ექსპედიცია კრიპტოოკეანეში

ექსპედიცია კრიპტოოკეანეში

სიმდიდრე ოდითგანვე კაცობრიობის მცირე ნაწილის ხელში ექცეოდა – ფეოდალების, მეფეების, მმართველების და მათი ამალის. ფინანსური ინსტიტუტების გაჩენამ ვითარება გააუმჯობესა, თუმცა გადანაწილების პრინციპი იგივე დარჩა – სიმდიდრის კვალს ძალაუფლების ცენტრებთან მივყავართ. რევოლუცია 2008 წელს დაიწყო, როცა კრიპტოვალუტა, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ციფრული ფული, თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, ვინც მისი იწამა. ერთ-ერთი მათგანი იოსებ ბოლქვაძე იყო, რომელმაც გადაწყვიტა, ციფრული განძის ძიებაში სხვებსაც დახმარებოდა. 2018 წელს მეგობართად ერთად დაფუძნებულ CRYPTAL–ს მალევე CEO ხვიჩა კოპინაძე შეუერთდა. კომპანიის ეკიპაჟი დღეს 70 თანამშრომელს ითვლის და ახალი სამყაროსა და შესაძლებლობებისკენ გზის გასაკვლევად ისწრაფვის.

იოსებ ბოლქვაძე 33 წლისაა. ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მისი კრიპტოოდისეაც სწორედ „ფრიუნიში” იწყება, სადაც პირველად ეზიარა ლიბერტარიანულ მსოფლმხედველობასა და მონეტარული თავისუფლების იდეას, რომელიც ბიტკოინს უდევს საფუძვლად. უნივერსიტეტში სწავლისას ხშირად განიხილავდნენ 2008 წლის კრიზისს, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოს ზედმეტ ჩართულობას ეკონომიკური სტიმულების შესუსტება და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური რყევების გამოწვევა. კრიზისის ფონზე, რამაც უამრავი ადამიანი დანაზოგების გარეშე დატოვა, ბიტკოინის დეცენტრალიზებული ემისიის მოდელმა და ტექნოლოგიურმა გადაწყვეტამ იოსებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და მომენტალურად აქცია კრიპტოენთუზიასტად.

„კრიპტალამდე“ იყო ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში, სადაც IT დეველოპერული პროექტების მმართველის ფუნქციების შეთავსებაც უწევდა. ნაღდი ფულის (ქეშის) გამოყენება არასდროს უყვარდა, ხოლო როცა 100-ლარიანი საპარკინგე ჯარიმის გადაუხდელობის გამო ყველა ანგარიში გაუფრთხილებლად დაუყადაღეს და სუპერმარკეტის სალაროსთან მდგომმა საკვების ყიდვაც კი ვეღარ შეძლო, გული საბანკო სისტემაზეც აიცრუა. მას შემდეგ იოსებ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება ყველაზე სანდო და მოსახერხებელია – თუნდაც იმიტომ, რომ სათანადო საფულეში შენახული ციფრული ვალუტის გაყინვას ვერავინ შეძლებს.

იოსებმა Cryptal-ი 2018 წელს მეგობართან ერთად დააფუძნა, რათა ადგილობრივი მომხმარებლებისთვის უფრო ფართო წვდომა მიეცა იმ რესურსზე, რომლის პოტენციალისაც ასე სწამდა და ამასთან, საქართველოც დაეტანა მსოფლიო კრიპტორუკაზე. პირველადი იდეა იყო, შეექმნათ მომხმარებლებისთვის მარტივად გამოსაყენებელი ტრეიდინგის პლატფორმა, რომელიც ხალხს რეალურად მისცემდა საშუალებას, კრიპტოსამყაროში შემოებიჯებინათ და დაეწყოთ ვაჭრობა. თუმცა აუცილებელი იყო ნავაჭრის განაღდებაც. შესაბამისად, დაიწყეს მუშაობა ამ გადაწყვეტაზეც, რასაც მალევე მოჰყვა „კრიპტალის“ ისტორიაში ერთ-ერთი პირველი წარმატებული პარტნიორობა – მსოფლიოში უდიდეს კრიპტოს ბანკომატების მწარმოებელ კომპანია „გენეზისთან“. და ადგილობრივ ბაზარზე კრიპტომატებიც გაჩნდა – რამაც ბუნებრივად შექმნა ეკოსისტემა – კრიპტოს ყიდვა-გაყიდვისა და განაღდების. ეს პრეცედენტი შეუმჩნეველი არც გლობალურად დარჩენილა და ამ ინოვაციის, მცირე რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურის გამო ზოგიერთმა გამოცემამ საქართველო „კრიპტოსამოთხედაც” მოიხსენია. საქართველო გლობალურ კრიპტორუკაზე მყარ ადგილს იმკვიდრებდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ნაბიჯები იყო. მალევე, „კრიპტალს“ ხვიჩა კოპინაძეც შეუერთდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე და ახალი ექსპედიციებიც დაიგეგმა ახალი „მიწების” აღმოჩენის, უნიკალური რესურსების მოპოვებისა და „ახალი სავაჭრო გზების” გასაკვლევად.

„კრიპტო და ბლოკჩეინი გასაოცარი სამყაროა. მუდმივად იცვლება, ვითარდება, მოულოდნელობითაა სავსე და სიურპრიზებითაც. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებით მიმზიდველს. ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება აღმოაჩინო. მთავარია, სწორი კურსი შეარჩიო და სწრაფად ადაპტირდე იმ მოულოდნელობებთან, რომლებიც შეიძლება გზად შეგხვდეს”, – ამბობს ხვიჩა. მან „კრიპტალში“ ვენჩურული საინვესტიციო კომპანიიდან გადაინაცვლა, თუმცა ინვესტიციებსა და ფინანსებამდე იყო ბავშვობის ოცნება – მეზღვაურობა. საბოლოოდ ამჯობინა, ღია ზღვას – ბიზნესისა და ფინანსების გზას გაჰყოლოდა და კავკასიის უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით ჩააბარა. თუმცა სიახლეების შემეცნებისა და აღმოჩენის სურვილი არ განელებია. გასაკვირი არაა, რომ აუდიტსა და ფინანსებში მუშაობა მისთვის მოსაწყენი აღმოჩნდა. მიხვდა, რომ ინტერესებიც მეტი ჰქონდა და ამბიციაც.

მისი კრიპტომოგზაურობის საწყისიც სასწავლებელს უკავშირდება. ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების შესახებ პირველად ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას გაიგო და მას შემდეგ მუდმივად აკვირდებოდა და სწავლობდა სფეროს. უნივერსიტეტიც მნიშვნელოვნად დაეხმარა ამ მიმართულებით, ახალი ცოდნა შესძინა და საშუალება მისცა, კრიპტოვალუტების პრაქტიკული მნიშვნელობა უკეთესად გაეაზრებინა. პარალელურად უნივერსიტეტში „კრიპტო კლუბიც” კი შექმნა და ირგვლივ ბევრი ენთუზიასტი შემოიკრიბა. პირველი ინვესტიციებიც სწორედ ამ პერიოდში გააკეთა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ კრიპტო ის ტერიტორიაა, რომლის აღმოჩენა და შესწავლა სამომავლოდაც სურდა. ამ მისწრაფებამ კი საბოლოოდ „კრიპტალამდე“ მიიყვანა.

ხვიჩა კოპინაძეს და იოსებ ბოლქვაძეს „კრიპტალის“ ოფისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ბიზნესცენტრის მეხუთე სართულზე შევხვდით. შენობის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბანკია განთავსებული – ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მუშაობასაც, კრიპტოსამყაროსგან განსხვავებით, მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სრულად აკონტროლებს.

იოსებ ბოლქვაძე

კრიპტოს საოცარი ახალი სამყარო ამ კონტროლით უკმაყოფილო იდუმალი ღმერთ(ებ)ის შექმნილია. პირველი ციფრული ფული – კრიპტოვალუტა – ბიტკოინი 2008 წლის ბოლოს წარმოიშვა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს. კრიზისი აშშ-ში, ფინანსური სექტორიდან დაიწყო. მსოფლიო ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდა, გაკოტრდა ბევრი ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი. მითურმა „სატოში ნაკამოტომ”, რომლის (ან რომელთა) ვინაობა დღემდე უცნობია, თუმცა ბიტკოინის შემქმნელად მიიჩნევა, ჩათვალა, რომ საჭიროა ვალუტა, რომელიც ვერ გაკონტროლდება ცენტრალური ბანკების მიერ, არ იქნება ცენტრალიზებული და ინფლაციური.

კრიპტო „ლურჯი ოკეანეა”. ეს ბიზნესში შეუსწავლელი ბაზრის ფართო, უდიდეს ასათვისებელ პოტენციალს ნიშნავს, ჯერაც ნაკლები კონკურენტით, ტერიტორიებით, საგანძურითა და, უბრალოდ, ნედლეულით, რომელსაც არსებული რეალობის კოორდინატების შეცვლა შეუძლია. ღია ზღვაში არავის იურისდიქცია არ ვრცელდება, ყველა თანასწორია, ყველა თავად განსაზღვრავს, როგორ ისარგებლოს ტალღების მიმოქცევითა და ქარის მიმართულებით და როგორ გამოიყენოს ნავიგაციის უნარები კურსის სწორად შესარჩევად.

კრიპტოს ლურჯ ოკეანეში ცურავს Cryptal-ის ხომალდიც, ეკიპაჟის 70 წევრით, რომლებიც 70 ათას ადამიანს ტალღებში გზას უკვალავს. იოსები სტრატეგი და ვიზიონერია – აქვს მომავლის ხედვა და მისი განხორციელებისკენ მიისწრაფვის, 26 წლის ხვიჩა კი – კაპიტანი. ისინი უზრუნველყოფენ „კრიპტალის“ ხომალდის მდგრადობას შტორმსა და ღელვაში. ციფრული ვალუტა, რომელიც არ გამოიცემა და არ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, ბევრისთვის შესაძლოა უცნაური, უცხო და ამის გამო საშიშიც იყოს. სწორედ ეს წარმოქმნის ტალღებს ოკეანეში. ძირითადი რისკი, რაც კრიპტოსამყაროში არსებობს და კრიპტოვალუტის ფლობას ახლავს, ვოლატილობაა – ფასების ცვალებადობა და არამდგრადობა.

„მთავარი იდეა ის არის, რომ შენს აქტივებს შენ განაგებ. კრიპტოვალუტა არის შენი ფული შენს ჯიბეში. ბიტკოინი უკვე ბევრ ბანკზე უფრო სანდოდაც შეგვიძლია, ჩავთვალოთ, მით უმეტეს, რომ ბაზრის კაპიტალიზაციით ეს კრიპტოვალუტა უკვე Visa-სა და Mastercard-საც აჭარბებს”, – ამბობს ხვიჩა კოპინაძე.

იოსები კი დასძენს: „ენთუზიასტები ოქროს ღმერთის ფულს ეძახიან, დოლარს – ეშმაკისას, კრიპტოს კი – ხალხის”.

კრიპტოვალუტა, მაგალითად, ბიტკოინი, დეფლაციური ვალუტაა. „თუ მონეტარული ღირებულების ლიკვიდურ აქტივში შენახვა გვინდა, კრიპტო ერთ-ერთი მიმზიდველი ინსტრუმენტია”, – ამბობს იოსებ ბოლქვაძე.

ტერა ინკოგნიტას ძებნას თან რისკები ახლავს, თუმცა იოსებისა და ხვიჩასთვის „კრიპტალს“ ყველაზე კარგად ქრისტეფორე კოლუმბის ფრაზა გამოხატავს: „მზის სინათლეს გავყევით და ძველი სამყარო უკან მოვიტოვეთ”. ახალი მიწის აღმოჩენაა იოსების და ხვიჩას მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც Cryptal-მა ჯერ ისევ მოუთვინიერებელ ტალღებთან შებმა გაბედა, კრიპტო-სტეიკინგია – პროდუქტი, რომელიც საქართველოში სხვას არავის აქვს და რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ბლოკჩეინში ტრანზაქციის დამოწმების სანაცვლოდ მიიღონ საკმაოდ კარგი ამონაგები. სტეიკინგის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში არსებულ სხვა საინვესტიციო პროდუქტებთან შედარებით ბევრად მაღალი სარგებლის მიღება – 1%, 3%, 4%, 5%, 6% და, ზოგიერთ შემთხვევაში, 30%-ისაც კი.

„კრიპტალი“ მოქალაქეებს კრიპტოს ჩასარიცხ აპარატებსაც სთავაზობს, რაც კრიპტოინდუსტრიაში შესვლის საშუალებას იმ ადამიანებსაც აძლევს, ვინც ბანკებს არ ან ვერ იყენებს და მხოლოდ ნაღდი ფული აქვს. იგეგმება კრიპტოსესხებისა და კრიპტოგადახდების დანერგვაც.

„კრიპტალს“ სურს, ადამიანებს კრიპტოს ახალ სამყაროსა და ძვირფას რესურსზე წვდომა მისცეს. სწორედ ამის დასტურია, რომ კომპანიას აქვს კრიპტომატებიც, ფეიბოქსებიც და „სტეიკინგიც” იმისათვის, რომ მოქალაქეები გაჰყვნენ „კრიპტალის“ გაკვალულ გზას და მაქსიმალურად მარტივად შეაბიჯონ ამ ინდუსტრიაში.

ხვიჩა კოპინაძე

კრიპტოვალუტა გლობალური პროდუქტია. ის საზღვრებს არ ცნობს. ღია ზღვაში ღელვა შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარმა მოვლენამ გამოიწვიოს. კრიპტოვალუტის მომხმარებლები, როგორც წესი, ბირჟებზე ვაჭრობენ, მონეტებს კი საფულეში ინახავენ. საფულე ჰარდვეარის ან პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილია, რომლებიც არის არხი თქვენს კუთვნილ კრიპტოსა და ბლოკჩეინს შორის. საფულე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაგზავნოს, მიიღოს ან შეინახოს კრიპტოვალუტა. ბირჟა, თავის მხრივ, ონლაინბაზარია, სადაც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა და გაყიდვა შეუძლიათ. კრიპტოსაფულეს მთლიანად მომხმარებელი აკონტროლებს, ბირჟას კი – მისი მფლობელი.

ნაწილობრივ ამან მოიყვანა 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისი აშშ-ში კრიპტოზამთარი. ჩამოიშალა FTX-ი – კრიპტობირჟა, შედეგად გაკოტრდა ბანკი „სილვერგეიტი“, რომელიც აქცენტს კრიპტოვალუტაზე აკეთებდა, დაიხურა რამდენიმე კრიპტოკომპანია. თუმცა შტორმს „კრიპტალამდე“ არ მოუღწევია. მის მომხმარებლებს ფული არ დაუკარგავთ.

კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად ორი გზა არსებობს – მაინინგი და ყიდვა. მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავლის ფუნქციას ბირჟა ასრულებს. არსებობს დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული ბირჟები. FTX-ი ცენტრალიზებული ბირჟა იყო. მისმა მომხმარებლებმა კი თავიანთი აქტივები ბირჟაზევე დატოვეს – საფულეში არ შეუნახავთ. ეს მთავარი შეცდომაა. აუცილებელია, ნაყიდი კრიპტოვალუტა საფულეში გადავიტანოთ, რომელსაც, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დამსახურებით, მხოლოდ ჩვენ ვმართავთ. „უნდა გვესმოდეს, რომ ბირჟა არის ადგილი, სადაც უნდა ვივაჭროთ. ნავაჭრი კრიპტოვალუტის შენახვისთვის კი პირადი საფულის ქონა მნიშვნელოვანია”, – გვიხსნის ხვიჩა.

იოსები ჩანთიდან მეხსიერების ბარათს იღებს. როგორც აღმოჩნდა, კრიპტოსაფულეს ასეთი ფორმაც აქვს. ხვიჩა ლაპარაკს აგრძელებს: „ასეთი მოწყობილობების გაყიდვები ბოლო მოვლენების შემდეგ 300%-ით გაიზარდა. ხალხი მიხვდა, რომ ვაჭრობის შემდეგ თანხა საფულეში უნდა გადაიტანოს”.

ციფრულ ოკეანეში ნავიგაციისას „კრიპტალი“ ახალ ტერიტორიებს ითვისებს და საკუთარ რუკაზე დააქვს – მათ უკვე შეძლეს, სავაჭრო კავშირები დაემყარებინათ კრიპტოინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა: Kraken-ი, Bitfinex-ი და Tether-ი. კომპანია უკვე ლიცენზირებულია ლიეტუვაში და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარს ფარავს. ასევე, „კრიპტალი“ მომხმარებლებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ემსახურება. იგეგმება გასვლა თურქეთში, ასევე – უზბეკეთსა და ყაზახეთში, სადაც უახლოეს მომავალში კომპანია ლიცენზირების პროცედურას გაივლის და ოპერირებასაც დაიწყებს. „გვინდა, ეს ეკოსისტემა ძირფესვიანად განვავითაროთ როგორც საქართველოში, ისე – ამიერკავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში”, – გვეუბნება ხვიჩა კოპინაძე.

„კრიპტალის“ ექსპედიცია ეკიპაჟის შერჩევით დაიწყო – კრიპტოვალუტა თანამედროვე ტექნოლოგიებთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული – კარგი პროდუქტის შესაქმნელად აუცილებელია სოფტვეარ-დეველოპერებისგან, სისტემური ადმინისტრატორებისგან, ინჟინრებისგან, არქიტექტორებისა და UI/UX- დიზაინერებისგან შემდგარი გუნდი, საქართველოში კი ამ კადრების დეფიციტია. ამასთან, IT-სფეროც გლობალურია – გაყიდვებისა და კლიენტების მოპოვების კუთხით ქართული ბაზარი მთელ მსოფლიოსთანაა კონკურენციაში. საქმე, მათ შორის, პროფესიონალების ანაზღაურებასაც ეხება, რაც კორონავირუსის პანდემიის, ასევე, საქართველოში დიდი კომპანიების შემოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თუმცა „კრიპტალი“ ამ გამოწვევებს კარგად გაუმკლავდა – პლატფორმა, რომელიც 70 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება, გამართულად, უხარვეზოდ, სწრაფად და ხარისხიანად მუშაობს, ხოლო თანამშრომლები გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევიან – მზად არიან, განვითარდნენ, ისწავლონ და თავიანთი ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. პროფესიონალიზმის გარდა, კაპიტნისთვის ეკიპაჟის წევრების ეს თვისებები უმნიშვნელოვანესია.

წინ კიდევ არაერთი სიახლეა – მიმდინარე წლიდან კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობები ეროვნული ბანკის მიერ უკვე რეგულირდება. მალევე ამოქმედდება კანონი, რომელიც კრიპტოკომპანიებს, შემდგომი ლიცენზირებისთვის, დარეგისტრირებას ავალდებულებს. შესაბამისი სტანდარტები კომპანიებმა 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დააკმაყოფილონ.

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოთხოვნა – მომხმარებლების რეგისტრაცია-ვერიფიკაციაა. „კრიპტალი“ ამ და სხვა სტანდარტებს მანამდეც იცავდა. საქართველოს მსგავსი სალიცენზიო პირობები კომპანიამ ლიეტუვაში 2020 წელს დააკმაყოფილა. „კრიპტალის“ ხელმძღვანელები ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებული ამჟამინდელი პირობებით ლიცენზირებას ემხრობიან. მათ სურთ, მომავალში სახელმწიფოს მოთხოვნები არ გართულდეს და არ დამძიმდეს. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირება მომხმარებლის გამოცდილების კუთხით „კრიპტალში“ არაფერს შეცვლის. ამასთან, ბაზარზე სიცხადეს შეიტანს. ჯერჯერობით კრიპტო ტრადიციულ საბანკო პროდუქტებთანაა გადაჯაჭვული, ბანკებს კი მარეგულირებელი ორგანოები ჰყავთ. ამიტომ სტანდარტული ფინანსური ინსტიტუტები პოზიტიურად უყურებენ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ეროვნული ბანკისგან ლიცენზია და მუშაობის უფლება აქვთ მინიჭებული – ამ შემთხვევაში რისკებს სახელმწიფო აზღვევს.

„ამიტომ, ვფიქრობ, ლიცენზირებას ბაზარზე დადებითი გავლენა ექნება – ბევრი სტარტაპი განვითარდება, თამაშის წესები ყველასთვის ცნობილი იქნება, რაც, საბოლოო ჯამში, კრიპტოეკოსისტემის გაუმჯობესებას და კრიპტოინფრასტრუქტურის დახვეწასაც შეუწყობს ხელს, ისევე როგორც მის მასობრივ ათვისებას“, – ამბობს ხვიჩა.

რამდენიმე კრიპტოკომპანია ბლოკჩეინ-ასოციაციის შექმნასაც აპირებს – ჩამოყალიბების შემდეგ ისინი ეროვნულ ბანკს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ხვიჩას უნდა, ბაზრის ფორმირება მოხდეს ისე, რომ არც მოთამაშეები დაზარალდნენ და ეროვნული ბანკის ინტერესებიც მაქსიმალურად გატარდეს.

ხოლო იოსებ ბოლქვაძეს, ლურჯ ოკეანეში ცურვის გარდა, ტელეპორტაციაც სურს – „კრიპტალი“ კრიპტოპორტალს ნიშნავს.

„’კრიპტალი’ არის ხიდი, რომელიც ფიატურ (სახელმწიფოს მიერ გამომუშავებული ფული) და ციფრულ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს, – ამბობს ის. – ჩვენ ციფრული აქტივების ინდუსტრიას ვუყურებთ, როგორც პარალელურ სამყაროს. ის ძალიან პატარა იყო, ახლა იზრდება. არის NFT – ციფრული ხელოვნება, სხვადასხვა ბლოკჩეინი, დეცენტრალიზებული პროტოკოლები, მეტავერსი, გაჩნდა მეტავერსთან დაკავშირებული სხვადასხვა თამაში. ჩვენი მისიაა, მოქალაქეებისთვის ტელეპორტაციის გამოცდილება შემოვიტანოთ, თან გავხადოთ ეს მარტივად ხელმისაწვდომი, იაფი, ჩვენ ვიყოთ მომხმარებლის მეგზურები, დავაკვალიანოთ, ავუხსნათ, ვასწავლოთ ციფრული სამყაროს წესები”.

მეგზურობისთვის კომპანიას ბლოგიც აქვს, რომლითაც კრიპტოსამყაროს შესახებ მომხმარებლების ინფორმირებულობას ზრდის.

„კრიპტალის“ საზღვაო მოგზაურობას კი უკვე აქვს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები – საქართველოს ბაზარზე მისი გაჩენის შემდეგ რიგითი მოქალაქისთვის ციფრული აქტივის შეძენა უფრო მარტივი, მოსახერხებელი და იაფი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

„კრიპტალის“ ხომალდი ლურჯ ოკეანეში ახალი კონტინენტების ძებნას აგრძელებს და ზურგის ქარსაც ელოდება, მათ შორის, „გავოლეთიანების” საქმეში – რაც ყველა მოქალაქის კრიპტოადაპტაციას და მათ მიერ ელექტრონული საფულის ფლობას გულისხმობს.

დეცენტრალიზებული ვები, ბლოკჩეინი ინტერნეტის მომავალია. როდესაც კრიპტოსამყარო და Web 3.0 ტექნოლოგიები გაფართოვდება და ციფრული შესაძლებლობების უზარმაზარ ლურჯ ოკეანეში მეტი ადამიანი შეცურავს, სანდო და მოსახერხებელი საფულე ამ საინტერესო ახალ საზღვრებში ნავიგაციის გასაღები იქნება.

Plus Ultra. More Beyond.

 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *