ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ინვესტორების ყურადღება გლობალურად რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემის გამოქვეყნებისკენ იქნება მიმართული. მათ შორის   ყურადსაღები იქნება ჩინეთში PMI-მონაცემის გამოქვეყნება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს ჩინეთის ეკონომიკამ აღდგენის დინამიკა აჩვენა, თუმცა ეკონომიკური აქტივობა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია, შესაბამისად, მეორე კვარტალშიც ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი ჩინეთის ეკონომიკის კლებას ელოდება.

ყველაფერი ეს კი ბოლო პერიოდში შანხაისა და ჩინეთის სხვა ქალაქებში დაწესებულმა კოვიდრეგულაციებმა გამოიწვია. მაგალითად, შანხაიში ორთვიანი ლოქდაუნი 1 ივნისს სრულდება, პეკინში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი უკვე ამუშავდა, ასევე გაიხსნა სავაჭრო ცენტრებიც. ამიტომ ეკონომიკის გააქტიურებას ელოდებიან.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში ევროზონა ინფლაციის ბოლო მონაცემების გამოქვეყნებას აპირებს, ეკონომისტები მაისში მომხმარებელთა ფასების ინდექსის 7.7%-მდე მატებას ვარაუდობენ, მაშინ როდესაც აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 7.4%-ს შეადგენდა. ასევე გამოქვეყნდება ევროკავშირში მაისის ბიზნესკლიმატის, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ინდუსტრიის განწყობების შესახებ ბოლო ინფორმაცია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საფრანგეთსა და შვეიცარიაში პირველი კვარტალის მშპ-ის მონაცემების გამოქვეყნება იგეგმება. იაპონიაში კი აპრილის უმუშევრობის მაჩვენებლები გახდება ცნობილი. უმუშევრობის აპრილის მაჩვენებელი გახდება ცნობილი ევროკავშირშიც.

მნიშვნელოვანი იქნება კანადაში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაც. რუსეთში რიტეილ-გაყიდვების აპრილის მაჩვენებლები გახდება ცნობილი. ასევე რუსეთი ხელფასების ზრდის ტენდენციებს და აპრილის უმუშევრობის მაჩვენებელსაც გაასაჯაროებს. ცნობილი გახდება რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა აშშ დოლარში.

რაც შეეხება საქართველოს, კვირის დასაწყისში საქსტატი 2021 წლის საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. ასევე გამოქვეყნდება საწარმოებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მონაცემები (2021 წელი). საინტერესო იქნება 2021 წლის სპორტის სტატისტიკის მაჩვენებლები და 2022 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება – ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *