ჩინური EHang-ის მფრინავი ტაქსები Taobao-ზე იყიდება

ჩინური EHang-ის მფრინავი ტაქსები Taobao-ზე იყიდება

ჩინური კომპანია EHang Holidings-ი მის მიერ წარმოებულ EH216-S მოდელის მფრინავ ტაქსებს Taobao-ზე ყიდის. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე მოდელის ღირებულება 2.39 მილიონი იუანია ($332,060).

EHang-მა ჩინეთის საავიაციო ორგანიზაციისგან უსაფრთხოების სერტიფიკატი ოქტომბერში მიიღო. სერტიფიკატის მიღება კომპანიისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავების კომერციალიზაციისთვის. ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, EHang-ის 216-S მოდელი ორი მგზავრის გადასაყვანადაა განკუთვნილი – 130 კილომეტრი საათის სიჩქარით, მაქსიმუმ 30 კილომეტრის მანძილზე.

Taobao-ს ონლაინსავაჭრო პლატფორმაზე, რომელიც Alibaba-ს საკუთრებაშია, მოდელის რეკლამირებისთვის აღწერაში მითითებულია: „ინოვაციური გადაწყვეტა ურბანული ტრანსპორტისთვის“. EHang-ის მფრინავი ტაქსები 1.93 მეტრის სიმაღლის და 5.73 მეტრის სიგანისაა, მაქსიმუმი ასაფრენი წონა 620 კილოგრამია, რაც სატრანსპორტო საშუალებისთვის მოკლე და საშუალო მანძილზე ეფექტიან გადაადგილებას უზრუნველყოფს. EH216-S-ი ელექტროენერგიაზე მუშაობს და სრულად ორ საათში იმუხტება.

კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, EHang-ის მგზავრთა გადამყვანი უპილოტო საფრენი ელექტროაპარატების (UAVs) ძირითადი მახასიათებლები მოიცავს: უსაფრთხოების სრულ სარეზერვო დიზაინს, უპილოტო ოპერაციებს და ცენტრალიზებულ მართვას, რომელიც ინტელექტუალური მართვისა და კონტროლის ცენტრის საშუალებით ფუნქციონირებს.  EHang-ის მართვისა და კონტროლის ცენტრი უზრუნველყოფს მფრინავი ტაქსების ფრენების მონიტორინგს, დისპეტჩერიზაციას, კონტროლს, ადრეულ გაფრთხილებასა და ცენტრალიზებულ მართვას.