ელექტრომობილების სტარტაპი Rivian ღირებულებით მალე შესაძლოა Honda–ს გაუტოლდეს

ელექტრომობილების სტარტაპი Rivian ღირებულებით მალე შესაძლოა Honda–ს გაუტოლდეს

Rivian Automotive Inc, რომელსაც მხარს Amazon.com Inc–ი უჭერს, ვარაუდობს, რომ აშშ–ში აქციების პირველადი განთავსების (IPO) შემდეგ მისი ღირებულება $53 მილიარდს გაუტოლდება, რაც ელექტრომობილების მწარმოებელს პოტენციურად თითქმის ისეთივე საბაზრო ღირებულების მქონეს გახდის, როგორიც კონკურენტი Honda Motor–ია.

სტარტაპი პირველი საჯარო შეთავაზებისას $8.4 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რაც გასულ ათწლეულში ამერიის შეერთებულ შტატებში მოზიდული სახსრების სიდიდით მესამე IPO იქნება. Dealogic-ის მონაცემებით, 2011 წლიდან მხოლოდ სამმა კომპანიამ შეაგროვა $8 მილიარდზე მეტი.

Alibaba–მ 2014 წელს შეაგროვა რეკორდული $25 მილიარდი, Meta Platforms Inc-მა 2012 წელს $16 მილიარდი, ხოლო Uber-მა $8.1 მილიარდი 2019 წელს.

გასული წლიდან ელექტრომობილების ინდუსტრიაში ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით SPAC-ინვესტორებს შორის, რომლებიც  მომავალ Tesla Inc-ს ეძებენ.

Rivian–ი 2009 წელს დაარსდა. სტარტაპი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს წარმოების გასაძლიერებლად, მათ შორის მაღალი დონის ელექტროპიკაპ R1T-სთვის, რომელიც სექტემბერში გამოვიდა და კონკურენციას უწევს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Tesla, General Motors-ი და Ford-ი.

აღსანიშნავია, რომ Rivian-მა მიმდინარე წლის პირველი ნახევარი თითქმის $1-მილიარდიანი  ზარალით დაასრულა. მიუხედავად ამისა, სექტემბრის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაახლოებით 48,390 წინასწარი შეკვეთა მიიღო პიკაპსა და R1S SUV-ებზე.

Amazon-მა, რომელმაც Rivian-ის 20%-იანი წილი ოქტომბრის ბოლოს გაასაჯაროვა, ელექტრომანქანების მწარმოებელს 100,000 ელექტრომიწოდების ფურგონი შეუკვეთა. ამ ნაბიჯით ელექტროკომერციის გიგანტი  ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას ცდილობს.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში შეტანილი განაცხადის თანახმად, Ford-ს ელექტრომობილების სტარტაპში 5%-ზე მეტი წილი აქვს.

Rivian–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი 135 მილიონ აქციას გაყიდიან, ხოლო ფასის დიაპაზონი $57–დან $62–მდე შეიცვლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *