ფოტო: Getty Images
Samsung Electronics-ის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია მესამე კვარტალში შემოსავლების თითქმის ცხრაჯერ ზრდას ელოდება, რაც ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნამ და მეხსიერების ჩიპების გაყიდვების მატებამ განაპირობა.
მეხსიერების ჩიპების მწარმოებელმა მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ ივლისი-სექტემბრის პერიოდისთვის $80.17 მილიარდის ოდენობის საოპერაციო მოგება ივარაუდა, რაც LSEG-ის ნავარაუდევ $79 მილიარდს აღემატება და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
უკვე ზედიზედ მეოთხე კვარტალია, რაც Samsung-ის საოპერაციო მოგება რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ეს ხაზს უსვამს მეხსიერების ჩიპების გლობალური დეფიციტის გაღრმავებას, რადგან AI-ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები მიწოდების ზრდას უსწრებს, რამაც ჩიპების ფასების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.
Samsung-ი და Micron-ი ვარაუდობენ, რომ ეს დისბალანსი 2028 წლამდე შენარჩუნდება, თუმცა ჩინური კონკურენცია და AI-სთან დაკავშირებული ხარჯების შესაძლო შემცირება გრძელვადიანი შემოსავლების პერსპექტივისთვის რისკს ქმნის.
მიუხედავად მორიგი რეკორდული მოგების დაფიქსირებისა, Samsung-ის აქციების ფასი სტაბილური დარჩა. მეტიც, ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, კომპანიის აქციების ფასი 25%-ით დაეცა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მეოთხე კვარტალში მოგება წინა კვარტალთან შედარებით 8,2%-ით გაიზრდება. ზრდის ტემპი შენელდება მესამე კვარტალში დაფიქსირებულ 20%-იან მაჩვენებელთან შედარებით, რადგან ჩიპების ფასების მატება ნელდება.
Samsung-ის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ კომპანიის შემოსავალი მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 127%-ით გაიზრდება და $145 მილიარდს მიაღწევს.












