არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC“ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ანგარიში გამოაქვეყნა. მოხსენებაში საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე თანამედროვე ისტორიაში და მის განვითარებაზე 2008 წლის აგვისტოს ომის ფონზე. გარდა ამისა, ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კორელაციას, მისგან მომავალ საფრთხეებსა და გამოწვევებს.
ექსპორტი
ანგარიშში განხილულია საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე გატანილი პროდუქციის სრულ ღირებულებასა და რუსეთის წილზე საქართველოს ექსპორტში. 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ 2013 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 2-დან 4%-მდე მერყეობდა. თუმცა 2013 წლის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა და 2020 წელს დაახლოებით 13% შეადგინა. 2013 წლიდან გაზრდილია საერთო ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებაც და ის 2020 წლის მონაცემებით დაახლოებით 440,000 აშშ დოლარს შეადგენს.
იმპორტი
მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ გაზრდილია იმპორტის წილიც. ეს ტენდენცია 2010 წლიდან შეიმჩნევა და ამჟამად რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 11%-ს შეადგენს. 2010 წლიდან იზრდებოდა საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულებაც, რაც 2020 წლის მონაცემებით დაახლოებით 810,000 აშშ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020 წლის მონაცემებით, სწორედ რუსეთიდან ხდება ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის 99%-ის იმპორტი, როგორიც ხორბალია.
ტურიზმი
სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით საქართველო რუსი ტურისტებისათვის ყოველთვის სასურველი დანიშნულების ადგილი იყო. 2011-დან 2018 წლამდე რუსი ტურისტების წილი ვიზიტორებს შორის იზრდებოდა. თუმცა, 2019 წელს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აკრძალვამ რუსეთის რეზიდენტი ვიზიტორების წილი შეამცირა. 2020 წელს პანდემიის გამო ეს მაჩვენებელი 14%-ს უტოლდებოდა.
ფულადი გზავნილები
საინტერესოა, რომ სხვა მაჩვენებლებთან შედარებით, ფულად გზავნილებში კლების ტენდენცია შეინიშნება. 2008-დან 2014 წლამდე გზავნილების საერთო რაოდენობა სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა 2015 წლიდან შემცირება შეინიშნება, როგორც საერთო რაოდენობაში, ისე რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილშიც. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 18%-ს უდრიდა. აღნიშნული მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მშპ-ში დაახლოებით 13%-ს უდრის.
ინვესტიციები
ბოლო წლებში საქართველოს მიერ მოზიდული ინვესტიციებიდან რუსეთის წილი ძალიან დაბალია. რუსული ინვესტიციების წილი სრული ინვესტიციების დაახლოებით 5%-ს უდრის, რაც საკმაოდ იმედისმომცემი მაჩვენებელია. თუმცა, რუსული კომპანიების მფლობელობაშია საქართველოს სტრატეგიული ობიექტები: თელმიკო, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, RMG და სხვა.