ეკონომისტი: აშშ  ჩინეთზე მდიდარი სულ მცირე 50 წელი კიდევ იქნება

ეკონომისტი: აშშ  ჩინეთზე მდიდარი სულ მცირე 50 წელი კიდევ იქნება

აშშ ჩინეთზე მდიდარი კიდევ 50 წელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, პროგნოზების მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ისას გადაუსწრებს. ამის შესახებ Economist Intelligence Unit-ის ეკონომისტი საიმონ ბაპტისტი აცხადებს.

„ვფიქრობ, არ არის მოსალოდნელი, რომ ჩინეთმა აშშ-ს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით გადაუსწროს. ჩვენი შეფასებით, სულ მცირე, მომდევნო 50 წელი ასე არ მოხდება“, – განაცხადა ბაპტისტმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ მისცემს უფლებას ჩინეთს, გახდეს გლობალურად წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

„ვხედავ მკაფიო კონკურენციას ჩინეთთან. ჩინეთს აქვს ეს მიზანი და მე არ ვაკრიტიკებ მას ამის გამო. მისი მიზანია,  გახდეს მოწინავე და უმდიდრესი, ასევე ყველაზე გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოში. ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

როგორც ეკონომისტი ბაპტისტი ამბობს, ჩინეთი იქნება ერთ-ერთი ძლიერი და მოწინავე ქვეყანა, თუმცა – აშშ-სთან ერთად. ბაპტისტის პროგნოზები უფრო კონსერვატიულია სხვა ეკონომისტების მომავლის ხედვასთან შედარებით. მაგალითად, Bank of America Global Research-ის ეკონომისტი ჰელენ ჩაო ამბობს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკას დაახლოებით 2027-2028 წლისთვის გადაუსწრებს.

ბოლო რამდენიმე წელია, აზიის რეგიონი აშშ-სა და ჩინეთს შორის ერთგვარი სავაჭრო ომის ადგილად იქცა. აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს რეგიონი ნაწილობრივ „მიატოვა“, ჯო ბაიდენმა კი აზია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ რეგიონებში ჩასვა. უფრო მეტიც, მან  რამდენიმე გავლენიანი და ცნობილი აზიელი ექსპერტიც დაიქირავა და თავის ადმინისტრაციაში დაასაქმა. ის ასევე უკვე შეხვდა იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერებს.

ჩინეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის კი პირველი შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის თაოსნობით გასულ კვირას გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი გასულ წელს ერთადერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, რომელმაც პანდემიის პერიოდში ზრდა შეძლო. 2020-ში ჩინეთის მშპ 2.3%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, აშშ-ის ეკონომიკა 3/5%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *