ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, მათ ორი Apple-ი, Amazon-ი, Alphabet-ი და Meta გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგებს გამოაქვეყნებენ. ცნობისთვის, S&P 500-ის 143-მა კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა თავიანთი შედეგები. აღსანიშნავია, რომ ტექკომპანიები ზეწოლას განიცდიან შექმნილი ეკონომიკური ვითარებისა და რეცესიის გამო.

ამასთან, მიმდინარე კვირას ფედერალური სარეზერვო სამსახური მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, რომელზეც ცნობილი გახდება, რამდენით გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები. როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკას 25 საბაზისო პუნქტით გაამკაცრებს.

30 იანვრის კვირაში ევროპის ცენტრალური ბანკიც გეგმავს მონეტარული პოლიტიკის სხდომის გამართვას. ეკონომისტები ამ შემთხვევაში 50 საბაზისო პუნქტით ზრდას ელიან. ხუთშაბათის შეხვედრამდე კი ევროზონა 2022 წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ამასთან ოთხშაბათს იგეგმება იანვრის ინფლაციის მონაცემის გამოქვეყნებაც, რომელიც, როგორც ელოდებიან, მცირედით შემცირებული იქნება.

ევროზონის და აშშ-ის პარალელურად, მიმდინარე კვირას ინგლისის ცენტრალური ბანკიც აპირებს საპროცენტო განაკვეთების ზრდას. როგორც პროგნოზირებენ, ბანკი 50 ბაზისური პუნქტით – 4%-მდე გაზრდის საპროცენტო განაკვეთს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას იაპონიაში დეკემბრის რიტეილ-გაყიდვების და უმუშევრობის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. უმუშევრობის მაჩვენებლის გასაჯაროებას აპირებს გერმანიაც. ხოლო კანადაში მშპ-ის ბოლო მონაცემი გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი ექსპლუატაციაში მიღებული საცხოვრებელი ობიექტების შესახებ (2022 წელი) ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ცნობილი გახდება ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებაც (2022 წელი). საინტერესო იქნება სპორტის სტატისტიკის მაჩვენებლები (2022 წელი) და ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასებაც, ასევე, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2022 წლის დეკემბერი). კვირის ბოლოს კი უნდა ველოდოთ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (2023 წლის იანვარი) გამოქვეყნებასაც.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომას გამართავს. 1-ელი თებერვლის სხდომაზე ცნობილი გახდება, შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც მარტის შემდეგ 11%-ზეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *