EU-მ შეიმუშავა კანონპროექტი რუსეთის ცენტრალური ბანკის მოგების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით

EU-მ შეიმუშავა კანონპროექტი რუსეთის ცენტრალური ბანკის მოგების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით

ევროკავშირმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის მიმდინარე წლის ივლისიდან გადაცემას ითვალისწინებს. კანონპროექტს, რომელსაც ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში, მიმდინარე კვირის ბოლოს დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ.

კანონპროექტის ფარგლებში გამოუყენებელი რეზერვებიდან მიღებულ მოგებაზე გაუთვალისწინებელი გადასახადი დაწესდება, ჯამში კი, წლიურად €3 მილიარდი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და იარაღით მომარაგებისთვის გამოიყოფა. რუსეთის ცენტრალური ბანკის საკუთრებაში არსებული დაახლოებით €260 მილიარდის ღირებულების აქტივები, ძირითადად ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის სახით, დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და ავსტრალიის მიერაა გაყინული. ამ აქტივების ორ მესამედზე მეტი ევროკავშირში ინახება.

დაფინანსება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ახლა, როდესაც უკრაინა არტილერიის დეფიციტს განიცდის. დაახლოებით $60 მილიარდის დახმარება კი, რომელსაც უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ელოდება, კონგრესში ბლოკირებულია. პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაცია G-7-ის მოკავშირეებს მოუწოდებს, სრულად ჩამოართვან რუსეთს აქტივები, და სურს იხილოს წინსვლა ამ საკითხში ივნისში დაგეგმილ ლიდერთა სამიტამდე. მიუხედავად ამისა, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან ევროპის ცალკეული ქვეყნები, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, ასევე ევროპის ცენტრალური ბანკი თავს იკავებენ.

ევროკავშირის კანონპროექტით, 15 თებერვლიდან გამომუშავებული შემოსავლების წილი, ყოველ ორ წელიწადში, სანქციების გაუქმებამდე ევროკავშირს გადაეცემა. თანხები თავდაპირველად „ევროკავშირის სამშვიდობო მექანიზმისა“ და ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინული განყოფილებისთვის იქნება განკუთვნილი. 15 თებერვლამდე გამომუშავებული მოგება დროებით შენარჩუნდება, თუმცა სამომავლოდ, არაუგვიანეს ხუთწლიან ვადაში, ევროკავშირში გადაირიცხება.