EU-მ უკრაინას ადგილობრივად წარმოებული დრონების შესყიდვისთვის €1.24 მილიარდი გამოუყო

EU-მ უკრაინას ადგილობრივად წარმოებული დრონების შესყიდვისთვის €1.24 მილიარდი გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას დახმარების სახით დამატებით €1.24 მილიარდი გამოუყო. თანხა უკრაინის მიერ ადგილობრივად წარმოებული დრონების, დრონების საწინააღმდეგო სისტემების, ასევე დრონებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და სხვა შეიარაღების შესყიდვას მოხმარდება.

უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფის შესახებ ევროკომისიამ ორშაბათს განაცხადა. დაფინანსების მიზანი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება და ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული ინტენსიური საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდაა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებით, დაფინანსება უკრაინას „მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში“ დაეხმარება. „დღევანდელი დაფინანსება უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, სერჰი კორეცკიმ, და განაცხადა, რომ დაფინანსება ქვეყნის „გადაუდებელ თავდაცვით საჭიროებებს“ მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ €1.24 მილიარდის დაფინანსება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შექმნილი €90-მილიარდიანი Ukraine Support Loan-ის ნაწილია. შეთანხმების პირობებით, უკრაინამ ეს თანხა 2026-2027 წლებში უნდა მიიღოს. ამ თანხის დაახლოებით ორი მესამედი უკრაინის სამხედრო და თავდაცვის საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი. ევროკომისიის გეგმით, მხოლოდ 2026 წელს უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად €28.3 მილიარდი უნდა გამოიყოს.