ესტონური მოდელის დეტალები და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

ესტონური მოდელის დეტალები და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

საქართველომ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების და განვითარების კუთხით. 2003 წელს, ხელისუფლების ცვლილების ფონზე მოსულმა ეკონომიკურმა გუნდმა შეამცირა საგადასახადო ტვირთი და გადასახადების რაოდენობა 36 გადასახადიდან 6 გადასახადამდე დაიყვანა. ქვეყანამ, აღნიშნული რეფორმების შედეგად, შეძლო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და ლიბერალური საგადასახადო იმიჯი შეიქმნა ინვესტორების თვალში.

მიუხედავად მნიშვნელოვანი რეფორმებისა, საქართველოში საგადასახადო სისტემა, პროკურატურასთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, კვლავ რჩებოდა პოლიტიკური  თუ სხვა სახის ანგარიშსწორების იარაღად.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სახელმწიფო ორგანოები აღარ გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელბლად ან მნიშვნელოვნად შემცირებულია მსგავსი ფაქტები. საგადასახადო ორგანოების მიდგომა, ადმინისტრირების სიმაკაცრე, ხელისუფლების ნებიდან და ევროპის კავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, გაუმჯობესდა. მათ შორის, გაიზარდა საგადასახადო დავის ორგანოთა თავისუფლების დონე, ხოლო ევროპის კავშირი მნიშვნელოვნად დაეხმარა საგადასახადო ორგანოებს, ევროპის კავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში და კომპენტენციის გაუმჯობესებაში, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის საშუალებით (მაგ. ,,საგადასახადო ორგანოების დაძმობილების პროგრამა“).

საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, რასაც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში, საქართველოს მოწინავე პოზიციები მოწომობს ბოლო ათწლეულში, თუმცა ეკონომიკური ზრდა საქართველოში არც ისეთი სწრაფია, როგორი მარტივიც ბიზნესის დაწყებაა.

2015 წელს მთავრობის წარმომადგენლებმა დაანონსეს მნიშვნელოვანი ცვლილება საგადასახადო კოდექსში – მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღება (შემდგომში – “ესტონური მოდელი”).საგადასახადო კოდექსში 2016 წელს შესული ცვლილებით, 2017 წლის იანვრიდან, ესტონური მოდელი ძალაში შევიდა.

ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა – განვითარების  ყველაზე სანდო და პოპულარულ ინდიკატორად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმი განიხილება და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაც რომ მშპ-ს ზრდის ტემპის დასაჩქარებლად საგადასახადო რეფორმა განეხორციელებინა იყო დროული თუ დაგვიანებული არა.

საკანონმდებლო სიახლის გაცხადებული მიზანია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ფრანგ ფილოსოფოს მონტესკიეს აზრით საზოგადოებაში არაფერი საჭიროებს იმდენ ჭკუა-გონებას, რამდენიც აუცილებელია იმ წილის განსასაზღვრავად, რომელსაც ხელისუფლება ართმევს საზოგადოების წევრებს. საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, თან სდევს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, მათ შორის, მოახდენს თუ არა ესტონური მოდელი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის წახალისებას და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა 2017 წელს.

ამ კითხვებზე საპასუხოდ, პირველ რიგში, განვმარტავ თუ რა შეიცვალა საგადასახადო კოდექსში.

მოგების გადასახადს სტაბილური წილი ეჭირა ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებში, და მისი პროცენტული წილი, ბოლო წლების მონაცემებით საშუალოდ 11%-ს შეადგენდა.

მოგების გადასახადის მიხედვით შემოსავლები და პროცენტული წილი წლების მიხედვით:

  წელი

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

 

  მოგების გადასახადი (მლნ. ლარი)

82

101

162

210

341

555

592

518

576

832

851

807

829

1025

 

  წილი საბიუჯეტო შემოსავლებში (%)

8

8

8

9

11

13

12

12

12

14

13

12

11

13

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

თეორიულად რომ განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ზომავს თუ რამდენად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი მოცემულ ქვეყანაში, თავის მხრივ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ მონაკვეთში.

მთლიან შიდა პროდუქტში (Y), (Y=C + I + G + NX ) გამოყოფენ ოთხ შემადგენელ ნაწილს: 1. მოხმარება (C); 2. ინვესტიციები (I); 3. სახელმწიფო შესყიდვები (G); 4. წმინდა ექსპორტი (NX).

საგადასახადო რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მეწარმეები არ გადაიხადონ მოგების გადასახადს, თუ კომპანიის შემოსავლების ინვესტირებას მოახდენენ ბიზნესში, არ დახარჯავენ ფულს სამეწარმეო საქმიანობის მიღმა და არ გაწევენ სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილ წარმომადგენლობით ე.წ სადღესასწაულო ხარჯებს ნორმაზე მეტად, არ შეამცირებენ ურთიერთდამოკიდებულ (ნათესავები და სხვა ახლო ურთიერთობის მქონე პირები) და ოფშორულ კომპანიებთან საბაზრო გარიგებებით დადგენილ საბაზრო ფასს, არ შეიძენენ უსაბუთოდ საქონელს ან მომსახურებას, ნაკლები საბაზრო ურთიერთობები ექნებათ ოფშორულ და მოგების გადასახდისგან განთავისუფლებულ პირებთან და სხვ.

რეფორმის შინაარსი გამომდინარეობს ეკონომიკური ზრდის თეორიიდან და იმ კვლევებიდან, რომლებიც ჩატარებულა ეკონომიკურ ზრდასა და მთავრობის ზომას შორის, ცხადია მთავრობის ზომა, რეფორმის შედეგად სხვა თანაბარ პირობეში მცირდება. ეკონომიკურ ზრდასა და მთავრობის ზომას შორის, კორელაციის დასადგენად ჩატარებული კვლევების უმრავლესობით, მთავრობის ზომის შემცირება, მთლიან შიდა პროდუქტში სხვა თანაბარ პირობებში იწვევს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.

“მმართველობა განვითარებისთვის (G4G)” კვლევა

ხელისუფლების მიერ დაანონსებული ესტონური მოდელის მოგების გადასახადის რეჟიმის შემოღება შეფასებული იქნა USAID – ის მიერ დაფინასებული პროექტის ფარგლებში მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G). აღნიშნულით, შეფასდა ესტონური მოდელის საგადასახადო რეჟიმის შესაძლო მაკროეკონომიკური შედეგები. ეკონომისტების მიერ შემუშავებულ იქნა ნეოკლასიკური ეკონომიკური ზრდის ზოგადი წონასწორობის მოდელი (neo-classical general equilibrium growth model).

აღნიშნული კვლევის მიხედვით რეფორმას ექნება შნიშვნელოვანი შედეგი, კერძოდ:

  • რეფორმას აქვს ინვესტიციების წამახალისებელი ეფექტი. საფონდო კაპიტალი 1,5 წელიწადში 3,23 %-ით გაიზრდება. რეფორმა გამოიწვევს წმინდა ინვესტიციების ზრდას. ეკონომიკური აგენტები იმაზე მეტს ჩადებენ საინვესტიცოდ, ვიდრე აქამდე;
  • დაახლოებით 1,5 წელიწადში, რეალური მშპ გაიზრდება 1,44%-ით;
  • საერთო კერძო მოხმარება გაიზრდება დაახლოებით 0,85 %-ით 1,5 წელიწადში;
  • რეფორმა გაზრდის სამთავრობო ბიუჯეტის წლიურ დეფიციტს მაქსიმუმ 3%-ით. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის 1 %- ით ზრდა და 1,25 %-ით დამატებული ღირებულების გადასახადის გაზრდა აღმოფხვრის აღნიშნულ დეფიციტს. ახალი საბიუჯეტო წონასწორობის მისაღწევად მთავრობამ უნდა იფიქროს ხარჯების არ გაზრდაზე რეფორმიდან 2 – 3 წლის განმავლობაში;
  • მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირედით შემცირდება, კომპანიების მიერ დივიდენდების საქართველოში დატოვებით, გამომდინარე რეფორმის საინვესტიციო ეფექტისა;
  • რეფორმის შედეგი, დაახლოებით 1,5 წელიწადში გახდება ხელშესახები.

კვლევის ავტორები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დემოკრატიისა და საკუთრების უფლების დაცვის დონეს, რადგან ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია საპროგნოზო რისკების შეფასებისას, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ესტონეთზე მეტად ელასტიურია საქართველოს ეკონომიკა ისეთი რეფორმების გატარებაში, როგორიცაა შრომითი უფლებები, მონეტარული თავისუფლება, ბიზნესის კეთების სიადვილე და ა.შ. ესტონეთი აღნიშნული მაჩენებლებით სანამ მოგების გადასახადის რეფორმას გაატარებდა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საქართველოს დღევანდელ მზაობას რეფორმისადმი.

საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები

რეფორმამდელი მოგების გადასახადის მოდელი ითვალისწინებდა დაბეგვრის მარტივ მოდელს: შემოსავლებს – ხარჯები = დასაბეგრი მოგება * 15% = გადასახადელ მოგების გადასახადს.

რეფორმა არ ეხება ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდ.მეწარმეებს, ორგანიზაციებს (სსიპ, ააიპ) და საფინანსო კომპანიებს ისეთებს, როგორიცაა: კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვეო კომპანიები, ლომბრადები. საფინანსო სექტორი 2020 წლიდან გადავა აღნიშნული დაბეგვრის რეჟიმზე.

ახალ მოდელზე, ავტომატურად გადადის ყველა იურიდიული პირი, გარდა საფინანსო ბიზნესისა, მათ შორის არარეზიდენტი კომპანიების მუდმივი დაწესებულებები.

ახალი მოდელის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, განაწილებული მოგება რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

განაწილებული მოგება იყოფა 4 ნაწილად:

1. განაწილებული მოგება

განაწილებული მოგება თავის მხრივ იყოფა შემდეგ ძირითად ნაწილებად:

ა) დივიდენდის განაწილება ფულადი ან არაფულადი ფორმით;

ბ) ურთიერთდამოკიდებული პირისგან საქონლის ან მომსახურების შეძენა საბაზრო ფასისგან განსხვავებული ფასით;

გ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოშორები) რეგისტრირებული პირთან საქონლის შეძენა ან რეალიზაცია საბაზრო ფასისგან განსხვავებული ფასით;

დ) საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან.

2. გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან   დაკავშირებული არ არის.ეს ხარჯებია:

ა) დოკუმნტურად დაუდასტურებელი ხარჯი;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;

გ) მიკრობეიზნესის სტატუსის მქონე კომპანიიდან შეძენილი საქონელი/მომსახურება;

დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისაგან საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;

ე)ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის (24%) ფარგლების ზემოთ სესხისათვის გადახდილი პროცენტი;

ვ) სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი.

ზ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული პირის, და მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შესაძენად განხორციელებული გადახდა; სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო ან/და სხვა ჯარიმა, ავანსის გადახდა, სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა.

თ) გაცემული სესხები ფიზიკურ პირებზე, არარეზიდენტებზე, ოფშურულ არარეზიდენტებზე და მოგების გადასახადისგან განტავისუფლებულ პირებზე.

ი) ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით;

კ) არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანის ან აქციის/წილის შესაძენად განხორციელებული გადახდა;

ლ) არარეზიდენტის და მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანის ან აქციის/წილის შესაძენად განხორციელებული გადახდა;

3. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

მათ შორის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი

4. საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაიბეგრება შემოსავლის 1%-ზე მეტი წარმოადგენლობითი ხარჯი ან კომპანია თუ ზარალზეა მაშინ გადასახადის გადამხდელის ხარჯების 1 %-ზე მეტად გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.

გარდა, აღნიშნულისა არსებობს შემთხვევები რაც გათანაბრებულია დივიდენდის განაწილებასთან. რეფორმის შედეგად არ იცვლება გადასახადის განაკვეთი და კვლავ 15 % რჩება.

რეფორმის შედეგად იცვლება დასაბეგრი ოპერაციის საფუძველზე გამოსაანგარიშებელი მოგების გადასახადი შემდეგი წესით:

Ⴆემოთ განხილულია 4 ტიპის დაბეგვრის ობიექტი, ხოლო თუ განსაზღვრია დასაბეგრი ობიექტის საბაზრო ფასი, ამ შემთხვევაში საბაზრო ფასი გაყოფილი 0, 85/- ზე (ე.წ „აგროსვა“) და გამრავლებული 15 % – ზე. Ⴋაგალითად, კომპანიას აქვს 100 ლარი გართობის ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არ არის კომპანიის საქმიანობასთან, ამ შემთხვევაში გადასახდელი მოგების გადასახადი შეადგენს 17, 64 ლარს ((100/0, 85)*15 %).

რეფორმის სიახლეს წარმოადგენს მოგების გადასახადის ჩათვლის შემოღება ცალკეულ ოპერაციებზე. გამომდინარე იქედან, რომ 2017 წელს კომპანიებს შეიძლება გადაყვეთ ბალანსზე გაუცემელი დივიდენდები, კანონმდებელმა გაითვალისწინა აღნიშნული და სპეციალური ფორმულის საფუძველზე შესაძლებელია 2008 წლიდან 2017 წლამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას, ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა.

შესაძლებელია ჩათვლის გაკეთება უცხოეთში გადახდილ გადასახადზე და – წყაროსთან დაკავებულ ან გადახდილ გადასახადის თანხის. ასევე შესაძლებელია მოგების გადასახადის თანხის შემცირება ჩათვლის გაკეთება შემდეგ სამ შემთხევაში:

1. შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხა (ფაქტობრივად მიღებული თანხა);
2. გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის დაბრუნებული თანხა ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხა საანგარიშო პერიოდში;
3. სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფის გაუქმებისას გაუქმების საანგარიშო პერიოდში სესხის ძირითადი თანხა.

აღნიშნული შემცირებების გამოყენება ხდება იგივე მოდელით: შესამცირებელი თანხა/0,85*15 %

პრობლემური საკითხები ახალ საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებით

მოგების გადასახადი რეფორმამდელ პერიოდში წარმოადგენდა ერთ-ერთ რთულ გადასახადს, რომლის ადმინისტრირებისთვისაც შექმნილი იყო სპეციალური სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ მანუალები), რეფორმის ძალაში შესვლასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა აღნიშნული მიმართულბებით;

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია რეფორმამ გამოიწვიოს, საგადასახადო ტვირთის გაზრდა გადასახადის გადამხდელთა გარკვეული წრისათვის, მაგალითად ვისაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დარჩათ გამოუყენებლი ზარალი, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ცვლილება, არ უნდა ზრდიდეს გადამხდელის საგადასახადო ტვირთს, აღნიშნულიდან გამომდინარე იმ გადამხდელებისთვის რომლებმაც არ აირჩიეს 100 % – იანი ძირითადი საშუალებების გამოქვითვის უფლება ან დაჩქარებული ცვეთის მოდელი, ეკარგებათ აკუმულირებული ამორტიზაცია, რომელიც უმცირებდათ მათ გადასახდელ თანხებს, ან საქმიანობა რომელიც ახალი რეჟიმით დაბეგვრადი გახდა ან შეღავათი აღარ ვრცელდებაასეთ ეკონომიკურ საქმიანობაზე.

გადასახადის გადამხდელები არ არიან მიჩვულები მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარირებას, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას, რომ თავი აარიდონ  შეცდომებს, შესაბამისად საგადასახადო ჯარიმებს. მეორეს მხვრივ, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით საბუთების შეგროვება ბიზენსისთვის სირთულეს წარმოადგენს, იმის გათვალისწინებით, რომ 30 რიცხვში განხორცილებიულ ოპერაციაზე შეიძლება ვერ გქონდეს თვის ბოლომდე შესაბამისი საბუთი აღნიშნული არ უნდა განიხილებოდეს დასაბეგრ ოპერაციად, რასაც დეკლარირების ინტენსივობის შეცვლა ხელს შეუწყობს და იმავდროულად დაუზოგავს დროს ფინანსისტებს დეკლარირებისთვის, თავის მხრივ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველო არ დაზარალდება, შესაბამისად კანონმდებლებმა უნდა იფიქრონ მოგების საგადასახადო დეკლარირების თვიურიდან კვარტალურ ან წელიწადში ორჯერ დეკლარირებაზე გადასვლაზე, ის შეამცირებს და გაუდვილებს დეკლარირებას და ადმინისტირებასაც, ამასთან ფისკალურად ის შეიძლება ბიუჯეტისთვის უფრო მომგებიანი იყოს, რადგან საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტების შიში გადამხდელებს აქვთ, გამომდინარე საგადასახადო რისკების მატებისა.

რეფორმის შედეგად მიკრო ბიზნესი, ფიქისრებული გადასახადის გადამხდელები და მთის კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმოები შედარებით მეორეხარისხოვან ბიზნეს სუბიექტებად შეიძლება ჩაითვალონ, რადგან, მათთან ბიზნეს გარიგებების დროს მოგებით დასაბეგრი ოპერაცია ჩნდება. ამასთან მცირე ბიზნესის წილი, მთლიან ეკონომიკაში და დასაქმებაში გვაფიქრებინებს, რომ საგადასახადო შეღავათები მციერ ბიზნესის განვითარებას ყველაზე მეტად ჭირდება, კითხვის ნიშანს აჩენს მთის კანონით განასაზღვრული ბიზნეს შეღავათების არსებობა.

შესადგენია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებულ პირთა რეესტრზე ღია წვდომა, რათა ბიზნესისთვის ცნობილი იყოს იმ პირთა სტატუსი ვისთანაც ბიზნესს ურთიერთობის შედეგად გაუზრდის საგადასახადო ვალდებულებებს.

რეფორმის შედეგად, ურთერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებები და ოფშორებში არსებული გარიგებების საბაზრო ფასით შეფასების აუცილებლობა აძვირებს გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებებების შესრულების და საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯებს. ამასთან, სატრანსფერო ფასწარმოქმნების დაკვნების შედგენა, საქართველოში აუდიტორული კომპანიების მიერ ცოდნატევადი, ინოვაციური და ძვირია.

რეფორმის შედეგად გაიზარდა ფინანსურ სტანდარტებზე ცოდნის მოთხოვნა, რაც პრობლემებს შეუქმნის ბიზენსს, გამომდინარე ბიზნეს განათლების არსებული დონისა.

ფულის დროითი ღირებულებიდან გამომდინარე ავანსების დღგ-ით დაბეგვრა, რაც ესტონური მოდელის ამოქმედებასთან ერთად შეიცვალა, გადამხდელებს უძვირებს ფულს დროში, მიუხედავად იმისა, რომ ავანსის დადასტურება მომავალში ჩათვლის მიღების უფლებას უტოვებს.

რეფორმა როგორც აღინიშნა სხვა თანაბარ პირობებში გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მთავრობამ გადაწყვიტა საბიუჯეტო დანახარჯები არ შეამციროს და პირიქით აქციზის გადასახადის ზრდით და ვალის აღებით აპირებს საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვას, სავარაუდოა რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არ გაიზრდება, გამომდინარე იქედან რომ მთავრობის ზომა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც ესტონურ საგადასახადო რეჟიმს უნდა გამოეწვია არ მცირდება. ამასთან, აქციზის ზრდა მომხარებას (C) ამცირებს რაც მშპ-ს ზრდის ტემპზე უარყოფითად მოქმედებს.

შეიძლება დავასკვნათ, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმა გაატარა, რომელსაც უნდა მოყოლოდა საბიუჯეტო რეფორმა მთავრობის ზომის მშპ-სთან ცვლილების თაობაზე, რაც სხვა თანაბარ პირობებში ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებდა, რადგან საგადასახადო და საბიუჯეტო სფერო ერთი მთლიანის, ფისკალური პოლიტიკის ნაწილებია.

ავტორი: გია ბერიძე – სვონზის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მაგისტრი, თსუ-ს დოქტორანტი.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *