ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 7.1%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აღნიშნული ზრდის დაკმაყოფილება იგეგმება იმპორტით (+30.8% წ/წ) და ჰიდროგენერაციით (+7.3% წ/წ). G&T-ის ინფორმაციით, იმპორტის წყაროები განისაზღვრება წლის განმავლობაში არსებული კომერციული კონტრაქტების მიხედვით. 2018 წელს თბოგენერაციის 4.5%-იანი კლებაა მოსალოდნელი. საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018 წელს სისტემას მხოლოდ სამი მცირე სიმძლავრის ჰესი დაემატება, 8.9 გვტ.სთ. წლიური გენერაციით. ჰიდროგენერაციის ზრდის ძირითადი წყარო 2017 წელს ექსპლუატაციაში შესული სადგურები იქნება. ბალანსში აგრეთვე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ექსპორტის 17.5%- იანი ზრდა. ექსპორტიორი კომპანიები და ექსპორტის მიმართულებები განისაზღვრება წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ჩატარებული აუქციონებით.

ელექტროენერგიის მოხმარება 2017 წელს წლიურად 7.7%-ით გაიზარდა და 11.9 ტვტ.სთ.-ს გაუტოლდა. სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარება 7.1%-ით გაიზარდა და შიდა მოხმარების 71.1% შეადგინა. სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების მესამედს თელასის აბონენთა მოხმარება შეადგენდა (+5.2% წ/წ), ხოლო დანარჩენს ენერგო-პროსა და ყოფილი კახეთის ენერგოდისტრიბუციის (+8.1% წ/წ). კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 18.1%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ორმა კომპანიამ (საქართველოს რკინიგზა და რუსთავის ფოლადი) უარი თქვა ამ სტატუსზე. აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და შიდა მოხმარების 16.9% შეადგინა. ელექტროენერგიის ექსპორტი 2017 წელს 22.7%-ით გაიზარდა და 0.7 ტვტ.სთ.-ს გაუტოლდა. ელექტროენერგიის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდა (-70.1% წ/წ) და 254.0 გვტ.სთ შეადგინა, საიდანაც 80.7% იყო ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში, 16.6% რუსეთიდან სომხეთში, ხოლო დანარჩენი რუსეთიდან თურქეთში.

ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება 2017 წელს თითქმის უცვლელი დარჩა (-0.4% წ/წ). დერეგულირებული ჰესების წლიური გამომუშავება 20.3%-ით გაიზარდა ამ ჯგუფში ახალი ჰესების დამატების შედეგად და ჯამური მიწოდების 12.0% შეადგინა. წლიურად 1.3%- ით გაიზარდა ენგურ-ვარდნილის გენერაცია და ჯამური მიწოდების 32.7% შეადგინა, მიუხედავად თებერვლის თვეში გვირაბის სამუშაოების გამო სადგურების დროებითი შეჩერებისა. ენგურ-ვარდნილის გამომუშავების 46.1% მოხმარდა აფხაზეთის რეგიონის ელექტრომომარაგებას. სხვა რეგულირებული ჰესების (ჯამური მიწოდების 26.0%) გენერაციის 11.4%-იანი კლება გახდა ჰიდროგენერაციის ჯამური ზრდის (-1.3% წ/წ) ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი 2017 წელს. თუმცაღა, ჰიდროგენერაცია წლიურად 6.7%-ით გაიზარდა მაისი-აგვისტოს პერიოდში, რამაც ექსპორტის ზრდას (+22.7% წ/წ) შეუწყო ხელი. 20.6მგვტ.-იანი ქარის ელექტროსადგურმა ოპერირების პირველი სრული წლის განმავლობაში გამოიმუშავა 0.09 ტვტ.სთ. ელექტროენერგია და მთლიანი მიწოდების 0.7% შეადგინა.

გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება მოხდა ელექტროენერგიის იმპორტით აზერბაიჯანიდან (61.3%), რუსეთიდან (30.2%) და სომხეთიდან (8.5%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *