Evergrande-ის სავალო კრიზისი: 5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ჩინური კომპანიის პრობლემის შესახებ

Evergrande-ის სავალო კრიზისი: 5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ჩინური კომპანიის პრობლემის შესახებ

გასული კვირების განმავლობაში ინფორმაციამ ჩინური კონგლომერატის Evergrande-ს შესახებ თითქმის ყველა მთავარი ფინანსური ჟურნალის პირველი გვერდები დაიკავა. როგორც ჩანს, ასტრონომიული მოცულობის ვალის გამო კომპანია გაკოტრების პირასაა. აღნიშნულ სტატიაში Forbes Georgia-მ ყველა იმ მნიშვნელოვან ფაქტს მოუყარა თავი, რაც ჩინური კომპანიისა და მისი პრობლემის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

რა არის Evergrande?

Evergrande-ი უძრავი ქონების უმსხვილესი დეველოპერი კომპანიაა ჩინეთში. გარდა ამისა, ის მსოფლიოს 500 ყველაზე მსხვილი კომპანიის რეიტინგშიც შედის, რაც მას შემოსავლებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ბიზნესად აქცევს. Evergrande-ს 200,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

როგორ წარმოიშვა პრობლემა?

გასული წლების განმავლობაში, საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად, ჩინური კომპანია სხვადასხვა ინსტიტუტისგან ფულს სესხულობდა, რის გამოც მისი ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად, Evergrande-ი ჩინეთში ყველაზე დიდი ვალის მქონე კომპანიად იქცა – 300 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დავალიანებით.

კომპანიამ ინვესტორებს განუცხადა, რომ ინვესტიციებისა და ფულის მასების შედინების გარეშე, კომპანია გაკოტრდებოდა.

როგორ აპირებს კომპანია აღნიშნული სიტუაციიდან  თავის დაღწევას?

კომპანიამ სიტუაციიდან გამოსასვლელად ფინანსური მრჩევლების გუნდი დაიქირავა და მათ ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა დაავალა. გარდა ამისა, ის დამატებითი სახსრების მოზიდვას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

ასევე კრახით დასრულდა კომპანიის მიერ 2015 წელს ჰონგ-კონგში 1.6 მილიარდ აშშ დოლარად შეძენილი ოფისის გაყიდვის მცდელობაც.

როგორ რეაგირებენ ამ ყველაფერზე ინვესტორები?

კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღები ჩინეთის ქუჩებში ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. თუმცა, ინვესტორებმა და კომპანიის აქციათა მფლობელებმა სავალალო სიტუაცია ბევრად ადრე შეამჩნიეს. მიმდინარე წელს კომპანიის აქციათა ფასები 80%-ით შემცირდა. ეს კი განსაკუთრებით საგრძნობია იმ ფონზე, როდესაც ჩინეთში კერძო კომპანიებს მთავრობის მხრიდან დიდი პრობლემები ექმნებათ.

რა იქნება შემდეგ?

ანალიტიკოსების მოსაზრებით, კომპანიის პრობლემის მოგვარების საკითხში მთავრობა მალე ჩაერევა. იმისდა მიუხედავად, რომ ისინი ამჟამად სიმშვიდეს ინარჩუნებენ, საკითხს თვალყურს მაინც ადევნებენ.

ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, კომპანიის გადარჩენის ნებისმიერი მცდელობა  დაგვიანებულია და მისი გაკოტრება გარდაუვალი პროცესია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *