ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის მოლოდინში

ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის მოლოდინში

ელექტროენერგიის ახალი ბაზრის ამოქმედებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ახლა ყველა დეტალის დაზუსტება მიმდინარეობს. ორჯერ გადადებული ბაზრის გახსნის მოლოდინშია ყველა მონაწილე. ბაზრის გახსნა და მასთან დაკავშირებული პროცესები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს ევროპული ენერგეტიკული ბაზრის მოდელის ქართულ რეალობაში დამკვიდრებას, ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას.

ახალი ენერგეტიკული ბაზრისადმი არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რას ნიშნავს ბაზრის გახსნა, რა სიახლეები იქნება სხვადასხვა ჯგუფისთვის ახალი ლიბერალიზებული ბაზრის პირობებში და რა სარგებელს მოგვიტანს კონკურენცია.

ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა გულისხმობს თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების დანერგვას ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არსებული ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობასთან ერთად შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი ბაზრის მოდელით იცვლება ზოგიერთი მთავარი პრინციპი, კერძოდ, ახლა თუ ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველსაათობრივად განხორციელდება. ამასთან, არსებული ცენტრალური დისპეტჩერიზაციის მოდელი იცვლება თვითდისპეტჩერიზაციის მოდელით, რაც გულისხმობს, რომ ბაზრის მონაწილე გააკონტროლებს, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია უნდა გაყიდოს ან რა ოდენობის სჭირდება და რამდენი უნდა იყიდოს. ახალი ბაზრის მოდელის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ბაზრის მონაწილეს ავალდებულებს, რომ წარმოების ან მოხმარების გეგმიდან გადახვევის შემთხვევაში სისტემაში გამოწვეულ უბალანსობაზე გადაიხადოს ფინანსური ჯარიმა. ამ პრინციპების გათვალისწინებით, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიით ვაჭრობა იქნება დინამიკური პროცესი, რომელიც ენერგეტიკულ ბირჟაზე განვითარდება. ეს გულისხმობს, რომ ბირჟაზე ყოველდღიურად იქნება ყოველი საათისთვის სხვადასხვა ფასი, ანუ 24 საათში 24 სხვადასხვა ფასი და მაღალი კონკურენცია. მიუხედავად სიმულაციური მოდელების განხორციელებისა, ენერგეტიკულ ბირჟაზე რეალური ვაჭრობის დაწყება იქნება სრულიად ახალი რეალობა, სადაც არ არის გამორიცხული, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული ხარვეზებიც დაფიქსირდეს.

ამ სიახლის პარალელურად, ძალაში რჩება ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე არსებული კონტრაქტები, რომელთა ფარგლებშიც გარანტირებულად მოხდება ელექტროენერგიის შესყიდვა იმავე პირობებით, რაც აქამდეც იყო ძალაში – პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეთანხმდება მყიდველი და გამყიდველი ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე. ამასთან, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა შესაძლებელი იქნება პლატფორმის საშულებით, რომელსაც ორგანიზებას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი გაუწევს.

ახალი ბაზრის მოდელში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა შეეძლებათ ტრეიდერებს, თავისუფალ მიმწოდებლებს, ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და მსხვილ მომხმარებლებს. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ელექტროენერგიას შეისყიდიან მათ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით. საბითუმო ბაზარზე ვაჭრობისათვის აუცილებელია, რომ ენერგეტიკული საწარმო დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან გაწევრიანდეს დაბალანსების ჯგუფში.

ელექტროენერგიას საბითუმო ბაზარზე გაყიდიან ის ჰესები, რომლებსაც არა აქვთ გარანტირებული შესყიდვები. რაც შეეხება გარანტირებული შესყიდვის შეთანხმების მქონე ე.წ. PPA-იან ჰესებს, მათგან შესყიდული ელექტროენერგიით ბირჟაზე ივაჭრებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია. ბაზარზე ასევე ივაჭრებენ საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ჰესები და მიმწოდებლები. რაც შეეხება მსხვილ მომხმარებლებს (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, რომლებიც მიერთებული არიან 10 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის ქსელზე ან 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე და მათი ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე აღემატება 500 კვტ-ს), კანონის შესაბამისად, ასეთი სტატუსის მქონე სუბიექტებს შეეძლებათ ივაჭრონ როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზარზე.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არის საქართველოს ენერგეტიკული ბაზრისთვის უახლესი და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი საკითხი. აქედან გამომდინარე, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, რა თქმა უნდა, უშუალოდ ვაჭრობის დაწყებისას გამოჩნდება ბევრი ისეთი საკითხი, რომლებსაც ახლებურად დარეგულირება ან კონტროლი დასჭირდება. არ გამოვრიცხავთ, რომ ბაზრის მონაწილეებთან მსჯელობის შედეგად შევცვალოთ გარკვეული მიდგომები. მოკლედ, ამას უკვე დრო და პრაქტიკა გვიჩვენებს, თუმცა ამ ეტაპზე და უკვე წლებია, ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვცდილობთ, სხვების შეცდომებზე ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს და როგორ შევაფასოთ სწორად მოსალოდნელი რისკები ან, საერთოდ, რა შეიძლება იყოს რისკი.

პირველ რიგში, რაც უნდა უზრუნველვყოთ და გამოვრიცხოთ ბაზარზე, ეს არის შესაძლო ფარული გარიგებები, ფასის ხელოვნური დაჭერა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. თუ ვერ ჩამოვაყალიბეთ კონკურენტული ბაზარი და არ უზრუნველვყავით ფარული გარიგებების არარსებობა, მაშინ საკანონმდებლო ცვლილებები და სხვადასხვა ნორმატიული აქტივობა აზრს დაკარგავს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სწორად განვახორციელოთ ბაზრებზე დაკვირვება, მონიტორინგი.

სწორედ ამიტომ ბაზრის მონიტორინგი და ამ მიმართულებით სემეკის საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ახალ ბაზარზე სემეკის უმთავრესი როლი იქნება ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე პროცესებისა და ბაზრის მონაწილეთა ქმედებების მონიტორინგი და კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება, რათა ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პირობები იყოს დაცული. კორუფციული და ფარული გარიგებების რისკი 100%-ით უნდა გამოვრიცხოთ, რომ მივიღოთ რეალურად ლიბერალური ბაზარი. ამ მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად სემეკში სპეციალურად შევქმენით ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი და შევიმუშავეთ ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები, რომელთა შესრულებაც ბაზრის მონაწილეებს სრულყოფილად მოუწევთ. წინ რთული და საინტერესო პერიოდი გველის, თუმცა მთავარი ისაა, რომ ევროპული ენერგეტიკული ბაზრისკენ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *