Samsung-ის Galaxy Unpacked: რას უნდა ველოდოთ?

Samsung-ის Galaxy Unpacked: რას უნდა ველოდოთ?

11 აგვისტოს, თბილისის დროით საღამოს ექვს საათზე, Samsung წლის მთავარ ღონისძიებას გამართავს, რომელზეც არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს უნდა ველოდოთ: გამოჩნდება კორეული ფლაგმანის ორი განახლებული მოდელი Galaxy Z Fold 3 და Z Flip 3 – აღსანიშნავია, რომ მოდელები რამდენიმე ფერში გამოვა. ასევე, Samsung-ისა და Google-ის სულ ახლახან გაჟღერებული თანამშრომლობის პირობებში, Samsung-ისაგან ახალ საათებსაც უნდა ველოდოთ, კერძოდ Samsung Galaxy Watch 4 Classic-ს და Galaxy Watch Active 4-ს.

კორეულმა გიგანტმა ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს დაადასტურა, რომ ახალი Note-ის გამოშვებას არ გეგმავდა. თუმცა, Galaxy Z Fold-ის შემთხვევაში Note-ისთვის დამახასიათებელ სიახლეს მაინც უნდა ველოდოთ: ინტერნეტში გავრცელებული სურათების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Samsung-ის ახალ მოდელს სტილუსი ექნება. ამას გარდა, ტელეფონი უფრო გამძლე და მძლავრი იქნება, IPX8 წყლის გაუმტარობის ტექნოლოგიისა და Snapdragon 888 პროცესორის საფუძველზე.

დღეს, დიდი ალბათობით, სულ მცირე ორ ახალ საათსაც ვიხილავთ: Galaxy Watch 4 Classic-ს ტრადიციული საათის ფორმა ექნება. განახლდება საათის ზომები – 42მმ, 44მმ და 46მმ, რაც ამ მოდელს უფრო მეტი ადამიანისთვის გახდის ხელმისაწვდომს. საათს ორი სხვადასხვა კარკასი ექნება – ალუმინის და უჟანგავი ფოლადის – და ორივე წყალგამძლე იქნება. უფრო თანამედროვე დიზაინის მქონე Galaxy Watch 4-ს (ან, Galaxy Fold 4 Active-ს – სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია) ორი ღილაკი ექნება და ორ ზომაში იქნება ხელმისაწვდომი – 40მმ და 44მმ. სავარაუდოდ, საათები შავი, ზეთისხილისფერი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი იქნება, ხოლო სამაჯურები, ცხადია, უფრო მრავალფეროვანი იქნება.

რაც შეეხება Samsung-ის ყურსასმენებს, Samsung Galaxy Buds 2-ს, მათი დიზაინის მხრივ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ, რა თქმა უნდა, განახლებულ ფერთა გამას არ ჩავთვლით. ტექნოლოგიურად კი, ყურსასმენები განახლდება: სილიკონის ნაწილაკების გამოყენებით, გარე ხმის ჩახშობას ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Samsung-ის ოფიციალურ წარდგენამდე, ჯერ კიდევ დაუანონსებელი მოდელების შეძენას ფასდაკლებით შეძლებთ, Samsung-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *