გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა დატვირთული აღმოჩნდა რობოტიკის სფეროს სიახლეებით, რაც არცთუ ისე ხშირად ხდება: Dyson-მა საოჯახო საქმეზე ორიენტირებული რობოტების შექმნა დააანონსა, ხოლო შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მარტოხელა მოხუცებს სოციალური რობოტები დაურიგოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე, რომლის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი Ripple-ისა და Salesforce-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Gucci-მ ახალგაზრდა გეიმერების ონლაინაკადემია შექმნა

გასულ კვირის მიმოხილვას  საინტერესო, მაგრამ ძალზე უცნაური სიახლით ვიწყებთ: იტალიური მოდის სახლმა, Gucci-მ და კიბერსპორტის ტურნირების ორგანიზატომა კომპანიამ, Faceit-მა ახალგაზრდა გეიმერების ონლაინაკადემია შექმნეს. Gucci-ს ამ ინიციატივის მიზანს კიბერსპორტსმენების ახალი თაობის აღზრდა წარმოადგენს – ამისთვის, აკადემიის მოსწავლეებს სწავლისათვის საჭირო აპარატულ უზრუნველყოფას მისცემენ და ყოველთვიურ სტიპენდიას და მწვრთნელებს დაუნიშნავენ.

ამ დროისთვის პლატფორმას ოთხი მოსწავლე უკვე ჰყავს – ისინი Gucci-მ და Faceit-მა ერთობლივად შეარჩიეს. ოთხივე გეიმერი Counter-Strike-ის მოთამაშეა და Faceit Pro League-ში ასპარეზობს. როგორც ირკვევა, ონლაინაკადემია ჩარიცხულ გეიმერებს მხარდაჭერას მაქსიმუმ ერთი წლით ან იმ დრომდე ჰპირდება, სანამ ისინი პროფესიულ კონტრაქტს მიიღებენ.

თავისთავად ცხადია, რომ სამომავლოდ აკადემიაში მოსწავლეების რაოდენობა გაიზრდება – იმ დროისთვის მოსწავლეთა ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება არა მხოლოდ კანდიდატების სათამაშო შედეგების მიხედვით, არამედ გასაუბრების საფუძველზეც.

Dyson-ს საოჯახო საქმეზე ორიენტირებული რობოტების შექმნა სურს

გასულ კვირას წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით სახელგანთქმულმა კომპანიამ, Dyson-მა საოჯახო საქმეზე ორიენტირებული რამდენიმე რობოტის პროტოტიპი წარმოადგინა. ამ ჩვენებით, Dyson-მა კომპანიის განვითარების ხედვა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მომავალ ხუთ წელიწადში საოჯახო საქმეზე ორიენტირებული რობოტების შესაქმნელად ასობით ინჟინერს დაიქირავებდა. ამასთანავე, კომპანიამ მისი რობოტების უნარებიც აჩვენა – მათ გასაშრობი კაბინიდან თეფშების ამოღება, მტვერსასრუტით ტახტის გაწმენდა და სათამაშოების აკრეფა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 2030 წლისთვის Dyson-ს ისეთი ავტონომიური რობოტის გამოშვება სურს, რომელიც საოჯახო საქმეებს თავად გააკეთებს. საინტერესოა, რომ პირველი რობოტი – Dyson 360 Eye-ის ტიპის მტვერსასრუტი კომპანიამ ჯერ კიდევ 2014 წელს გამოუშვა. ისე კი, ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა Dyson-ი რობოტიკითა და ხელოვნური ინტელექტით ინტერესდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავტომატური საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულება Dyson-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ამაზე მიუთითებს ისიც, რომ, კომპანიის თქმით, ის ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან რეკრუტინგს აცხადებს საინჟინრო თანამდებობებზე, რომლის ფარგლებში, ხუთი წლის განმავლობაში 700 ინჟინრის დაქირავებას გეგმავს. საინტერესოა, რომ წელს Dyson-ის სამუშაო ძალას 2000 ახალი თანამშრომელი უკვე შეემატა.

ისე კი, ინჟინრების რეკრუტინგის გარდა, Dyson-ი რობოტიკის მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს უდიდეს კვლევით ცენტრსაც აშენებს, უილტშირის საგრაფოში. ეს ის ადგილია, სადაც კომპანია ელექტრომობილებზე მუშაობდა, ამ პროექტის გაუქმებამდე. ზემოხსენებული ცენტრის გარდა, Dyson-ის კვლევები გაგრძელდება ლონდონსა და სინგაპურში.
„ეს რობოტული ტექნოლოგიის სასარგებლოდ ჩამოსული დიდი ფსონია, რომელიც Dyson-ის კვლევებს სათავეში ჩაუდგება მექანიკური ინჟინერიის, ხედვითი სისტემების, მანქანური დასწავლისა და ენერგიის შენახვის მიმართულებებით“, – განაცხადა კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, ჯეიკ დაისონმა. საინტერესოა, რომ 2020 წელს, რობოტიკის, ახალი ძრავიანი მოწყობილობებისა და მანქანური დასწავლის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებების განვითარებისთვის Dyson-მა $3.45 მილიარდის დაბანდების შესახებ განაცხადა. ამ ინვესტიციის მსუყე ნაწილი – $750 მილიონი – წელს დაიხარჯება.

შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლება ასაკოვან მოსახლეობას კომპანიონ რობოტებს დაურიგებს

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა – შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლება გეგმავს, რომ ასაკოვან მოსახლეობას კომპანიონი რობოტები დაურიგოს, რომლებიც მათ გამოელაპარაკებიან, ოჯახის წევრებთან დაკავშირებაში დაეხმარებიან და ვარჯიშისა და წამლების მიღების დროს შეახსენებენ.

ფოტო: Intuition Robotics

საინტერესოა, რომ ამგვარად, შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლება ასაკოვან ადამიანებში სოციალური იზოლაციის პრობლემის გამოსწორებას შეეცდება. საქმე ისაა, რომ 65 წელს გადაცილებულ ამერიკელთა საკმაოდ დიდი ნაწილი – 14 მილიონი, მარტოსულად ცხოვრობს და დროის გასვლასთან და ბეიბი-ბუმერების თაობის ასაკის მატებასთან ერთად, ამ პარამეტრის კიდევ უფრო გაზრდა არის მოსალოდნელი. თავად მარტოსულობა კი ორგანიზმისთვის ისეთივე დამაზიანებელია, როგორიც, მაგალითად, სიგარეტის მოწევა.

რობოტი, რომელსაც ნიუ-იორკის ასაკოვან მოსახლეობას დაურიგებენ, ElliQ ჰქვია და მასზე ისრაელურმა კომპანიამ, Intuition Robotics-მა იმუშავა. „ElliQ-ს მრავალმხრივმა ფუნქციონალმა დაგვაინტერესა – ის პროაქტიული მოწყობილობაა, რომელიც ინდივიდებთან ურთიერთობის დეტალებს იმახსოვრებს და ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე, ძილსა და წყლის მიღებაზე არის ფოკუსირებული“, – განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, გრეგ ოლსენმა The Verge-თან საუბრისას. „ის ადამიანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირდება, მათ შორის მეხსიერებაზე, ცხოვრების ვალიდაციაზე, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე და ზოგადად, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ახალისებს“.

ფოტო: Intuition Robotics

რობოტი ElliQ საფუძველთან დაკავშირებული ორი ნაწილისგან შედგება: პირველი – რობოტის სახის მსგავსი სანათია, რომელიც მიკროფონითა და დინამიკებითაა აღჭურვილი და იმ ადამიანისკენ იყურება, რომელიც მას ელაპარაკება; ხოლო მეორე – სენსორული ეკრანია, რომელზეც ჩვეულებრივ დროს სურათები და დამატებითი ინფორმაცია ჩანს, ხოლო ვიდეოზარის შემთხვევაში იმ ადამიანების გამოსახულება ჩნდება, რომელთაც ასაკოვანი ადამიანი ესაუბრება.

Intuition Robotics-ს თუ დავუჯერებთ, ElliQ-ს ემპათიის გამჟღავნება და მომხმარებლებთან კავშირის დამყარება შეუძლია. ამისთვის რობოტი მისი მფლობელის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმახსოვრებს და საკუთარ იდენტობას მფლობელის იდენტობას არგებს – აი, მაგალითად, ElliQ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხუმრობს, თუკი მისი მფლობელი ბევრს იცინის.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლება ასაკოვან მოქალაქეებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეარჩევს. „ElliQ შექმნილია 75 წელს გადაცილებული იზოლირებული ან მარტოსული ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ Wi-Fi და ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან თავს კომფორტულად გრძნობენ“, – ამბობს გრეგ ოლსენი. თავისთავად ცხადია, რომ რობოტის მონტაჟსა და მომხმარებლების ტრენინგს ნიუ-იორკის ხელისუფლება უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დაუჯდა შტატ ნიუ-იორკის ხელისუფლებას ამ პროგრამისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა. ჩვეულებრივად, ElliQ-ს მოწყობილობა $250 ღირს, ხოლო მისი ყოველთვიური მომსახურების გადასახადი $30-ს უდრის.

Mythical Games-თან ერთად NFL-ი ბლოკჩეინზე დაფუძნებულ თამაშს, NFL Rivals-ს გამოუშვებს

გასულ კვირას გაირკვა, რომ ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგა (NFL) და ვიდეოთამაშების დეველოპერი Mythical Games-ი ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ახალ თამაშს, NFL Rivals-ს შექმნიან, რომელშიც მომხმარებლები საყვარელი გუნდების გენერალური დირექტორის (GM) როლის მორგებას და სხვა მოთამაშეებთან გარჯას შეძლებენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ბლოკჩეინ-თამაში ერთგვარი შუამავალი რგოლი იქნება Football Manager-სა და ფენტეზი-ლიგას შორის, ოღონდ ერთი განსხვავებით – მან ხელი არ უნდა შეუშალოს NFL-ის კიდევ ერთ ვიდეოთამაშს, Madden Ultimate Team-ს.

ფოტო: Mythical Games

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვიდეოთამაშის აღწერის გარდა არაფერი ვიცით, რადგან მისი ტრეილერი და გეიმპლეის სურათები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა Web3-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ნებისმიერი სხვა პროექტის მსგავსად, ერთგული კომუნის შესაქმნელად, საკუთარი Discord-ი NFL-ის ახალ ვიდეოთამაშსაც აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეოთამაში 2023 წლის დასაწყისში გამოვა, ხოლო მანამდე  NFL-ი მომხმარებლებისთვის ამერიკული ფეხბურთის თემატიკაზე შესრულებული უნიკალური სამგანზომილებიანი NFT-ების 32 კოლექციას, Rarity League-ს გამოუშვებს.

როგორც ჩანს, NFL-ის ახალი თამაში გათვლილია როგორც ბლოკჩეინ-ენთუზიასტებზე, ასევე ამ ტექნოლოგიაში არჩახედულ ადამიანებზე. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ NFL Rivals-ის მომხმარებლები ვიდეოთამაშში ჩაშენებული საფულის გამოყენებას შეძლებენ, ხოლო ისინი, ვინც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაში კარგად ერკვევიან, საკუთარი საფულეების დაკავშირებას ბლოკჩეინ-ხიდების საშუალებით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ NFL-ის ამგვარმა გადაწყვეტილებამ კრიპტოენთუზიასტების კრიტიკა გამოიწვია – მათი თქმით, ადამიანი, რომელიც მისი საფულის ორთავე გასაღებს არ ფლობს, რეალურად არც იმ კრიპტოაქტივებს ფლობს, რომლებიც ამ საფულეში ინახება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Mythical Games-ი, Web3-ტექნოლოგიაზე მომუშავე სხვა კომპანიების მსგავსად, უმეტესწილად ვენჩურული კაპიტალითაა დაფინანსებული – გასულ წელს, Andreessen Horowitz-მა კომპანიაში $150 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება Mythical Games-ს, ის ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ვეტერანებითაა დაკომპლექტებული – იმ ადამიანებით, რომელთაც თავის დროზე Call of Duty-ის, World of Warcraft-ისა და Guitar Hero-ს ფრენჩაიზები შექმნეს.

შესაძლოა, საქართველოში Ripple-ის მომსახურების რეგიონული ცენტრი გაიხსნას

შესაძლოა, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბლოკჩეინ-კომპანიის, Ripple-ის მომსახურების ცენტრი გაიხსნას, – ასეთი იდეა შესთავაზა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Ripple-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ბრედ გარლინგჰაუსს.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ბაზარი ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისითაც საკმაოდ ხელსაყრელია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდა, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით საქართველო ხდება რეგიონული და გლობალური მრავალფუნქციური ჰაბი ფინანსური სერვისების, ტექნიკური და ინოვაციური ინდუსტრიებისთვის. რეპუტაციისა და მეგობრული ბიზნესგარემოს წყალობით კი საქართველო გლობალურად გახდა ლიდერი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით. ქვეყანა განვითარებულ ბაზრებზე იმავე ლიგაშია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, დანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი არიან.

როგორც ირკვევა, ქართულმა მხარემ Ripple-ის ხელმძღვანელობას ისიც უამბო, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინ-ტექნოლოგია საჯარო სერვისებში დანერგა, რითაც საჯარო რეესტრის საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 30%-ით შეამცირა.

მხარეებს შორის შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილიც გამოეხმაურა: „ჩვენ გვქონდა კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიოს წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ იყოს ავანგარდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით“.

Ripple-ი 2012 წელს დაარსებული ამერიკული კომპანიაა, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფინანსური ტრანზაქციებისთვის გამოიყენება. Ripple-ის ქსელს საკუთარი ტოკენიც აქვს, კრიპტოვალუტა XRP-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $20.6 მილიარდს შეადგენს – კრიპტოვალუტებს შორის, ეს რიგით მეექვსე ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის პრეზიდენტს, ემი ვივერის შეხვდა. ამ მხრივაც, პრემიერ-მინისტრმა კომპანიას ქართული ბიზნესგარემო გააცნო და ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნა შესთავაზა.

კრიპტობირჟა FTX-ს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ფუნქციონალი დაემატება

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მალე მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტობირჟას, FTX-ს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ფუნქციონალი დაემატება – ამის შესახებ ბირჟის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, აქციებითა და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ბეტა-ფუნქციონალით სარგებლობას, ამ ეტაპზე, ამერიკაში მცხოვრები, წინასწარ შერჩეული მომხმარებლები შეძლებენ.

ფოტო: FTX

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა საკრედიტო ბარათებითა და საბანკო გადარიცხვებით იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, ცნობილია, რომ მომხმარებლები საკომისიოს არ გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ანგარიშზე თანხის შეტანას ისინი ფიატ-ვალუტით გამყარებული სტეიბლკოინებითაც შეძლებენ.

საინტერესოა, რომ გამჭვირვალობისა და სამართლიანი საფასო სისტემის შეთავაზებისთვის, FTX-ი Nasdaq-თან თანამშრომლობას გეგმავს და ამ სერვისისთვის შემოსავლის მიღებაზე უარს ამბობს. საქმე ისაა, რომ Robinhood-ი და სხვა ონლაინბირჟები PFOF-სისტემას იყენებენ, რომლითაც შეკვეთებისთვის საბროკერო კომპენსაციას იღებენ – კრიტიკოსთა აზრით, ამგვარი ბიზნესმოდელი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს ბადებს. ეს პრაქტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ გასულ წელს დადგა, როცა GameStop-ის აქციათა ფასმა უეცარი ზრდა განიცადა.

„FTX Stocks-ის გაშვებით, ინდივიდუალური ინვესტორებისთვის ერთიანი პლატფორმა შევქმენით, რომელიც მათ კრიპტოვალუტების, NFT-ებისა და ტრადიციული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს, გამჭვირვალე და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის დახმარებით“, – განაცხადა FTX-ის ამერიკული ოპერაციების პრეზიდენტმა, ბრეტ ჰარისონმა.

FTX Stocks-ის გარდა, საფონდო ბირჟებზე განთავსებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა Robinhood-ით, Block-ის საკუთრებაში არსებული Cash App-ითა და Public.com-ითაა შესაძლებელი – საქართველოში კი ამგვარი ფუნქციონალი “საქართველოს ბანკის” მობაილ აპლიკაციაში არის ჩაშენებული.

საინტერესოა, რომ მაისის დასაწყისში, FTX-ის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა Robinhood-ის 7.6%-იანი წილი შესყიდვის შესახებ განაცხადა – ამ გარიგების შედეგად ის კომპანიის რიგით მესამე ყველაზე მსხვილი მეწილე გახდა. საინტერესოა, რომ კომპანიის აქციების შესაძენად ბენკმენ-ფრიდმა 13D-ტიპის ფორმა გამოიყენა, რომელსაც, როგორც წესი, იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა ინვესტორი მომავალში აქციების დამატებითი პაკეტის შეძენას გეგმავს. თუმცა უნდა ითქვას, რომ, როგორც განაცხადში ვკითხულობთ, Robinhood-ის დამატებითი აქციების შეძენას ბენკმენ-ფრიდი ამ დროისთვის არ გეგმავს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ FTX-ი სწორედ ის კრიპტობირჟაა, რომელიც საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნით არის დაინტერესებული, რისთვისაც, ამა წლის მაისში, კომპანიის წარმომადგენელთა ოფიციალური დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა. მანამდე კი, ამა წლის თებერვალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *