2022 წელი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი წარმატებული წელი გამოდგა. შარშანდელ თორმეტ თვეში ელექტრომობილების წლიურმა წარმოებამ პირველად გადააჭარბა 10-მილიონიან ნიშნულს, მაშინ როდესაც 2021-ში წარმოებამ 6.7 მილიონი შეადგინა.
საინტერესოა, რომ გასულ წელს ელექტრომობილების წარმოების ზრდის ლიდერი არა ილონ მასკის Tesla, არამედ მისი სწრაფად მზარდი ჩინური კონკურენტი BYD გახდა. BYD Auto-მ ამერიკული გიგანტი ჩამოიტოვა და 2022 წელს მისი წარმოების 211%-იანი ზრდით, EV-ის წარმოების რეიტინგის ლიდერობა მოიპოვა. მსგავსი ზრდის გათვალისწინებით, ჩინური კომპანია სავარაუდოდ მსოფლიოში პირველი ავტომწარმოებელი გახდება, რომელიც ერთ წელიწადში 2 მილიონზე მეტ ელექტრომობილს გამოუშვებს.
აღსანიშნავია, რომ BYD-ი ამ ეტაპისთვის არალოკალურ ბაზრებზე შეზღუდული რაოდენობით არის წარმოდგენილი, თუმცა კომპანია ევროპაში გაფართოებას უკვე გეგმავს. ჩინური ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ევროკავშირის ტარიფების თავიდან ასაცილებლად კი BYD-ის სამომავლო მიზნებში ევროპის მასშტაბით ქარხნების აშენებაც შედის. ამავდროულად, BYD-ი ქარხანას ტაილანდშიც აშენებს, საიდანაც ელექტრომობილებით ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს მოამარაგებს.
ხოლო რაც შეეხება ილონ მასკის Tesla-ს, ელექტრომობილების ამერიკული გიგანტის წარმოება შარშან მხოლოდ 40%-ით გაიზარდა. თუმცა ამ მაჩვენებლით კომპანია ისეთი დასავლური ბრენდების უკან ჩამოტოვებას ახერხებს, როგორიც Volkswagen-ი (+10%) და General Motors-ია (+13%). უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რეიტინგში Tesla გასულ წელს წარმოებული ავტომობილების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს, თუმცა წარმოების ზრდის მხრივ, BYD-ის გარდა მას ჩინური კონკურენტებიც, მათ შორის Geely (+251%) და GAC Group-იც (130%) უსწრებენ.
შეინარჩუნებენ თუ არა BYD-ი და Geely-ი სამნიშნა ზრდის მაჩვენებელს, ამ ეტაპისთვის რთული სათქმელია, თუმცა არსებული მდგომარეობით, Tesla მის მთავარ კონკურენტებად სწორედ ჩინურ გიგანტებს უნდა მიიჩნევდეს. ამჟამინდელი გეგმით, Tesla 2030 წლისთვის წლიური წარმოების ზრდას 20 მილიონ ელექტრომობილამდე გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიას ათწლეულის განმავლობაში ზრდის ტემპის მაღალ ორნიშნა რიცხვებში შენარჩუნება მოუწევს. ამ მიზნის სრულყოფისთვის კი Tesla მექსიკაში მილიარდდოლარიან ქარხანას აშენებს, რომლის წლიური წარმოება 1 მილიონ ელექტრომობილს გაუტოლდება.
გასულ წელს Tesla-ს მსგავსი, 43%-იანი ზრდა დააფიქსირა სამხრეთ კორეის ავტომწარმოებელმა Hyundai Motor Company-მ. Hyundai ელექტრომობილების ბაზარზე თავისი პირველი ელექტრომობილით, Hyundai Ioniq-ით ჯერ კიდევ 2016 წელს წარდგა. ამჟამად Hyundai ჯორჯიის შტატში $5.5-მილიარდიან EV-ქარხანას აშენებს, თუმცა მისი ამოქმედება 2025 წლამდე არ იგეგმება. ამის პარალელურად კი, სამხრეთ კორეამ, ადგილობრივი ბრენდების მხარდაჭერისთვის, ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამაც განაახლა.
წარმოგიდგენთ კომპანიების რეიტინგს 2022 წელს წარმოებული ელექტრომობილების რაოდენობის მიხედვით:
- BYD – 1,858,364 ელექტრომობილი; 211%-იანი ზრდა (ჩინეთი)
- Tesla – 1,314,319 ელექტრომობილი; 40%-იანი ზრდა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- VW Group – 839,207 ელექტრომობილი; 10%-იანი ზრდა (გერმანია)
- GM (incl. Wuling Motors) – 584,602 ელექტრომობილი; 13%-იანი ზრდა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Stellantis – 512,276 ელექტრომობილი; 34%-იანი ზრდა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Hyundai Motors (incl. Kia) – 497,816 ელექტრომობილი; 43%-იანი ზრდა (სამხრეთი კორეა)
- BMW Group – 433,164 ელექტრომობილი; 32%-იანი ზრდა (გერმანია)
- Geely Auto Group – 351,356 ელექტრომობილი; 251%-იანი ზრდა (ჩინეთი)
- Mercedes-Benz Group – 337,364 ელექტრომობილი; 20%-იანი ზრდა (გერმანია)
- Renault-Nissan-Mitsubishi Alliance – 335,964 ელექტრომობილი; 16%-იანი ზრდა (საფრანგეთი)
- GAC Group – 287,977 ელექტრომობილი; 130%-იანი ზრდა (ჩინეთი)
- SAIC Motor Corp. – 256,341 ელექტრომობილი; 8%-იანი ზრდა (ჩინეთი)
- Volvo Cars – 253,266 ელექტრომობილი; 15%-იანი ზრდა (შვეიცარია)
- Chery Auto Co. – 253,141 ელექტრომობილი; 136%-იანი ზრდა (ჩინეთი)
- Changan Auto Co. – 245,555 ელექტრომობილი; 134%-იანი ზრდა (ჩინეთი)