ჯილდოს ვთავაზობთ და ჩვენს კრიპტოვალუტას – Novelty-ის ვჩუქნით.

ეს ჯილდო აპლიკაციის შიგნით ერთგვარი ტოკენის სახით ირიცხება თუ მას საბაზრო ღირებულებაც აქვს?

ეს კრიპტოვალუტა, ღონისძიებების ორგანიზატორებს ჩვენი სერვისების პრემიუმ-პაკეტით სარგებლობის საშუალებას აძლევს, მაგრამ ამასთანავე, ეს ვალუტა ამერიკის უმსხვილეს კრიპტობირჟაზე, Coinbase-ზეც იყიდება.

ნიკა, გამოდის, რომ თქვენი პლატფორმა სრულად დეცენტრალიზებულია, ხომ ასეა?

კი, ასეა.

და, ამ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ტრადიციული გაგებით, Novelty სოციალური ქსელი არ არის?

კი, შეიძლება. Novelty ე.წ. „mobile-only“-ქსელია, რომელიც მხოლოდ სმარტფონისთვისაა ხელმისაწვდომი – ამ ეტაპზე, მხოლოდ iOS-სა და Android-ის ოპერაციულ სისტემებზე ვართ. ეს მიდგომა  სრულად თანხვდენილია ჩვენი სეგმენტის, Gen-Z-ის გემოვნებასთან – ფოკუსირებას იმ ადამიანებზე ვახდენთ, რომლებიც Instagram-თან, Twitter-თან, Facebook-თან და სხვა სოციალურ პლატფორმებთან ერთად გაიზარდნენ.

თუ ეს ადამიანები ამ პლატფორმებთან ერთად აღიზარდნენ, რას სთავაზობს მათ Novelty ისეთს, რასაც Facebook-ი, Instagram-ი ან, თუნდაც Snapchat-ი ვერ შესთავაზებს?

ეს პლატფორმები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, Web 2.0-ის ეპოქას განეკუთვნებიან – უხეშად რომ ვთქვათ, ისინი 2010 წლამდე გამოშვებული სოციალური ქსელებია. ჩვენ კი  მომხმარებლებს მესამე თაობის ინტერნეტს, Web 3.0-ს ვთავაზობთ, რომლის მთავარი მოტივატორი – დეცენტრალიზებული ტოკენებია, რომელთა გაცვლაც შეიძლება და განაღდებაც.

რამდენი ხანია, რაც თქვენი პლატფორმა გაეშვა?

წელიწადზე ოდნავ ნაკლებია. ამ ეტაპზე, სტენფორდის უნივერსიტეტში გაშვებული გვაქვს ბეტა-ვერსია და იანვარში ვაპირებთ, რომ ეს ვერსია სხვა კომუნებშიც გავუშვათ.

ისევ საუნივერსიტეტო კომუნებში?

კი, პირველად მასშტაბირებას საუნივერსიტეტო კომუნებში ვაპირებთ, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ უნივერსიტეტებით არ შემოვიფარგლებით და აპლიკაციას ფართო საზოგადოებაშიც გამოვცდით.

რა შედეგები გაქვთ მას მერე, რაც ბეტა-ვერსია ჩაუშვით?

ამ ეტაპზე, მარტო სტენფორდის უნივერსიტეტში, 5000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს, ხოლო კიდევ 10 ათასი მომლოდინეთა სიაში, ე.წ. „ვეიტლისტში“ გველოდება – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პირველები მიიღებენ წვდომას ჩვენს აპლიკაციაზე, მას მერე, რაც სხვა კომუნებზეც გავალთ.

რასაკვირველია, ინვესტიციის პირველი ეტაპიც გავლილი გვაქვს და თან, გუნდიც გვყავს, რომელიც, ამ ეტაპზე, მსოფლიოს გარშემო მიმოფანტული თხუთმეტი ადამიანისგან შედგება. გუნდის ძირითადი წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან: სწორედ ამერიკიდან იმართება მენეჯმენტი და მარკეტინგი – იქ არის ჩემი ძმაც, კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი. დეველოპერები კი როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოსა და ინდოეთში გვყავს, რასაც, რა თქმა უნდა, დეველოპერების მაღალი ეფექტიანობა და ფინანსური სარგებელი განაპირობებს. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ქართველი დეველოპერი, გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც ჩვენი კომპანიის საწყის ეტაპზე, ყოველდღე, თოთხმეტი საათის განმავლობაში მუშაობდა, რითაც ჩვენი პროდუქტის ტექნიკურ მხარდაჭერაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

როგორც აღნიშნეთ, Novelty-ში ქართველი დეველოპერებიც მუშაობენ. ხომ ვერ გვეტყვით, რა მდგომარეობაა დეველოპერების ბაზარზე, საქართველოში?

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ერთი მასშტაბური პრობლემა იჩენს თავს – გამოცდილი დეველოპერების დეფიციტი. ჩვენ ძალიან სწრაფად მზარდი კომპანია ვართ, რომელსაც მუდმივად სჭირდება ნიჭიერი თანამშრომლები, ასე რომ მზად ვართ, განვიხილოთ იმ ადამიანების აპლიკაციები, რომელთაც ჩვენს კომპანიაში მუშაობა სურთ. მუშაობის გარდა, საშუალება გვაქვს, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული უნარ-ჩვევები მალე შევასწავლოთ და ისინი ჩვენი გუნდის წევრებად ვაქციოთ.

ფოტო: Novelty

ნიკა, ამერიკული უნივერსიტეტების გარდა, რა ქვეყნების ბაზრების ათვისებას ფიქრობთ?

ჩვენთვის უნივერსიტეტები – კომუნის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენენ, რას სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავარი აქცენტი მუდამ უნივერსიტეტებზე იქნება. უნივერსიტეტების გარდა, არსებობენ კომპანიებიც, რომლებიც, სხვა ყველაფერთან ერთად, კომუნებიც არიან და შიდა ორგანიზაციულ ღონისძიებებს ატარებენ. აი, აქ შემოვდივართ ჩვენ: თუ კომპანიას, ორგანიზაციას, სახელმწიფო დაწესებულებას თუ სოციალურ ქსელს სურს, რომ მის თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს – ჩვენი პლატფორმა მას ამის საშუალებას მისცემს.

ქვეყნებზე თუ გადავალთ, გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, სტენფორდის უნივერსიტეტზე ვართ ორიენტირებულნი, რადგან ეს გარემო სწრაფი ზრდის საშუალებას იძლევა. თუმცა, რასაკვირველია, ვფიქრობთ როგორც საქართველოზე, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებზე, თუმცა ეს განვითარების შემდეგი ნაბიჯი იქნება.

თუ სწორად მივხვდი, Novelty იმ კომპანიების კონკურენტია, რომლებიც ღონისძიებებს გეგმავენ, როგორც ეს ტრადიციულად ხდება. ხომ არ მეშლება?

კი, მათი კონკურენტები ვართ, თუმცა ჩვენ საკუთარი ნიში გვაქვს – ფოკუსირებას, ძირითადად, კომუნებზე ვახდენთ. აი, სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ Eventbrite-ის მსგავსი ტრადიციული ორგანიზაციებისგან, რომლებიც ნებისმიერი სახის ღონისძიების დაგეგმვით კი არიან დაკავებულები, მაგრამ ძირითადად ბილეთების გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი.

და თქვენ რა სახის ივენთმენეჯმენტს სთავაზობთ საკუთარ მომხმარებელს? ღონისძიებებს თავიდან ბოლომდე გეგმავთ, სტუმრებს ყურადღებას აქცევთ, დი-ჯეი მოგყავთ, თუ კონკრეტული ნიშური მიმართულებები გაქვთ?

ორი მთავარი პრობლემა, რომელთა მოგვარება გვსურს: კომუნიცირება და ინფორმაციული ორგანიზებაა. ამისთვის მომხმარებლებს რამდენიმე არჩევანს ვთავაზობთ: მომხმარებლებს სტუმართა და მომლოდინეთა სიის შედგენის საშუალებას ვაძლევთ, სხვადასხვა სახის მარკეტინგულ ხელსაწყოებს ვთავაზობთ და ღონისძიების შემდგომი უკუკავშირის მოგროვების სისტემაც გვაქვს. ამგვარად, ღონისძიებების მეშვეობით, ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ მობილურ აპლიკაციას კონსიერჟის სერვისიც დავუმატოთ – ამ ფუნქციონალის დახმარებით, მაგალითად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სხვა სერვისებთან ერთად, დი-ჯეის მოწვევაც იქნება შესაძლებელი.

ნიკა, რა უკუკავშირს იღებთ Novelty-ის ათასობით მომხმარებლისგან? ძირითადად რისთვის იყენებენ თქვენს აპლიკაციას Gen-Z-ის წარმომადგენლები?

ჩვენი მომხმარებლების მთავარი მოთხოვნა – მაქსიმალური ინტერაქტიულობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტად, ღონისძიებას იდეალური კომუნიკაცია უნდა დაედოს. კომუნიკაციაში ვგულისხმობ როგორც ჩატს, ასევე მოწონების გამომხატველ ნიშნებს, ე.წ. „ლაიქებს“, ღონისძიების განხილვისა და უკუკავშირისათვის გამოყოფილ ველს და ღონისძიების შემდგომ კომუნიკაციასაც.

გარდა პლატფორმის შიგნით მოწყობილი საკომუნიკაციო არხებისა, მომხმარებლებს სურვილები უშუალოდ პლატფორმის მიმართაც აქვთ – მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა სრულად მობილური იყოს.

ფოტო: Novelty

და რატომ ხედავთ Novelty-ის, როგორც სრულად მობილურ აპლიკაციას? არ შეიძლება, მობილურ ვერსიასთან ერთად, ვებისაც რომ გქონდეთ?

ამ ეტაპზე, ჩვენი პრიორიტეტი სრულად მობილური აპლიკაციაა, რადგან Gen-Z-ის წარმომადგენლებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი კომპიუტერთან მხოლოდ იმ დროს სხდებიან, როცა გაკვეთილები აქვთ სასწავლი – დანარჩენ დროს ისინი სმარტფონებთან ატარებენ. მეტიც, ვები მათთვის მოძველებულიც კი არის – ისინი მას „ოლდ სქულად“ მოიხსენიებენ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ვებზე გასვლას არ ვაპირებთ.

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი იწერება ინტერნეტის განვითარების შემდეგ ეტაპზე, ანუ მეტავერსზე, ე.წ. „ხორცშესხმულ ინტერნეტზე“. ხედავთ თუ არა Novelty-ის მომავალს მეტავერსში?

ამ ეტაპზე, მეტავერსი ძალიან პრიმიტიულ დონეზე არის განვითარებული და, ზოგადად, მეტავერსზე საუბრისას, ორი გზა არსებობს: მეტავერსი ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ან სხვის მეტავერსს შევუერთდეთ. იმისათვის, სხვის მეტავერსს რომ შევუერთდეთ, დახვეწილი API-პროტოკოლები არის საჭირო, რომლებიც ამ ეტაპზე თითქმის განუვითარებელია. ასე რომ დღეს მეტავერსსა და ჩვენ შორის ეს დაბრკოლება არსებობს.

საკუთარი მეტავერსის შექმნა კი ჩვენი კომპანიისთვის ამ ეტაპზე საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, განვიხილავთ არაერთ გზას, რომელიც საკუთარ მინი-მეტავერსამდე მაინც მიგვიყვანს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *