30 UNDER 30-ის პროექტს ფინანსების კატეგორია დაემატა

30 UNDER 30-ის პროექტს ფინანსების კატეგორია დაემატა

Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა პროექტში 30 UNDER 30 2022 უკვე დაახლოებით 100 განაცხადი შევიდა. შეგახსენებთ, განაცხადები მიმდინარე წლის 15 აპრილამდე მიიღება.

აღსანიშნავია, რომ 30 UNDER 30-ის პროექტში მნიშვნელოვანი სიახლეა – ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, Forbes Georgia-ს რედაქციამ კონკურსს ფინანსების კატეგორია დაამატა. შესაბამისად, პროექტის გამარჯვებულები ახლა უკვე 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ესენია:

  • ანტრეპრენიორები და მეწარმეები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • მეცნიერება
  • მედია და მარკეტინგი
  • კულტურა და სტილი

ჩამოთვლილ კატეგორიებში გამარჯვების მსურველებს, მათ, ვისი წარმატებაც საქართველოს ბაზარზე ადვილად იზომება, სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://under30.ge/ka/#regForm

აპლიკაციასთან ერთად აუცილებელი მოთხოვნაა დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის: პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათის წარდგენა. საყურადღებოა, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კანდიდატი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უნდა იყოს არა უმეტეს 29 წლისა.

ზემოხსენებულთან ერთად, აუცილებელია სარეკომენდაციო წერილის წარდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის საქმიანობის, მისი კონკრეტული მიღწევებისა და წვლილის შესახებ შერჩეულ კატეგორიაში. წერილი შედგენილი უნდა იყოს კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორის, დარგის ექსპერტის მიერ, რომელიც უშუალო შეხებაშია კანდიდატის მიღწევებთან.

აპლიკაციის შევსების შემდეგ კანდიდატები დასტურს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. ისინი შეფასდებიან თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების პოტენციალის საფუძველზე. მონაცემების შეფასების შემდეგ კი Forbes Georgia-ს სარედაქციო ჯგუფის მიერ თითოეული დარგისთვის 10 ფინალისტი შეირჩევა. დაბოლოს, დამოუკიდებელი ჟიური თითოეულ კატეგორიაში 5 გამარჯვებულს გამოავლენს.

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი

პროექტის პარტნიორი – „გალფი“

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *