გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირა მეცნიერების სხვადასხვა დარგისთვის გამორჩეული აღმოჩნდა, ვინაიდან არაერთი საინტერესო სიახლე მოხდა. ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა და იტალიაში დაფუძნებული MultiMedica Group-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაბერების საწინააღმდეგო გენი, რომელიც ასწლოვანების პოპულაციაში აღმოაჩინეს, გულის ბიოლოგიურ ასაკს 10 წლით უკან აბრუნებს. გარდა ამისა, გასაჯაროვდა კვლევა, რომლის თანახმად, ჭიანჭველებს კიბოს ამოცნობა პაციენტის შარდის სუნით, ძლიერი ყნოსვითი რეცეპტორების წყალობით შეუძლიათ. FDA-მ კი სისხლის კიბოს იშვიათი ფორმის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა, რომელიც კომპანია Eli Lilly-ის ეკუთვნის.

რაც შეეხება კოსმოსის მიმართულებას: რამდენიმე დღის წინ ასტეროიდმა, სახელწოდებით 2023 BU, დედამიწას დაახლოებით 3,500 კილომეტრის დისტანციაზე ჩაუარა.

ბლოგში ამ და სხვა სიახლეებს დეტალურად გაეცნობით.

აღმოაჩინეს გენი, რომელიც გულს 10 წლით აახალგაზრდავებს

ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა და იტალიაში დაფუძნებული MultiMedica Group-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაბერების საწინააღმდეგო გენი, რომელიც ასწლოვანების პოპულაციაში აღმოაჩინეს, გულის ბიოლოგიურ ასაკს 10 წლით უკან აბრუნებს. ახალი მიგნების შესახებ ნაშრომი გამოცემა Cardiovascular Research-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო გენს დედამიწის „ლურჯ ზონებში“ მცხოვრებ ადამიანებში მიაკვლიეს. ეს ადამიანები ჯანსაღი მუტანტი გენის წყალობით განსაკუთრებული დღეგრძელობით გამოირჩევიან – ისინი ხშირად 100 წელსა და მეტ ხანს ცოცხლობენ და ხანდაზმულ ასაკშიც კი ჯანმრთელობას ინარჩუნებენ.

როგორც დაკვირვება აჩვენებს, დაბერების საწინააღმდეგო გენის მატარებელი ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებისკენ. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ზემოხსენებული გენი ეხმარება გულს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში და მათ დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებებისგან, მათ შორის გულის უკმარისობისგან იცავს.

bluebay2014/iStock

ბრისტოლის უნივერსიტეტის გუნდმა ცდა თაგვებზე ჩაატარა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ დაბერების საწინააღმდეგო გენმა, მისი ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, საშუალო ასაკის მღრღნელებში გულის ფუნქციის დაქვეითება შეაჩერა. კიდევ უფრო საყურადღებოა ხანდაზმულ თაგვებზე ჩატარებული კვლევა, რომელთა გულებში ისეთი ცვლილებები ვლინდება, როგორიც ასაკოვან ადამიანთა ორგანოებში – გენმა ხანდაზმული თაგვების გული იმ ბიოლოგიური ასაკით გააახალგაზრდავა, რაც ადამიანთა შემთხვევაში ათი წლის ეკვივალენტია.

ამის შემდეგ კვლევა MultiMedica Group-ის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ცდაში იმ ხანდაზმული ადამიანების გულის უჯრედები გამოიყენეს, რომელთაც აღნიშნულ ორგანოსთან დაკავშირებული მძიმე დაავადებები აწუხებდათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ტრანსპლანტაცია იყო საჭირო.

როგორც MultiMedica Group-ის მკვლევრები აცხადებენ, ცდის დაწყებამდე ხანდაზმული პაციენტების გულის უჯრედები, „პერიციტები“, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი სისხლძარღვების მშენებლობას, დაბერებული და ფუნქციადაქვეითებული იყო. მათივე თქმით, დაბერების საწინააღმდეგო გენის გამოყენების შემდეგ, გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტების ორგანოების უჯრედებმა გამართული ფუნქციონირება აღიდგინეს, რაც უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ახალი სისხლძარღვების მშენებლობაში.

კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ასწლოვან პოპულაციაში მიგნებული ჯანსაღი მუტანტი გენი, გარდა მათი შთამომავლობისა, შეიძლება არანათესავ ადამიანებსაც გადაეცეთ, ამ უკანასკნელთა გულების დასაცავად. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში გამოვლინდეს გენის სხვა მუტაციები მსგავსი ან თუნდაც სხვა სამკურნალო პოტენციალით.

დედამიწას ასტეროიდმა 3,500 კილომეტრის დისტანციაზე ჩაუარა

ასტეროიდმა, სახელწოდებით 2023 BU, რომელიც სულ ახლახან, 21 იანვარს აღმოაჩინეს, დედამიწას დაახლოებით 3,500 კილომეტრის დისტანციაზე ჩაურა. შედარებისთვის, გეოსტაციონარული თანამგზავრების უმეტესობა ჩვენი პლანეტის ორბიტაზე საშუალოდ 35,800 კილომეტრის მანძილზე მოძრაობს. ასტეროიდი დედამიწასთან ყველაზე ახლოს 27 იანვარს, 04:27 საათზე მოვიდა.

2023 BU ცნობილია როგორც აპოლონის ტიპის ასტეროიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ორბიტა დედამიწის ორბიტას კვეთს, თუმცა ობიექტი დროის უმეტეს ნაწილს ჩვენი პლანეტის ბილიკის მიღმა ატარებს, – ნათქვამია დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტების კვლევის ცენტრის განცხადებაში.

სპეციალისტების თქმით, 2023 BU მზის გარშემო ყოველ 425 დღეში ბრუნავს და ჩვენს პლანეტასთან ახლოს 2036 წლის 6 დეკემბრამდე აღარ ჩაივლის.

მეცნიერების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ასტეროიდი დედამიწისკენ გამოემართებოდა, ის, მცირე ზომიდან გამომდინარე (3,5-დან 8,5 მეტრამდე), ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვებოდა.

FDA-მ სისხლის კიბოს იშვიათი ფორმის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

კომპანია Eli Lilly-ის მიერ პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მისი პრეპარატი Jaypirca დაამტკიცა, რომელიც სისხლის კიბოს იშვიათი ფორმის სამკურნალოდ არის განკუთვნილი.

როგორც მედიკამენტების მწარმოებელმა Reuters-სთან აღნიშნა, 30 დღის სამყოფი Jaypirca-ს ღირებულება $21,000 იქნება. პრეპარატი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომი სავარაუდოდ უახლოეს კვირებში იქნება, მიზნად ისახავს მანტიის უჯრედოვანი ლიმფომით დაავადებული ზრდასრული პაციენტების მკურნალობას თერაპიის მინიმუმ ორი ხაზის გავლის შემდეგ.

ცნობისთვის, მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა არის სისხლის კიბოს იშვიათი ტიპი, რომელიც ვითარდება ლიმფურ კვანძებში სისხლის თეთრი უჯრედებიდან და აგრესიულად ვრცელდება სხეულის სხვა მიდამოებში.

Jaypirca-ს დამტკიცება ეფუძნება 120 პაციენტზე ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელმაც აჩვენა, რომ ცდისპირთა ნახევარი წამალზე რეაგირებდა, ხოლო 13%-მა მიაღწია სრული პასუხის გამოწვევას. ტესტირებისას შეფასდა პრეპარატის 200 მგ დოზის ეფექტიანობა დაავადების პროგრესირებამდე.

Jaypirca, რომელიც FDA-მ დაჩქარებული წესით დაამტკიცა, პირველია იმ ხუთ თერაპიას შორის, რომლის წარმოებაში ჩაშვებასაც Eli Lilly მიმდინარე წელს იმედოვნებს. მათ შორისაა ჭარბწონიანობის სამკურნალო მედიკამენტიც.

აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირას FDA-მ უარი თქვა Eli Lilly-ს ალცჰაიმერის ექსპერიმენტული წამლის, დონანემაბის დაჩქარებული წესით დამტკიცებაზე, რადგან კომპანიამ ტესტირებიდან საკმარისი მონაცემები ვერ წარმოადგინა.

ESA-მ კოსმოსურ ხომალდ JUICE-ის გაშვების თარიღად 14 აპრილი შეარჩია

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) გადაწყვეტილებით, იუპიტერის მთვარეებისკენ მისია JUICE-ის ფარგლებში ხომალდს 14 აპრილს გაუშვებს.

„გაშვება ამჟამად 14 აპრილისთვისაა დაგეგმილი“, – განაცხადა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა სამშაბათს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ცნობილია, მისიის ფარგლებში აპარატი იუპიტერის სამ ბუნებრივ თანამგზავრს: ევროპას, განიმედესა და კალისტოს შეისწავლის. კერძოდ კი, ციური სხეულების ბუნებას გამოიკვლევს, ასევე მათი ზედაპირის ქვეშ ოკეანეებისა და სიცოცხლისთვის თავსებადი გარემოს პოტენციური არსებობის დადგენას შეეცდება.

კოსმოსური ხომალდი JUICE-ი ტესტირებას საფრანგეთში, ტულუზაში მდებარე Airbus-ის ბაზაზე გადიოდა. აპარატს უახლოეს მომავალში ESA-ს კუთვნილი, გვიანას კოსმოსური ცენტრისკენ გაგზავნიან. იქიდან კი დაახლოებით 6,200 კილოგრამი წონის ხომალდს კოსმოსში Ariane 5-ის რაკეტის დახმარებით გაუშვებენ.

გეგმის მიხედვით, JUICE-ი იუპიტერამდე 2031 წელს მიაღწევს და შემდეგ პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრების გარშემო ფრენების სერიას შეასრულებს. საბოლოოდ, 2034 წლისთვის ის განიმედეს გარშემო ორბიტაზე შევა და მთვარის უფრო დეტალურ, ცხრათვიან შესწავლას დაიწყებს.

კვლევა: ჭიანჭველებს შარდის სუნით კიბოს ამოცნობა შეუძლიათ

ახალი კვლევის თანახმად, ჭიანჭველებს კიბოს ამოცნობა პაციენტის შარდის სუნით, ძლიერი ყნოსვითი რეცეპტორების წყალობით შეუძლიათ. ამის შესახებ ნაშრომი ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, მსგავსი უნარით Formica fusca-ს სახეობის ჭიანჭველები გამოირჩევიან.

„ჭიანჭველა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბიოდეტექტორი, რათა განვასხვაოთ ჯანმრთელი და სიმსივნის მქონე ინდივიდები“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი. გარდა ამისა, მეცნიერი დასძენს, რომ ჭიანჭველები ადვილად იწვრთნებიან, მარტივად სწავლობენ, ასევე ეს გზა ეფექტიანი და ნაკლებად ხარჯიანი.

მეცნიერების გუნდმა კვლევის საწყის ეტაპზე თაგვებში ადამიანის ძუძუს კიბოს ქსენოტრანსპლანტაცია დაიწყო. შემდეგ მათ აიღეს შარდის ნიმუშები ჯანმრთელი და სიმსივნით დაავადებული ცხოველებისგან.

მკვლევრებმა ჭიანჭველებს შარდში სიმსივნის სუნისა და მათთვის მიცემული ჯილდოს ერთმანეთთან დაკავშირება ასწავლეს, დაავადებული თაგვების შარდის წინ შაქრიანი წყლის წვეთის განთავსებით. ჭიანჭველები კიბოთი დაავადებული თაგვების შარდთან დაახლოებით 20 პროცენტით მეტხანს გაჩერდნენ, ვიდრე ჯანმრთელი მღრღნელების შარდთან, ვინაიდან ისინი სიმსივნის გამოვლენისთვის ჯილდოს, შაქრიან წყალს ელოდებოდნენ.

ჭიანჭველებისთვის სუნის ასოციაციის სწავლება სამ ტრენინგში ან მთლიანობაში დაახლოებით 10 წუთში გახდა შესაძლებელი. ეს ბევრად უფრო ნაკლები დროა, ვიდრე ძაღლების ვარჯიში კიბოს გამოსავლენად, რასაც შეიძლება ექვს თვემდე წვრთნა დასჭირდეს.

ცნობისთვის, შავი ჭიანჭველა, რომელიც ცნობილია როგორც Formica fusca, გავრცელებულია მთელ ევროპაში, ასევე სამხრეთ აზიისა და აფრიკის ზოგიერთ რეგიონში.

2023 წლის განმავლობაში ჩინეთი კოსმოსში 200-ზე მეტი ხომალდის გაშვებას გეგმავს

გასულ წელს ჩინეთმა 64 ორბიტული ფრენა შეასრულა და საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაასრულა, თუმცა აზიურ ქვეყანას 2023 წელს უფრო დატვირთული კალენდარი აქვს.

ჩინეთის მთავარმა კოსმოსურმა კონტრაქტორმა და Long March-ის რაკეტების მწარმოებელმა, CASC-მა განაცხადა, რომ წელს 60-ზე მეტ გაშვებას გეგმას. აქვე გეტყვით, რომ მან 2022 წლის განმავლობაში 54 მისია განახორციელა.

ამასთანავე, მიმდინარე წელს მისიების განხორციელებას უნდა ველოდოთ ჩინეთის კომერციული გაშვების სერვისის პროვაიდერებისგან – მათ შორის Expace-ისგან, Galactic Energy-ისგან, CAS Space-ისგან, Orienspace-ისგან და Space Pioneer-ისგან. 2022 წელს 10 კომერციული მისია განხორციელდა, საიდანაც ორი წარუმატებლად დასრულდა.

CASC-მა განაცხადა, რომ მის მიერ დაგეგმილი ძირითადი მისიები მოიცავს Shenzhou 16-ისა და Shenzhou 17-ის ეკიპაჟიან ფრენებს Tiangong-ის კოსმოსურ სადგურზე, Tianzhou 6-ის სატვირთო კოსმოსურ ხომალდთან ერთად.

მთლიანობაში CASC წელს 200-ზე მეტი კოსმოსური ხომალდის გაშვებას გეგმავს, თუმცა დაგეგმილი მისიებიდან მხოლოდ რამდენიმეა საჯაროდ ცნობილი. მათ შორის სატელიტების გაშვება: ამინდის სატელიტის, გეოსტაციონარული სინთეზური დიაფრაგმის რადარისა და სამი სარეზერვო თანამგზავრის გაშვება Beidou-სთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი რაკეტა, Long March 5, Tianwen 1 Mars-ის მისიის გაშვებისა და 2020 წელს Chang’e 5-ის მისიის ფარგლებში მთვარის ნიმუშის დედამიწაზე ჩამოტანის შემდეგ წელს პირველად ამოქმედდება.

გარდა ზემოხსენებულისა, CASC-მა ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის განმავლობაში ყურადღებას გაამახვილებს მთვარის კოსმოსური ხომალდის, Chang’e 7-ისა და Tianwen 2-ის მისიის განვითარებაზე. ის ასევე გეგმავს საცდელი ფრენის ჩატარებას მცირე ზომის Long March 6C-ის დახმარებით.

გასულ წელს შესრულებული 64 ორბიტული გაშვებით ჩინეთმა მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. ამ მხრივ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჯობა 87 მისიით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *