საუდის არაბეთში მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო - იქ გზები და მანქანები არ არის

საუდის არაბეთში მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო - იქ გზები და მანქანები არ არის

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც არც გზები იქნება და არც მანქანები, – ამის შესახებ Bloomberg-თან საუბრისას, პროექტ Neom-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნადმი ალ-ასრმა განაცხადა. ცნობისთვის, მომავლის ქალაქი, რომლის სახელწოდება The Line-ი ნათლად გამოხატავს მის წრფივ განლაგებას, წითელი ზღვის სანაპიროდან პროვინცია თაბუქის დედაქალაქამდე, 170 კილომეტრის მანძილზე არის გადაჭიმული. პირველ მოსახლეებსა და ტურისტებს ქალაქში 2024 წელს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი Neom-ი საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა, ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა – ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ამ რეგიონისთვის ფუტურისტული ტექნოლოგიური ჰაბის სახელის მოხვეჭა მისი ხედვის ნაწილია, რომლის აღსრულებას პრინცი 2030 წლისთვის გეგმავს. მუჰამედ ბინ სალმანისთვის Neom-ი სიმბოლოა, რომლითაც საუდის არაბეთის ტრანსფორმაცია იწყება – ნავთობმომპოვებელი გიგანტი მთავარ წიაღისეულზე ნელ-ნელა უარს ამბობს და მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებზე გადადის.

„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ The Line-ი – 170 კილომეტრზე გადაჭიმული მილიონიანი ქალაქი, რომელშიც არსებული ბუნების 95% შენარჩუნდება, არ იქნება მანქანები, ქუჩები და გამონაბოლქვი“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა.

თუმცა ეს ინფრასტრუქტურული მეგაპროექტი კრიტიკის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა – კრიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ამ $500-მილიარდიანი პროექტის აღსრულება შეუძლებელია. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება ქაოსსა და არეულობაში გადაიზარდა, რის მერეც Neom-ის სამეთვალყურეო საბჭო რამდენიმე გავლენიანმა წევრმა დატოვა. შიდა არეულობამ და მონარქიული წყობის კრიტიკოსის, ჯამალ ხაშოგის სიკვდილმა, საუდის პრინცს ინვესტორებთან ურთიერთობა გაურთულა. გარდა ამისა, პრობლემები ექმნებათ უშუალოდ მშენებლებსაც, რომელთაც ქალაქი ისეთი ტექნოლოგიების ირგვლივ უნდა ააშენონ, რომლებიც ჯერჯერობით არ არსებობს.

ამჟამად სამშენებლო ობიექტზე ათას ხუთასი ადამიანი არის დასაქმებული, რომლებიც, ჯერჯერობით, ქვიშისა და ქვის მთებს ასუფთავებენ, რათა ახალი ინფრასტრუქტურისთვის ადგილი მოამზადონ. როგორც ნადლი ალ-ნასრი აღნიშნავს, The Line-ის მშენებლობას ისინი ორივე მხრიდან დაიწყებენ, რათა პროცესი დააჩქარონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *