რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე?

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე?

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რაც მალევე აისახა როგორც რუსულ რუბლსა და რუსული კომპანიების აქციებზე, ასევე ქართულ ლარზე. პირველივე დღეს ლარი დოლარის მიმართ 11 თეთრით გაუფასურდა. გრძელვადიან პერიოდში რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს ეკონომიკაზე სამი მიმართულებით ექნება უარყოფითი გავლენა: 1. რუსეთი და უკრაინა არიან საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების  კუთხით და აქედან გამომდინარე საქართველო შემოსავალს დაკარგავს; 2. დაპირისპირება არის საქართველოს რეგიონში, განსაკუთრებით შავი ზღვის მხრიდან. საომარ მდგომარეობაში მყოფი რეგიონი ინვესტიციებისთვის მიმზიდველი არ არის. რასაც ემატება რუსეთის მიერ დასავლეთზე წაყენებულ ულტიმატუმებში უკრაინასთან ერთად საქართველოს მოხსენიება და 3. ფართომასშტაბიან  ომს და რუსეთისთვის დაწესებულ  სანქციებს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე ექნება უარყოფითი გავლენა, რაც, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკასაც დააზარალებს.

რადგან რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას რამდენიმე მიმართულება აქვს, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ზუსტად პროგნოზირება, თუ რამდენად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ზარალის ზუსტად აღრიცხვა პოსტფაქტუმ იქნება შესაძლებელი, როდესაც განვლილი პერიოდის ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკა გვექნება. თუმცა შეგვიძლია ვნახოთ, დღეს რა ეკონომიკური კავშირებია საქართველო-რუსეთსა და საქართველო-უკრაინას შორის და მაქსიმუმ რა ზარალი შეიძლება მიიღოს საქართველოს ეკონომიკამ.

რუსეთის გავლენა

ეკონომიკურად საქართველო რუსეთზე გაცილებით მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე უკრაინაზე. ორი წლის წინ დაწყებულმა კოვიდ-19-ის პანდემიამ ქვეყნებს შორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეამცირა, განსაკუთრებით – ტურიზმის კუთხით. არც საქართველო იყო გამონაკლისი. მისი საგარეო ვაჭრობის ბრუნვა და მომსახურების ექსპორტიდან (მათ შორის, ტურიზმიდან) შემოსავლები 2020 წელს 4.8 მლრდ დოლარით შემცირდა. ამ მიზეზით შემცირდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებაც. საქართველოს რუსეთიდან ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით აქვს შემოსავალი, რაც 2019 წელს ჯამში 1.6 მლრდ დოლარი იყო, 2020 წელს კი 700 მლნ დოლარით ნაკლები – 900 მლნ დოლარი. 2021 წელს ეკონომიკურმა ურთიერთობებმა აღდგენა დაიწყო და საქართველომ აღნიშნული სამი წყაროდან რუსეთიდან 1.3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ რუსეთზე დამოკიდებულება ასე გამოიყურება: 2019 წელს მშპ-ის 9%, 2020 წელს მშპ-ის 5.7% და 2021 წელს მშპ-ის 6.7%.

2021 წელს საქართველომ რუსეთიდან ყველაზე მეტი შემოსავალი – 610 მლნ დოლარი საქონლის ექსპორტით მიიღო. რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 14.4%-ია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა. გასულ წელს რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ დოლარით. ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2021 წელს რუსეთში საქართველომ 131 მლნ დოლარის ღვინო შეიტანა, რაც საქართველოს ღვინის ექსპორტის 55%-ია.

მონაცემთა წყარო: საქსტატი

საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. 2021 წელს რუსული პროდუქციის იმპორტი 1 მლრდ დოლარს გადასცდა. რუსული პროდუქციის წილი მთლიან იმპორტში 10.2%-მდე შემცირდა და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (13%) საავტომობილო საწვავს უჭირავს.

მნიშვნელოვანი გარემოებაა საქართვლოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამოკიდებულება. 2021 წელს 87 მლნ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94%-ია. ხოლო ხორბლის ფქვილის იმპორტში რუსეთს 96%-იანი წილი უჭირავს.

რა ზიანი მიადგება საქართველოს რუსეთიდან საგარეო ვაჭრობის გავლით, ეს სანქციების რუსეთის ეკონომიკაზე ასახვის დონეზეა დამოკიდებული. ექსპორტის სრული შეწყვეტა გამორიცხულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსიმალური ზარალი 600 მლნ დოლარამდე იქნება. გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია ქართული ღვინის ექსპორტი, რადგან ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ის რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციების თემაც არის. საქართველო ყველაზე მწვავედ სწორედ ღვინის ექსპორტის შესაძლო შეზღუდვაზე რეაგირებს.

პანდემიამ რუს ტურისტებზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა, ამიტომ ამ მიმართულებით საქართველოს დიდი დანაკლისი ვერ ექნება. 2019 წელს რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯეს, 2021 წელს კი 65%-ით ნაკლები, დაახლოებით 240 მლნ დოლარი. 2019 წელს საქართველოში 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, 2021 წელს კი 213 ათასი. 2021 წელს რუსი ვიზიტორების წილი ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში 11.3% იყო.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში 17.5% იყო. ფულის ეს ნაკადები ყველაზე რთულად ჩასაკეტი იქნება, რადგან რუსეთში მომუშავე ქართველებს ძირითადად რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ და მათი საქმიანობის შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები იქ დასაქმებულ ქართველებზეც მნიშვნელოვნად აისახება. თუ შევადარებთ 2015-2016 წლებში რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო შემცირებულ გზავნილებს, მოსალოდნელია ამ თანხის განახევრება.

რაც შეეხება რუსულ ინვესტიციებს, ის აქამდეც არ იყო მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის. 2016-2020 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 3.6% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 249 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 53 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდში საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების 7.3%-ია.

რომ შევაჯამოთ, ყველაზე მკაცრი სცენარის შემთხვევაში საქართველო რუსეთიდან მაქსიმუმ 1.3 მლრდ დოლარის წლიურ შემოსავალს დაკარგავს. თუმცა ასეთი სცენარი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულ შეწყვეტას ან რუსული ეკონომიკის სრულად განადგურებას გულისხმობს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია. უფრო რეალურია 2015-2016 წლების მსგავსი სცენარის განმეორება, როდესაც საქართველოს შემოსავალი რუსულ ბაზარზე ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან განახევრდა. იმ პერიოდში ტურიზმმა ზრდა ისევ განაგრძო, თუმცა ახლა პანდემიის გამო ისედაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. აღნიშნული რეალური სცენარის შემთხვევაში საქართველო წლიურად 500-600 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავს. ამას დაემატება რეგიონში არსებული ომის და მსოფლიო ეკონომიკის შენელების გავლენები, რისი მონეტიზებაც და რიცხვებში ზარალის გამოსახვა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

უკრაინის გავლენა

რუსეთის ეკონომიკისგან განსხვავებით უკრაინის ეკონომიკაზე საქართველო ნაკლებადაა დამოკიდებული. უკრაინას საქართველოს ექსპორტში მე-5 ადგილი უჭირავს. 2021 წელს უკრაინაში 307 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ. 2021 წელს უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. იმპორტში კი უკრაინა მე-7 ადგილზეა. გასულ წელს 418 მლნ დოლარის საქონელი შემოვიტანეთ. უკრაინის მიმართულებით ექსპორტში პირველ ადგილზე 88 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია. შემდეგ მოდის სპირტი 43 მლნ დოლარით, სასუქები 38 მლნ დოლარით, მინერალური და მტკნარი წყლები 26 მლნ დოლარით და ღვინო 26 მლნ დოლარით. უკრაინიდან შემოტანილ პროდუქციაში სიგარეტია პირველ ადგილზე 78 მლნ დოლარით, შემდეგ მოდის ლითონები 23 მლნ დოლარით და სამკურნალო საშუალებები 21 მლნ დოლარით.

მონაცემთა წყარო: საქსტატი

საქართველოში შემოსული ვიზიტორების მხრივ უკრაინა მე-4 ადგილზეა. 2021 წელს უკრაინიდან 145 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. უკრაინის წილი ვიზიტორებში 8%-მდეა. უკრაინული ტურიზმიდან შემოსავალი დაახლოებით 100 მლნ დოლარია. მაქსიმალური რაოდენობის  – 208 ათასი ტურისტი – უკრაინიდან 2019 წელს შემოვიდა.

უკრაინიდან ფულადმა გზავნილებმა 2021 წელს 93 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიან გზავნილებში უკრაინის წილი 4%-ია.

ჯამში, უკრაინიდან ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით საქართველომ 2021 წელს  500 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. საქართველო-უკრაინის ეკონომიკურ ურთერთობებს საფრთხე არ ემუქრება (თუ რუსეთმა უკრაინის სრული ოკუპაცია არ მოახდინა), მაგრამ უკრაინის ეკონომიკა დიდ ზიანს მიიღებს და, შესაბამისად, საქართველოს უკრაინიდან შემოსავლები შეუმცირდება. რა თანხა დააკლდება საქართველოს, დამოკიდებულია უკრაინის ეკონომიკის ზიანზე, თუმცა ეს თანხა 500 მლნ დოლარზე მეტი ვერ იქნება.

ყველაზე მკაცრ სცენარში საქართველო რუსეთ-უკრაინის ომიდან 1.5 მლრდ დოლარის პირდაპირ შემოსავალს დაკარგავს, თუმცა უფრო რეალური 700-800 მლნ დოლარის დანაკლისია, რაც საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ დაახლოებით 4%-ია. ამას დაემატება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და მსოფლიოზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა. საბოლოო ჯამში, საქართველოს რეალური ეკონომიკის ზრდა შეიძლება 2-3%-მდე შემცირდეს, როგორც ეს 2015-2016 წლებში მოხდა. ამასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს ომის გამო გაუფასურებული ლარი, რაც, თავის მხრივ, ინფლაციას შეუწყობს ხელს. რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების მომწოდებლები არიან. მათგან იმპორტის შემცირება ქართულ ბაზარზე ფასებს გაზრდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *