ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას რუსეთი კიდევ უფრო მეტად იგრძნობს დასავლეთის სანქციებს. თუმცა მსოფლიოს სხვა ბაზრებზეც მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. მაგალითად, ყურადსაღებია ნავთობის ფასი, რომლის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან. ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების გადადების და რუსეთიდან მიწოდების შეფერხებების გამო, ანალიტიკოსები ნავთობის გაძვირებას პროგნოზირებენ. გასულ კვირას „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 21%-ით, ხოლო WTI-ის 26%-ით გაიზარდა. ამჟამად 1 ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $118-ს შეადგენს, ხოლო WTI-ის – $115-ს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტას აპირებს. გარდა ამისა, სენატი მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელიც რუსული ენერგორესურსების იმპორტს სრულად აკრძალავს. ცნობისთვის, Investing.com-ის ინფორმაციით, რუსეთი მსოფლიო  ბაზრებზე დაახლოებით 7 მლნ ბარელის ექსპორტს ახორციელებს, რაც გლობალურად მიწოდების 7%-ს შეადგენს.

ნავთობის ფასის გარდა, გაძვირდა მეტალი და მარცვლეულიც, ვინაიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნიდან – რუსეთიდან ექსპორტი შეაფერხა.

ამასობაში, მიმდინარე კვირას რუსეთში გამოქვეყნდება თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი. ექსპერტები ელოდებიან, რომ დასავლეთის სანქციები ნელ-ნელა ამ და კიდევ ბევრ მაჩვენებელზე აისახება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი პირველ შეხვედრას გამართავს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსალოდნელია, რომ ECB გამოაცხადებს მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას. პარალელურად,  მიმდინარე კვირას ევროკავშირის ლიდერების სამიტიცაა ჩანიშნული.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 7 მარტის კვირაში ევროკავშირში გასული წლის მეოთხე კვარტალის და სრულად 2021 წლის მშპ-ის და დასაქმების მაჩვენებლები გამოქვეყნდება. მშპ-ის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს იაპონიაც, კანადა კი იანვრის სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებს.

საქართველოში მიმდინარე კვირას 2021 წლის მეოთხე კვარტალის და ასევე სრული 2021 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდება. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ გასული წლის მეოთხე კვარტალის მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრისა და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლებსა და საწარმოთა საქმიანობის შედეგებს (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და ა. შ.) (2021 წლის IV კვარტალი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *