საქართველოს ეროვნული ბანკი საჯაროდ ხელმისაწვდომი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის(CBDC) ჩაშვებას გეგმავს. ტექნოლოგიების განვითარების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი ციფრულ ლარზე მუშაობას იწყებს, რაც უზრუნველყოფს შიდა გადახდების სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის ზრდას. ციფრული ვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც გადახდებისთვის, ასევე დანაზოგებისთვის.
CBDC-ის დანერგვა ინოვაციური ბიზნეს მოდელების დანერგვასა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას მოასწავებს. ამავდროულად, ციფრული ვალუტის შემოღებამ შესაძლოა გაზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა და შესაბამისად, დადებითად იმოქმედოს საზოგადოების კეთილდღეობაზე.
საქართველოში ციფრული ვალუტის დანერგვის ინოვაციურობიდან გამომდინარე, აუცილებელია რისკის მენეჯმენტის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიაში სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიის კონტროლირებად გარემოში გამოცდითა და დაკვირვებით შესაძლებელი გახდება უკეთ გამოიკვეთოს პროდუქტის განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ფაქტორები და შემცირდეს სისტემური რისკები.
ეროვნული ბანკის მიზანია, ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკის (BIS) პრინციპებზე დაყრდნობით დანერგოს და განავითაროს CBDC ტექნოლოგია საქართველოში. ციფრული ლარის დანერგვის პროცესში გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა: ტექნოლოგიის გამოყენების სიმარტივე და სისწრაფე, ეკონომიკური ეფექტურობა, სტატისტიკური მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა, პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა და კიბერუსაფრთხოება.
ეროვნული ბანკი იწვევს ფინტექ კომპანიებს, ტექნოლოგიურ ფირმებსა და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუციებს, რათა ციფრული ლარის დანერგვის პროცესში სახელმწიფო და კერძო მხარეების ჩართულობით აღმოიფხვრას ტექნოლოგიური, რეგულატორული თუ ფინანსური პრობლემები და გამოწვევები.