უკრაინის მიერ ქალაქ იზიუმის გათავისუფლებას მიმდინარე კვირას თავისი ეფექტი მოჰყვება. ასეთია ანალიტიკოსების მოლოდინი, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული წინსვლა უკრაინაში მიმდინარე ომში გადამწყვეტი იქნება. თუმცა ომის პარალელურად, რუსეთი ეკონომიკურ ზეწოლას ევროპაზე გაზის მიწოდების შეწყვეტით აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ლანდშაფტი იცვლება და გაურკვეველია, ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, რომ რუსეთის წარუმატებლობამ შეიძლება მხოლოდ გაზარდოს რუსეთის მზადყოფნა, გამოიყენოს თავისი ეკონომიკური ბერკეტები უკრაინასთან და უკრაინის მხარდამჭერებთან პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი გზებით, რამაც შეიძლება მეტი ზეწოლა მოახდინოს ევროპულ ქვეყნებზე მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.
ევროპა ნამდვილად რთულ ვითარებაშია, თუმცა ევროპის მასშტაბით მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და ომის მიმდინარეობის ფონზე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის მზადაა და ზამთრის პერიოდში ქვეყანა უმძიმესი ენერგეტიკული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდება.
პარალელურად, მიმდინარე კვირას გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, მთლიანად ევროზონა, აშშ და დიდი ბრიტანეთი სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაქვეყნებენ. იაპონია, შვეიცარია, ბრიტანეთი და აშშ მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნებასაც გეგმავენ.
მოსალოდნელია ასევე ბრიტანეთის მიერ ივლისის უმუშევრობის მაჩვენებლის გამოქვეყნება. უმუშევრობის კვარტალურ მონაცემს გამოაქვეყნებს იტალიაც. საინტერესო იქნება ევროკავშირში შრომის ღირებულების ინდექსისა და ევროზონაში ხელფასების მეორე კვარტალის საშუალო მაჩვენებლებიც, რომლებიც ასევე 12 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ევროკავშირი ივლისის სავაჭრო ბალანსის გასაჯაროებასაც გეგმავს.
რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის გამოქვეყნებას გეგმავს ჩინეთიც. კერძოდ, უმუშევრობის დონის გარდა, ოფიციალური პეკინი აგვისტოს რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელსა და წარმოების მაჩვენებელსაც გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას, კერძოდ, 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის სხდომა გაიმართება, რომელზეც ცნობილი გახდება, შეცვლის თუ არა ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს.
ამასთან, საქსტატი 2022 წლის აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს და საარსებო მინიმუმს, ასევე ადგილობრივი ტურიზმის მეორე კვარტალის სტატისტიკას, ნამუშევარი საათების ინდექსს, დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, 2022 წლის იანვარი-ივნისი, წინასწარი) და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს (2022 წლის II კვარტალი) გამოაქვეყნებს.