ელექტროენერგია, როგორც ქონების სახეობა და ექსპროპრიაციის საგანი

ელექტროენერგია, როგორც ქონების სახეობა და ექსპროპრიაციის საგანი

ენერგიის წყაროთა შორის ელექტროენერგია განიხილება, როგორც ერთ-ერთი ღირებული ეკონომიკური სიკეთე. დღევანდელი დღისთვის განახლებად ენერგიას ალტერნატივა არ გააჩნია, რომელმაც დროთა განმავლობაში წიაღისეული ენერგიის (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი) დიდი წილი უნდა ჩაანაცვლოს.

კლიმატის ცვლილების საკითხზე გამართულ საერთაშორისო პანელზე „განახლებადი ენერგიის წყაროთა წახალისება და კლიმატის ცვლილებები“ წარმოდგენილი სპეციალური მოხსენების მიხედვით: „არსებობს იმის პროგნოზი, რომ 2035 წლისთვის განახლებადი ენერგია წიაღისეული ენერგიის ემისიებს 21 პროცენტით შეამცირებს და გლობალური ელექტროენერგიის გენერირება 45 პროცენტზე მეტს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის გლობალური ელექტროენერგიის წილი 77 პროცენტზე მეტი იქნება“. თანამედროვე სამყაროში, სადაც ენერგიის წყაროებზე მოთხოვნა მზარდია, არსებობს იმის მოლოდინი, რომ განახლებადი ენერგიის სხვადასხვა მაგენერირებელი წყაროს აშენებისა და ოპერირების ზრდაც მკვეთრად მოიმატებს.

ენერგეტიკული უსაფრთხოება და ქვეყნის შესაძლებლობა, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე და გახდეს ექსპორტზე უფრო მეტად ორიენტირებული, განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მეშვეობით, ქვეყნის ზოგადი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხად განიხილება. აღნიშნულის მიუხედავად კი შეიძლება წარმოიქმნას ისეთი გარემოებები, რა დროსაც საზოგადოებრივმა ინტერესმა დიდი ალბათობით ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესები ჩაანაცვლოს.

არსებული მოცემულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგია განხილული იყოს, როგორც:

  1. „საკუთრების“, „აქტივის“ ან „პროდუქტის“ სახეობა (ამ სტატიაში თითოეულ ამ ტერმინს იდენტური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი ერთ-ერთი მიზანია, რომ დადგინდეს ელექტროენერგიის, როგორც საბოლოო ეკონომიკური სიკეთის განსაკუთრებული თვისება);
  2. ექსპროპრიაციის საგანი.

წარმოდგენილი სტატიით მიმოხილულია: შესაბამისი ქართული კანონმდებლობისა და ენერგეტიკული ქარტიის რამდენიმე დანაწესი ზემოაღნიშნული ორი საკითხის კონტექსტში, ასევე შემოთავაზებული არის რეკომენდაცია.

ელექტროენერგიის სამართლებრივი ბუნება

ეჭვგარეშეა, რომ ელექტროენერგიას მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს და მისი ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა შესაბამისი ქსელის მეშვეობით მარტივად გადაცემის შესაძლებლობა (მათ შორის – შორ დისტანციებზე). ელექტრონული სიგნალები ტალღების სახით შეიძლება განიხილებოდეს, როგორც „საქონელი“. შესაძლებელია, დადგენილი იყოს ელექტროენერგიის მოცულობა, და სხვადასხვა დროს გამომუშავებული ელექტროენერგიის კვტ-ის ფასი განსხვავებულად დადგინდეს. ნებისმიერი სხვა „ქონების“ ან „აქტივის“ მსგავსად, ელექტროენერგია ჩვეულებრივი ნასყიდობის ობიექტად განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგია სითბოს ან სინათლის წარმოქმნით ვლინდება, ელექტრონების მეშვეობით ის განიხილება, როგორც „მატერიალური ობიექტი“. მას არ გააჩნია „მოძრავი“ ან „უძრავი“ სხეულებრივი ფიზიკური თვისებები. ელექტროენერგია ასევე წარმოადგენს გარკვეული ქმედების შედეგს, რომელიც „მატერიალიზდება“ სხვადასხვა გამტარი სადენი კაბელის საშუალებით.

ელექტროენერგიის ნასყიდობასთან დაკავშირებული გარიგების შინაარსის განსაზღვრა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, წარმოადგენს თუ არა ელექტროენერგია მოძრავ თუ უძრავ ქონებას. მხოლოდ ამის შემდგომ არის შესაძლებელი, განისაზღვროს კომერციული ან მთავრობათაშორისი შეთანხმებების შესაბამისი მარეგულირებელი პუნქტების შინაარსი – ელექტროენერგიის შიდა ან ტრანსსასაზღვრო გადაცემასთან და სხვა დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით.

ზოგიერთი სახის „საქონელი“ შეიძლება იყოს გადაცემის უნარის მქონე და არ არის აუცილებელი, რომ „ქონება“ იყოს მატერიალური ან/და მას რაიმე მიმსგავსებული მატერიალიზებული სუბსტანცია ჰქონდეს. „მოძრავი აქტივის“ კლასიკური მნიშვნელობის საპირისპიროდ და წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, ელექტროენერგია არ არის მატერიალური, ხილული და ხელშესახები. ელექტროენერგია ფიზიკურად შეუმჩნეველია, თუმცა შეგვიძლია, განვსაზღვროთ მისი მოცულობა, როგორც კომერციული ვაჭრობის ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობა.

ფართოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა მეცნიერულ მიდგომას, ევროდირექტივას ან/და სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებს, ელექტროენერგია მოძრავი ქონებაა, რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი თვისება არის – გადაცემაუნარიანობა სპეციალური საშუალებების მეშვეობით. თუ მხედველობაში მივიღებთ აღნიშნულ მოსაზრებებს, ეჭვგარეშეა, რომ მატერიალური სიკეთის უხილავი და არამატერიალური ბუნება ყოველთვის არ გულისხმობს მის ცალსახად მოძრავ ქონებასთან მიკუთვნებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“ (მუხლი 149). ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, ელექტროენერგია არ შეიძლება შეფასდეს, როგორც უძრავი ქონება, ვინაიდან შესაძლებელია ელექტროენერგიის ფიზიკური „მატერიალიზებული“ გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ის არ არის უძრავი აქტივი, აგრეთვე ის მყარად არ უკავშირდება მიწას.

გამომუშავებული ელექტროენერგია, როგორც ეკონომიკური სარგებელი ან/და აქტივი, საბოლოოდ მიეკუთვნება „პროდუქტთა“ ნაირსახეობას, მაგრამ მისი უსხეულო თვისების და გადაცემაუნარიანობის გათვალისწინებით, ის ასევე შეიძლება განხილული იყოს, როგორც „მომსახურება“.

საქართველოს კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად არ არეგულირებს ელექტროენერგიის, როგორც „საკუთრების“ სახეობას, მაგრამ ის განსაზღვრავს, რომ ელექტროენერგია არის მატერიალური აქტივი, რომლის დატაცება ან რომლითაც ვაჭრობა შესაძლებელია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით: „ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევა“ (მუხლი 961) ერთ-ერთ სამართალდარღვევად განიხილება. ამასთან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, „ვაჭრობა“ განიხილება, როგორც „ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ გადაყიდვის მიზნით“.

ქართული კანონმდებლობა ირიბად განსაზღვრავს, რომ ელექტროენერგია არის მატერიალური სიკეთე, აქტივი, რომლის დატაცება შეიძლება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს და ის ასევე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც შიდა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საგანი.

ელექტროენერგია, როგორც ინვესტიციის ნაირსახეობა და ექსპროპრიაციის საკითხები

თუ ელექტროენერგია განიხილება, როგორც „საქონელი“ ან „აქტივი“, ის ასევე შესაძლოა, მიეკუთვნებოდეს „ინვესტიციის“ სახეობას, რომელიც გარკვეულ გარემოებათა არსებობისას ექსპროპრიაციას დაექვემდებარება. 

ქართული კანონმდებლობის მიდგომები

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ექსპროპრიაციის მნიშვნელობა, პირველ რიგში საჭიროა დადგინდეს „ინვესტიციის“ კანონისმიერი რაობა, როგორც ექსპროპრიაციის საგანი.

„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით:

„1. ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში.

  1. ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს:

ა) ფულადი სახსრები, წილი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
ბ) უძრავი და მოძრავი ქონება – მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობა;
გ) მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება (მათ შორის კონცესია), პატენტი, ლიცენზია, „ნოუ-ჰაუ“, გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური ფასეულობა;
დ) კანონით აღიარებული სხვა ქონებ­რივი ან ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება“.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული კანონმდებლობა ცალსახად არ განსაზღვრავს ელექტროენერგიის, როგორც ქონების სამართლებრივ ბუნებას, ციტირებული ნორმიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია, ელექტროენერგია, ნორმაში მოხსენიებულ „მოძრავ ქონებას“, „სხვა მატერიალურ ფასეულობას“ ან „სხვა ქონებრივ ფასეულობას“ მივაკუთვნოთ, რის შედეგად, ელექტროენერგია „ინვესტიციის“ სახედ კვალიფიცირდება. აღნიშნულის მიუხედავად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით: „ექსპროპრიაცია“ გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა (საკუთრების უფლება) და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით“.

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, რომ ელექტროენერგია, როგორც „პროდუქტი“ არის ინვესტიციის სახეობა და რომ ის პირდაპირი ან ირიბი გზით შეიძლება ექსპროპრიაციის საგანი გახდეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაკეთოთ ინტერპრეტაცია და დასკვნა, თუ როგორ შეიძლება, რომ ელექტროენერგია დავაკვალიფიციროთ, როგორც „ინვესტიცია“ და, შესაბამისად, როგორც ექსპროპრიაციის საგანი.

ენერგეტიკული ქარტიის მიდგომები

1995 წელს საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა ენერგეტიკულ ქარტიას, ხოლო 1998 წელს ქარტია საქართველოსთვის ოფიციალურად შევიდა ძალაში. ამასთან, საქართველო არის „ენერგო ეფექტურობისა და დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებზე“ მიღებული პროტოკოლის და „ენერგეტიკული ქარტიით რეგულირებულ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებების“ წევრი სახელმწიფო.

ენერგეტიკული ქარტიის მიხედვით: „ინვესტიცია“ ყოველგვარ აქტივს გულისხმობს, რომელსაც ინვესტორი პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს და ის მოიცავს მატერიალურ და არამატერიალურ მოძრავ და უძრავ ქონებას და ნებისმიერ ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იჯარა, იპოთეკა და გირავნობა“.

საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად, ენერგეტიკული ქარტია „ქონებას” ასევე განიხილავს ინვესტიციად. შესაბამისად, ელექტროენერგიაც, როგორც „ქონება“ ინვესტიციას წარმოადგენს. საინტერესოა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ელექტროენერგია, როგორც „ინვესტიცია“ ექსპროპრიაციას დაექვემდებაროს.

ენერგეტიკული ქარტიის მიხედვით: „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არ უნდა დაექვემდებაროს ნაციონალიზაციას, ექსპროპრიაციას ან მათ ტოლფას ქმედებებს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ასეთი ექსპროპრიაცია ხორციელდება ა) საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ბ) არადისკრიმინაციული მიდგომით; გ) კანონმდებლობის შესაბამისად და დ) სწრაფი, ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაციის გადახდის თანხლებით.“ (მე-13 მუხლის პირველი პუნქტი).

აქაც, ქართული კანონმდებლობის მსგავსად, ენერგეტიკულ ქარტიაშიც არ მოიპოვება შესაბამისი დებულება, რომელიც ელექტროენერგიას განიხილავდა, როგორც „საკუთრების“ ცალკე სახეობას ან/და „აქტივს“, რაც შემდგომში შესაძლოა ექსპროპრიაციის საგანი გამხდარიყო, მაგრამ, თუ დავუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგია „მოძრავი ქონებაა“ და, მაშასადამე, წარმოადგენს „ინვესტიციის“ ერთ-ერთ სახეს, შესაბამისად, მივალთ დასკვნამდე, რომ ის სხვა უძრავი და მოძრავი ქონების მსგავსად შეიძლება ექსპროპრიაციის საგანი გახდეს. აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ, ის სხვა შესაბამისი ქონებისგან დამოუკიდებლად ვერ დაექვემდებარება ექსპროპრიაციას, ვინაიდან მისი წარმოება და ერთიან ელექტროენერგეტიკულ ქსელში გაშვება სათანადო მოძრავი და უძრავი ქონების, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის და სხვა საჭირო აქტივების გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია.

საგულისხმოა, რომ სამთავრობათაშორისო და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან გაფორმებული ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის პროექტის მოდელური ხელშეკრულებები, რომლებიც ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ არის შემუშავებული და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ, ექსპროპრიაციის საკითხებს ენერგეტიკული ქარტიის მსგავსად ანალოგიურად არეგულირებენ. სარეკომენდაციო ხასიათის მიუხედავად, მათ საფუძველზე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო პროექტის არაერთი ხელშეკრულება შემუშავდა.

ძირითადი მსგავსებები და განსხვავებები

განსახილველი საკითხის ფარგლებში ქართულ კანონმდებლობასა და ენერგეტიკულ ქარტიას შორის სხვაობა მდგომარეობს შემდეგში: ენერგეტიკული ქარტია ერთობლივად განსაზღვრავს „ინვესტიციის“ და „ექსპროპრიაციის“ საკითხებს, მაშინ როდესაც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონი არ მოიცავს ტერმინ „ინვესტიციას“. აღნიშნულის მიუხედავად, ელექტროენერგიის, როგორც ცალკეული პროდუქტის და არა გადამცემი ხაზის ან სხვა ცალსახად მოძრავი აღჭურვილობის ექსპროპრიაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, გავითვალისწინოთ საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“, რომელიც მოიცავს „ინვესტიციის“ მნიშვნელობას.

წარმოდგენილი ორი წყაროდან ძირითადი მსგავსება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ექსპროპრიაციას განიხილავენ მხოლოდ მისი სამართლიანი და დროული ანაზღაურების სანაცვლოდ.

რეკომენდაცია

რამდენადაც მაღალია საკუთრების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი, მით უფრო თამამია კანონმდებელი, რომ შეზღუდოს საკუთრების უფლება. „საკუთრების უფლებასა“ და „საზოგადოებრივ ინტერესს“ შორის ძლიერი კავშირის დადგენა თითოეული შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე ინდივიდუალური კვლევის საგანს წარმოადგენს. განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც სტატიის შესავალშია აღწერილი, საქართველოს კანონმდებლობა ამ დარგში განხორციელებული ინვესტიციების ადეკვატურად დაცვისა და ხელშეწყობის მეტ გარანტიას უნდა მოიცავდეს.

განახლებადი ენერგიის განვითარება, როგორც ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ქვაკუთხედი, თავისი სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით მნიშვნელოვანწილად აღემატება საკუთრების უფლებას და მისი შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ საფუძვლად უნდა იყოს აღიარებული. ის კანონმდებლობით რეგულირებულ „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად“ ან/და „საზოგადოებრივ ინტერესად“ უნდა განიხილებოდეს იმისთვის, რომ ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში სხვისი ქონების ექსპროპრიაცია მოხდეს.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის; გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის; დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის; ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის; ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის; ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის; თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის; ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის; კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის”.

მიუხედავად იმისა, რომ ციტირებული ნორმის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ექსპროპრიაცია ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისთვის შეიძლება განხორციელდეს, კანონმდებლობაში არ გვხვდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს მშენებლობისთვის ქონების ექსპროპრიაცია შესაძლებელი გახდებოდა. უფრო მეტიც, როგორც ხსენებულ მუხლშია ციტირებული: „ქონების ექსპროპრიაცია“ „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის“ ერთმნიშვნელოვნად განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ობიექტის მშენებლობას არ გულისხმობს, თუმცა ეს ქვეპუნქტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და სასამართლოს მიერ შესაძლოა, ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რის საფუძვლადაც, ელექტროსადგურის მშენებლობის საბაბით საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, რომ სხვისი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებაროს.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ენერგიის მწვანე წყაროების განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონს შესაბამისი ქვეპუნქტი უნდა დაემატოს. მის მიხედვით ცალსახად უნდა განისაზღვროს პირობა, რომ განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურის მშენებლობის წასახალისებლად, გადაუდებელ შემთხვევებში შესაძლებელი გახდეს ქონების ექსპროპრიაცია, ცხადია, მესაკუთრის სასარგებლოდ სამართლიანი, სრული და ჯეროვანი მატერიალური კომპენსაციის გადახდის თანხლებით.

 

ლევან კოკაია – აქვს სამართლის მაგისტრისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, იგი არის ჩეხური ენერგეტიკული ჰოლდინგის სს „ჯეენ სიჯეი ა.ს“­-ის ჯგუფში შემავალი ჰიდროელექტროენერგეტიკული კომპანიის კორპორაციული იურისტი, ამავდროულად ორმოცდაათი გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს მოწვეული ლექტორი და ტრენერი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *