ელექტრონული ხელმოწერის იურიდიული ძალა ციფრულ სამყაროში

ელექტრონული ხელმოწერის იურიდიული ძალა ციფრულ სამყაროში

თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი არსებული კოვიდპანდემიის ფონზე, ციფრული ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებმა უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, მათ შორის –  კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

გლობალური საინფორმაციო სისტემების, კერძოდ, ინტერნეტის შექმნამ სრულიად შეცვალა ადამიანის არა მარტო ყოფითი გარემო, არამედ მისი სულიერი, ინტელექტუალური ცხოვრება და ბიზნესსაქმიანობა. ინტერნეტის სიკეთე და მნიშვნელობა თვალსაჩინო გახდა ფორსმაჟორით მოცულ ვირტუალურ სამყაროში გადანაცვლებული მსოფლიოსათვის, რაც ყოველდღიურობაში – პირადსა და ბიზნესურთიერთობებში – აისახა.

შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დღის წესრიგში დადგა ელექტრონული ხელშეკრულებებისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების აუცილებლობა, ელექტრონულ-დისტანციურ ფორმატში გარიგებების დადება. აღნიშნული ბიზნესსამართალს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და ელექტრონული ან/და ფაქსიმილეთი დადასტურებული/ხელმოწერილი ხელშეკრულების მიმართ მრავალ კითხვას აჩენს. ამიტომ  თანამედროვე კერძო სამართალში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხელშეკრულების ელექტრონულად გაფორმება განიხილება.

ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებული ხელშეკრულებების შესახებ პირველ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კომისიის (UNCITRAL)  1996 წლის მოდელური კანონი „ელექტრონული ვაჭრობის შესახებ“.[1]

მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს რეკომენდაციული ხასიათი აქვს, UNCITRAL-ი ცდილობს, შექმნას პლატფორმა ელექტრონული ხელშეკრულებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის  იმ მხარეთათვის, რომელთა ქვეყნის სამართალი არ ითვალისწინებს მსგავს რეგულირებას ან სათანადოდ არ იცავს მხარეებს.[2] ამ მიზნით 2001 წელს UNCITRAL-მა მიიღო მოდელური კანონი „ელექტრონული ხელმოწერების შესახებ“,[3] რომლის მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს, მოახდინონ მათი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ელექტრონული ხელმოწერა ფუნქციურ-ეკვივალენტური მიდგომის საფუძველზე გაუთანაბრონ მატერიალური ფორმით განხორციელებულ ხელმოწერას.

გარდა ამისა, არსებობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 1997 წლის 20 მაისის № 97/7EG დირექტივა „შორ მანძილზე დადებული ხელშეკრულების მომხმარებელთა დაცვის შესახებ“.[4]

2014 წლის ივნისში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან ჰარმონიზების შესახებ.[5] აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“,[6] რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის დეფინიციებს, სახეებსა და მათი  გამოყენების წესებს. მოცემულმა კანონმა ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი 2008 წლის 26 მარტის საქართველოს კანონი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“.

დღეისათვის მოქმედი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციაში ასახულია ყველა ის ნოვაცია, რაც „ელექტრონული იდენტიფიკაციის, შიდა ბაზარზე ელექტრონულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სანდო სერვისებისა და № 1999/93/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 23 ივლისის № 910/2014 რეგულაციის[7] ფარგლებში იქნა შემუშავებული. კერძოდ, კანონში მოცემულია ისეთი ცნებები, როგორიცაა „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“, „კვალიფიციური ელექტრონული შტამპი“, „ხელმოწერის შექმნის მონაცემები“, „ხელმოწერის შემოწმების მონაცემები“, „კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი“ და სხვ.

მნიშვნელოვანია თავად „წერილობითი დოკუმენტის“ ახლებური შინაარსი, რომელიც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

ა) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;

ბ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. მას არა აქვს ელექტრონული ასლი.

ელექტრონული დოკუმენტი და მისი მატერიალური დოკუმენტი თანაბარ იურიდიულ ძალას იძენს მაშინ, როცა დამოწმებული ან/და დადასტურებულია უფლებამოსილი პირის მიერ.

ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე კანონმა ელექტრონული ხელმოწერა განმარტა, როგორც „ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება“. ასეთი შეიძლება იყოს ხელმოწერა, როდესაც ელექტრონულ დოკუმენტზე არსებობს ხელმოწერის ელექტრონული ვერსია მხარის ნების გამოვლენის დადასტურების მიზნით.[8]

ელექტრონულ ხელმოწერასთან ერთად, კანონი განსაზღვრავს ელექტრონული შტამპის ცნებას და მიიჩნევს, რომ იგი არის „ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება“.

საინტერესოა ისიც, რომ კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს როგორც „ელექტრონულ ხელმოწერას“ და „კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას“, ისე „ელექტრონულ შტამპს“ და „კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს“.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა არის ისეთი განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული. კანონმდებლის მიდგომა ანალოგიურია კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენება მხოლოდ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის, წამკითხველისა და ელექტრონული კოდებით არის შესაძლებელი.

„განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა“ და „განვითარებული ელექტრონული შტამპი“ რიგ სპეციფიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რითაც შესაძლებელი იქნება  ხელმომწერის/შტამპის დამსმელის იდენტიფიცირება.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს ნებისმიერი ელექტრონული ხელმოწერის იურიდიულ ძალას, რადგან მხოლოდ „კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა“. კვალიფიციური ელექტრონული შტამპი იძლევა ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას.

თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს საჭიროებს, სავალდებულოა დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპით დამოწმებას.

ადმინისტრაციული ორგანო, თავის მხრივ, ვალდებულია, ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

კანონი განმარტავს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული წარმოებისათვის შესაბამის წესებს არ აკმაყოფილებს.

ამ მიმართებით საინტერესოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დამოკიდებულება ზოგადად ხელშეკრულების ფორმის მიმართ. სსკ-ის 328-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, „თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით. ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა“.

როგორც ვხედავთ, კანონმდებელი მიმართავს ისეთ ზოგად ფორმულირებას, როგორიცაა „წერილების ურთიერთგაცვლა“, რაც შეიძლება განხორციელდეს როგორც ჩვეულებრივი, ისე ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. ამდენად, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან, რომ წერილობითი ფორმის ხელშეკრულება დადონ ელექტრონული გზით, მაშინ მათ მიერ შედგენილი ელექტრონული დოკუმენტი იურიდიული ბუნებით გაუთანაბრდება ქაღალდზე შედგენილ მატერიალურ დოკუმენტს, ანუ ხელშეკრულება დაიდება წერილობითი ფორმის დაცვით.[9]

ხელშეკრულება განმარტებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ დოქტრინაში, მაგრამ ელექტრონული ხელშეკრულების ცნება ყველა სამართლებრივ მართლწესრიგში (მათ შორის, ქართულში) ნორმატიულად განმტკიცებული არ არის. უდავოა, რომ ელექტრონული ხელშეკრულება, ზოგადად, ხელშეკრულების ერთ-ერთი სახეა. ქართული სამართლის მეცნიერებაში აღიარებულია, რომ იგი მარტივი წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების ნაირსახეობაა და, შესაბამისად, მასზე ვრცელდება კერძო (სამოქალაქო) სამართალში ხელშეკრულების რეგულირებისთვის დადგენილი ნორმები.[10]

თუკი მხოლოდ „კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა“, საინტერესოა, თუ როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი ჩვეულებრივი ტიპის ე.წ. „ელექტრონული ხელმოწერის“ არსებობისას?

ელექტრონული ხელმოწერის მიზანია, რომ მას გააჩნდეს იგივე იურიდიული ძალა, რაც წერილობითი გზით დადებულ გარიგებას. იგი შეიძლება იყოს მარტივი, რაც გართულების გარეშე მიიღწევა (მაგალითად, ფოტოხელმოწერა, სკანირებული ხელმოწერა). თუმცა  ასეთი ტიპის ხელმოწერის უსაფრთხოება დაბალია. ხელშეკრულების ელექტრონული გზით დასადებად აუცილებელია ტექნიკურად უსაფრთხო და სამართლებრივად აღიარებული საშუალებების გამოყენება.[11]

მსოფლიო ეკონომიკა თანდათან და აქტიურად ელექტრონულ რელსებზე გადადის. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე იქმნება ავტომატიზებული საწარმოები, უპილოტო ტრანსპორტი, ტვირთნაკადები, ლოგისტიკა… მაღალგანვითარებული სამყარო „ინდუსტრია 4.0“-ის ფაზაში შედის, რომლის ჩარჩოებში საქმიანობის ყველა სფეროში აფეთქების მსგავსი ცვლილებებია მოსალოდნელი. ყველგან და ყველაფერში მასობრივად ინერგება ინფორმაციის ელექტრონული გადამწოდები და სენსორები.[12] ამ მხრივ კი მეტად მნიშვნელოვანია არსებული ციფრული ტექნოლოგიების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა.

მიუხედავად სასიცოცხლო საჭიროებისა, დღევანდელ რეალობაში კომპანიების უმეტესობა არ იყენებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერასა და შტამპს. ამ საშუალებით მეტწილად ისეთი კომპანიები სარგებლობენ, რომლებიც საჯარო სექტორებთან ურთიერთობენ. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ე.წ. ფოტოხელმოწერის ან ფაქსიმილეს ელექტრონულ დოკუმენტზე დატანა და ელექტრონული ფოსტით ურთიერთგაცვლა. ასევე შესაძლებელია, მხარემ დაბეჭდოს ელექტრონული დოკუმენტი, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს მას ხელი, დასკანირებით კვლავ გადაიყვანოს ელექტრონულ ფორმატში და ამ ფორმით გაუგზავნოს ადრესატს.

ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით დადებისას აუცილებელია, რომ ხელმოწერის საფუძველზე შესაძლებელი იყოს ხელმომწერი პირის იდენტიფიცირება და მისი უფლებამოსილების ფარგლების დადგენა, ასევე დადასტურებულ იყოს გარიგების ნამდვილობა და მხარეთა ნების გამოვლენა.

იმისათვის, რომ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ ხელშეკრულებას მიენიჭოს იურიდიული ძალა, მიზანშეწონილია მხარეთა მიერ თავად ხელშეკრულების ტექსტში გაკეთდეს შესაბამისი დათქმა, თუ რა ფორმით მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერა და ურთიერთგაცვლა. ამასთან, სასურველია, მიეთითოს იმ კორპორაციული ელ. ფოსტის მისამართები, საიდანაც განხორციელდება აღნიშნული ურთიერთგაცვლა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ავთენტურობის (ნამდვილობის) პრობლემას. ამგვარი დათქმის შემთხვევაში კი, ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას ექნება მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთან, დოკუმენტების ელექტრონულად გაცვლისას საკმარისია ერთი გვერდის ელექტრონული ხელმოწერა.

უდავოა, რომ ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების საკითხები რელევანტურ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რადგან თანამედროვე ციფრულ სამყაროში მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის მოქნილი პირობების შექმნა და ტექნოლოგიურ წინსვლასთან დროულად მისადაგება. არსებული სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზად კი, უპირველესად, შესაბამის ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების განხორციელება და სამართლის ნორმებისა და ტექნოლოგიების ჰარმონიზება მიგვაჩნია.

 

ნინო ჯოლია

საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი, ევროპისმცოდნეობის (ევროკავშირის სამართალი) მაგისტრი, ეკონომიკის დოქტორი, გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი.

 

წყაროები:

[1] გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კომისიის 1996 წლის მოდელური კანონი „ელექტრონული ვაჭრობის შესახებ“, https://uncitral.un.org/en/texts/ecommerce/modellaw/electronic_commerce

[2] გაბისონია ზ., ელექტრონული კომერციის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი საკითხი, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 6/2020, გვ. 46, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/06/DGZR-6-2020_41.pdf

[3] გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კომისიის 2001 წლის მოდელური კანონი „ელექტრონული ხელმოწერების შესახებ“, https://uncitral.un.org/en/texts/ecommerce/modellaw/electronic_signatures

[4] ევროპარლამენტისა და საბჭოს 1997 წლის 20 მაისის 97/7EG დირექტივა „შორ მანძილზე დადებული ხელშეკრულების მომხმარებელთა დაცვის შესახებ“, http://eur-lex.europa.eu/legal-content/DE/TXT/?uri=celex%3A31997L0007

[5] ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

[6] საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, https://matsne.gov.ge/ka/document/view/3654557?publication=1

[7] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 23 ივლისის № 910/2014 რეგულაცია „ელექტრონული იდენტიფიკაციის, შიდა ბაზარზე ელექტრონულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სანდო სერვისებისა და 1999/93/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“, https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32014R0910

[8] ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბ., 2017, გვ. 152, https://www.academia.edu/38135363/

[9] ზამბახიძე თ. ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლები (პრობლემები და პერსპექტივა). ქართული სამართლის მიმოხილვა 8/2005-1/2, გვ. 116-117.

[10] ედიშერაშვილი თ., ელექტრონული ხელშეკრულების დადების თავისებურებები, მართლმსაჯულება და კანონი, 2020, გვ. 74, http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2020w-n2.pdf

[11] მეფარიშვილი ქ., კარდენახიშვილი ლ., ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობა – ტექნოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები, 2016, გვ. 212, https://gtu.ge/Journals/mas/Referat/ASU-2016(1_21)/210_214.pdf

[12] ჯოლია გ., განათლება და დასაქმება ციფრულ გარემოში, თბ., 2021, გვ. 20, http://opac.gtu.ge/cgi-bin/koha/opac-detail.pl?biblionumber=50235

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *